რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსული ინტერნეტფორუმების განხილვის მთავარი თემაა. ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა პოლიტ-ეკონომიკურ „მარწუხებში“რუსეთის მოქცევის წინააღმდეგია, აზრთა სხვადასხვაობაა რუსულ საექსპერტო წრეებშიც... ქართულმა მხარემ შევიცარიის მხარეს უკვე მისცა თანხმობა, ჯერი - რუსეთზეა... ამ სიტუაციაში ყველაზე კმაყოფილი შეერთებული შტატები ჩანს.... ჩამოიშლება თუ არა რუსული ეკონომიკა და დაიჭერენ თუ არა საქართველოში იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ქართული პროდუქციის გატანას შეეცდებიან?
რუსული სააგენტოს „რია ნოვოსტის“ თბილისის ოფისში საინტერესო ვიდეოხიდი შედგა. რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა მსო-ში ორი ქვეყნის გაერთიანების პლიუსებსა და მინუსებზე იმსჯელეს...
„დათანხმდება თუ არა რუსეთი, რომ საერთაშორისო მონიტორებმა განახორციელონ რუსეთ-საქართველოს საზღვრების გაკონტროლება - მე ამ საკითხს ჯერ წერტილს არ დავუსვამდი. იმედი ვიქონიოთ, რომ კომპრომისი გამოინახება... პირველ რიგში, საქართველოს სჭირდება მსო და არა - რუსეთს... ვიდრე სააკაშვილია საქართველოს პრეზიდენტი, არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დათმობაზე წავა, ანუ იგი არ შევა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“, - განაცხადა რუსეთის პოლიტიკური კონიუქტურის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მიხეევმა „რია ნოვოსტის“ ოფისში...
მან, გარკვეულწილად, პასუხი გასცა როგორც თავის რუს კოლეგას, ალექსანდრე კარავაევს, ასევე - ქართველ დეპუტატს, პეტრე მამრაძეს, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ რუსული მხარე, სააკაშვილის თანხმობის შემდეგ, თავადაც დათანხმდება მსო-ში გაწევრიანებას... შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის სატელევიზიო განცხადების თანახმად, რუსულმა მხარემ უახლოეს საათებში უნდა თქვას - თანახმაა თუ არა შევიცარიული მხარის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე... თუმცა აქვე კაპანაძე იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრების გაკონტროლება საერთაშორისო მონიტორების მრიდან, სწორედ პუტინ-მედვედევისგან წამოსული წინადადებაა.
ალექსანდრე კარავაევი, რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე: „დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ ისტორიულად, როცა ქვეყნებს შორის საომარი მდგომარეობაა, ვაჭრები მაინც ინარჩუნებენ ერთმანეთთან კონტაქტს. 2008 წელს სამწუხარო საომარი სიტუაცია იყო საქართველოსა და რუსეთს შორის და მსო-ში რუსეთის გაწევრიანება კიდევ უფრო პოლიტიზირებული საკითხი გახდა. 10-11 ნოემბერს ჟენევაში ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრა უკვე ვეღარ შედგებოდა, თუ რაიმე კონკრეტული წინადადება არ იქნებოდა.... ახლა უკვე აზრი აქვს სხდომის გამართვას. თანაც დეკემბრის შუა რიცხვებში მსო-ის მინისტერიალი იმართება...
ვფიქრობ, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული სიტუაციისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, აქამდე, ჩემი აზრით, გაფლანგული და დაკარგული სავაჭრო ურთიერთობები აუცილებლად განვითარდება“.
პეტრე მამრაძე, დეპუტატი: „მტერი არ მოიქცევა ისე, როგორც სააკაშვილი ექცევა ქართულ ნაციონალურ ინტერესებს. პირადად სააკაშვილი იყო წინააღმდეგი, რუსეთი არ შესულიყო მსო-ში. არადა, საქართველოს თავისი თანხმობით შეეძლო, უფრო მეტი მოგება მიეღო, ვიდრე ახლა მიიღებს. აქ უფრო ის მოხდა, რომ დასავლეთმა დაკარგა მოთმინება. კულუარული ინფორმაციებით - სააკაშვილს მკაცრად უთხრეს, რომ თუ არ დათანხმდებოდა, რუსეთი ისედაც გაწევრიანდებოდა ამ ორგანიზაციაში გეგმა „ბ“-ს საშუალებით. ვნახოთ, როგორი რეაგირება ექნება რუსეთის მხარეს. იმედს ვიტოვებ, რომ დათანხმდება და ამ ორგანიზაციის წევრი გახდება“.
