კახა ბენდუქიძე - გიორგი მარგველაშვილის ადგილას გადავდგებოდი

კახა ბენდუქიძე - გიორგი მარგველაშვილის ადგილას გადავდგებოდი

"თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე განათლების მინისტრს "სამარცხვინო ადამიანს" უწოდებს .

როგორც კახა ბენდუქიძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით იცრუა. "გიორგი, შენ ხარ სამარცხვინო ადამიანი, მატყუარა, შენს ადგილას გადავდგებოდი. ასეთი ტყუილები და უხარისხო მუშაობა არ შეიძლება იყოს განათლების სამინისტროში. მე მრცხვენია, რომ ვიცნობდი მას და კარგი ურთიერთობა მქონდა", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

მისივე თქმით, ბრალდება სტუდენტების უფლებების შელახვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, სტუდენტების გარიცხვა კი სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით არასოდეს მომხდარა.
"თუ სტუდენტებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, შინაგანაწესში რაც უნდა ჩავწერო, ეს ხომ ისედაც ბათილია?! ის 609 სტუდენტი, ვინც გაირიცხა ამ წლების განმავლობაში, არიან სტუდენტები, რომლებმაც არ ისწავლეს და ერთ სემესტრში 6-დან 5 გამოცდა ვერ ჩააბარეს. დღესაც არიან სტუდენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს გადახდა, თუმცა, მათ შევთავაზეთ ბიბლიოთეკის გადახარისხებაში მუშაობა, თვეში 200 ლარს ვაძლევთ და მათ აქვთ საშუალება, გადაიხადონ სწავლის საფასური", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

მისივე თქმით, განათლების მინისტრს ეტყობა, რომ კანონმდებლობა არ იცის, რადგან გადავადებული ავტორიზაციის ჩამორთმევა არ არსებობს და ეს სამინისტრომ თავის გასამართლებლად მოიგონა. "პირობიანი ავტორიზაციის ჩამორთმევა არ არსებობს. მინისტრი მიხვდა, რომ ხათაბალაში გაეხვია ჩემთან ბრძოლის პროცესში. აგრარულ უნივერსიტეტს ერთი ყველაზე მსხვილი, 187 კილო ხარვეზი აქვს და მე ვარ ეს მთავარი ხარვეზი. რასაც გვედავებიან, ისეთი სიმართლით იარონ მთელი ცხოვრება მინისტრმაც, ყურაშვილმაც, ვინც შემოწმება ჩაატარა მათაც და პირდაპირ ჯოჯოხეთში წავლენ", - განაცხადა ბენდუქიძემ.

მისივე თქმით, პროცესი "პოლიტიკურად მოტივირებულია და მუდმივად არსებობს საგანმანათლებლო სივრციდან მისი გარიცხვის მცდელობა".