„წარმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი მე არ მომისმენია, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ“, - განუცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ გეგმასთან დაკავშირებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მუნიციპალური სამსახურების გაფიცვას დააორგანიზებენ.
კახა კალაძის თქმით, ამომრჩეველს დასკვნები გამოაქვს პოლიტიკოსის საუბრიდან და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა და რეიტინგი არ აქვთ.
„წარმოუდგენელია, ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ადამიანების მხარდაჭერა, რომელთაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამით ახორციელებს, უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ის ძირგამომპალი ყვითელი ავტობუსები, რომლებიც ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას, იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა.
წარმოუდგენელია, ამ ტიპის განცხადებები, იმდენად აბსურდულია. ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო ყველაფერი - გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო. საზოგადოებას ხომ გამოაქვს დასკვნა პოლიტიკოსის საუბრიდან.
ამიტომ, შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი და მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში. ჩვეულებრივი მოძალადეები არიან და 4 ოქტომბერს ამომრჩეველი ყველას შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.