აგრარული უნივერსიტეტი სამართლებრივ პროცედურებს მიმართავს, რათა დაამტკიცოს, რომ ავტორიზაციის ჩამორთმევა საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისივე თქმით, საბჭოს შესთავაზა, რომ უნივერსიტეტისთვის მიეცათ გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუმცა თანხმობა ვერ მიიღეს. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საუბარია ტექნიკურ ხარვეზებზე, რომელსაც განათლების ხარისხთან კავშირი არ აქვს. "ჩვენი ჯგუფი უკვე მუშაობს იმ უზუსტობების აღმოფხვრაზე, რაც არსებობს", - განაცხადა გოცირიძემ.
მინისტრის შეცდომაში შეყვანაზე საუბრობს "თავისუფალი უნივერსიტეტის" კანცლერი ვახტანგ ლეჟავა. მისი თქმით, საბჭოს ჰქონდა დისკრეცია, უნივერსიტეტისთვის 15 დღიანი ვადა მიეცა, თუმცა ამის მიუხედავად ცალსახა გადაწყვეტილება მიიღო.
"ავტორიზაციის ხელახლა მოპოვების პროცედურებს შეიძლება დასჭირდეს სამი თვე და ახალი თაობის სტუდენტები აგრარულმა უნივერსიტეტმა ვერ მიიღოს. კანონით მინიჭებული ყველა დისკრეცია აქამდე მხოლოდ უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს და ვიმედოვნებთ, მომავალში გადაწყვეტილებები მიიღება სტუდენტების სასარგებლოდ", - აღნიშნა ლეჟავამ.