რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
„ეს ინციდენტი არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეხება. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ აღმაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ცოტა ხნის წინ. ეს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების უფრო ფართო სქემის ნაწილია.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.