აგრარულ უნივერსიტეტთან მიმართებაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მასთან კახა ბენდუქიძეა დაკავშირებული, თუ ვინმე სხვა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი შეფასებით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის საკითხზე საუბრისას არსებითად სამსჯელოა, რამდენად აკმაყოფილებდა ის დადგენილ სტანდარტებსა და პირობებს. დეპუტატის თქმით, ანალოგიური სტანდარტები ყველა უმაღლესი სასწავლებლის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს და თუკი რომელიმე მათგანი დადგენილ პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, იგივე გადაწყვეტილების მიღება მოხდეს, "იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას ამა თუ იმ სასწავლების უკან, გვერდით თუ ჩრდილში".
აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით ბესელია პირადადაც დაინტერტესდა. დეპუტატის ინფორმაციით, უნივერსიტეტი ავტორიზაციას მაშინვე მიიღებს, როგორც კი შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება სტუდენტებს, ბესელიას თქმით, მათ წლის ბოლომდე სწავლის გაგრძელების საშუალება ექნებათ.
"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება ავტომატურ რეჟიმში სწავლის შეწყვეტას არ იწვევს. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სტუდენტები სწავლას წლის ბოლომდე გააგრძელებენ, ხოლო როგორც კი იმ სტანდარტების გაუმჯობესება მოხდება, რაც უნივერსიტეტის ავტორიზაციისთვისაა დადგენილი, მაშინვე შესაძლებელი იქნება ავტორიზაციის აღდგენა. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა დამოკიდებულია იმ პირობებსა და სტანდარტებზე, რომელსაც უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს და ამის დაკავშირება რაიმე პოლიტიკურ მოტივთან, არ მიმაჩნია, სწორად. მით უფრო, როგორც განხილვისას ითქვა, თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ დარღვევები იყო", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.