სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, პრობაციის თერთმეტივე ბიუროში ჩატარებული შიდა უწყებრივი არაგეგმური შემოწმების შედეგად არაერთი დარღვევა გამოვლინდა.
სასჯელაღსრულებიოს სამინისტროს ინფორმაციით, შესწავლილი 2174 დაარქივებული სააღსრულებო საქმიდან 1014 საქმე პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე იყო დასრულებული, ხოლო 1160 სააღსრულებო საქმეზე პირობით მსჯავრდებულებს, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ჰქონდათ გამოსაცდელი ვადა შემცირებული.
"შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დასრულებული საქმეებიდან 14 პირობით მსჯავრდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის გაგრძელებისა და ძებნის გამოცხადების თაობაზე პრობაციის შესაბამისი ბიურო სასამართლოში წარდგინებით იყო შესული. გარდა ამისა, კომისიის მიერ გათავისუფლებულ 123 პირობით მსჯავრდებულს უფიქსირდებოდა არასაპატიო გაცდენები", - აცხადებს გიგა გიორგაძე.
მინისტრის მოადგილის თქმით, იმ პირობით მსჯავრდებულებიდან, რომელთაც სასამართლოს განჩინებით გამოსაცდელი ვადა შეუმცირდათ, 10 მათგანის მიმართ პრობაციის შესაბამისი ბიურო გამოსაცდელი ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოში წარდგინებით იყო შესული, ხოლო 129 პირობით მსჯავრდებულს არასაპატიო გაცდენები ჰქონდა.
გიგა გიორგაძე გამოვლენილი დარღვევებიდან რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს ასახელებს: კერძოდ, პირობით მსჯავრდებულ ა.ტ-ს, შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, გამოსაცდელი ვადა 1 წლით ჰქონდა გაგრძელებული. თუმცა, მოგვიანებით, ამავე პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, მუდმივმოქმედმა კომისიამ ა.ტ-ს პირობითი მსჯავრი გაუუქმა და ნასამართლეობა მოუხსნა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პირობით მსჯავრდებული თ. თ-ს, ერთი წლის განმავლობაში სამი არასაპატიო გაცდენის გამო, ჯარიმები ჰქონდა დაკისრებული. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დარღვევიდან მხოლოდ სამი თვე იყო გასული, პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, მუდმივმოქმედმა კომისიამ მას პირობითი მსჯავრი ვადაზე ადრე გაუუქმა და ნასამართლეობა მოუხსნა.
მისივე განცხადებით, ანალოგიურ დარღვევებს შეიცავდა ა.გ-სა და ს.ნ-სთვის პირობითი მსჯავრის შემცირების თაობაზე, პრობაციის ბიუროების მიერ სასამართლოში შეტანილი წარდგინებებიც.