სააგენტო „პირველი“ ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს ავრცელებს. პარტია გენადი სემიგინი, "რუსეთის პატრიოტების" ლიდერი: "ვთვლით, რომ არ ღირს, ჩვენმა ქვეყანამ იჩქაროს მსო-ში გაწევრიანება. უპირველესად აუცილებელია, ჩვენი ეკონომიკა ენერგიულად განვავითაროთ იმისთვის, რათა მსო-ში ჩვენი ხილვა სურდეთ და იქ დაჟინებით გვიწვევდნენ. აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მრავალწლიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას, რუსეთი წამყვან მსოფლიო დერჟავებთან მთელ რიგ დათმობებზე უკვე წავიდა და შვეიცარიული მხარის მიერ მომზადებული წინადადება მიუღებელია".
ვაი - რუსეთისთვის...
როგორც უკვე ვთქვით, მსო-ში გაწევრიანებსთან დაკავშირებით ძალიან დიდი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რუსულ მოსახლეობას. ინტერნეტ-ფორუმების იუზერებისა თუ ბლოგერების უმრავლესობა, სწორედაც რომ „დერჟავულ“ განწყობებს ვერ თმობს და თვლიან, რომ დანარჩენი მსოფლიო მათ რაღაც-რაღაცეებს უკარნახებს, მარწუხებში მოაქცევს, ვეღარ იქნებიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ავანგარდში... ერთი სიტყვით, რუსული ფორუმების ძირითადი მოსაზრება არის ის, რომ რუსეთი უფრო წააგებს, ვიდრე - მოიგებს.
ინტერნეტ-ფორუმების განწყობას რუსი ექსპერტებიც ინარჩუნებენ. მაგალითად, რუსეთის გლობალიზაციის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორის, მიხეილ დელიაგინის აზრით, "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთისთვის რევოლუციით დასრულდება". ამის შესახებ მან "Экспресс-газета"-სთან საუბრისას განაცხადა და ქართულმა სააგენტომ გაავრცელა..
"უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგობას წევდა - საქართველო ევროკავშირის მკაცრი ზეწოლის შედეგად რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას დათანხმდა. ეს "სიმღერა" 18 წელი გრძელდებოდა. ყოველთვის მოიძებნდებოდა სახელმწიფო, რომელიც რაღაცით უკმაყოფილო იყო ჩვენს ეკონომიკურ რეალობაში, პირველ რიგში კი - ჩვენი სამამულო წარმოებით. საბოლოოდ, უკანასკნელი ბასტიონი დაეცა:.. ასე რომ, თუ ყველაფერი გამოვა და 15-17 დეკემბერს მსო-ის გენერალური საბჭო რუსეთის გაწევრიანებას დაეთანხმება, ქვეყანა უზარმაზარი ნაბიჯებით შევა ნათელ მომავალში.
მსხვილი რუსი ბიზნესმენებისთვის მსო-ში გაწევრიანება იმის საშუალებაა, რომ დასავლეთისგან ჩვენი ბიუროკრატიის წინააღმდეგ მხარდაჭერა მიიღონ. ამასთან, დასავლეთი რუსეთისგან თავისი ბაზრის ინტეგრირებულ დაცვაზე უარს იღებს. გლობალური ეკონომიკური დეპრესიის პირობებში, როდესაც ყველა პროტექციონიზმის განვითარებითაა დაკავებული, დასავლეთის ეს უზარმაზარი საჩუქარი პირველ რიგში, ევროკავშირისთვისაა განკუთვნილი. რუსეთი დღეს ერთადერთი ადგილია, სადაც მაღალი შემოსავლის გარანტირებულად მიღებაა შესაძლებელი.
ჩვენ მათ ვკვებავთ და მომავალშიც გამოვკვებავთ. როდესაც სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მკვეთრი შემცირება დაიწყება, დაიშლება ის, რაც ჯერჯერობით არსებობს. იქმნება ეროვნული ეკონომიკის დაცვის გაძლიერების ობიექტური საჭიროება პროტექციონალური ზომების გამოყენებით, მათი განხორციელება კი - არ შეიძლება. შედეგად, ჩამოგვეშლება მანქანათმშენებლობა, ქიმია და ყველა სხვა არანედლეული დარგი", - მიიჩნევს მიხეილ დელიაგინი.
"ეს ყველაფერი უკვე მოხდა ყირგიზეთში, რომელიც მსო-ში კაბალურ პირობებში გაწევრიანდა და ჩინურმა ესპორტმა მისი ეკონომიკა უბრალოდ ჩარეცხა“. „პრეზიდენტი აკაევი ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა. მაშინ ყირგიზეთის ნებისმიერ სოფელში რამდენიმე საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები ჩასხდნენ და მოსახლეობისთვის ფულის სულელურად დარიგება დაიწყეს. როდესაც ფული დამთავრდა, ყირგიზეთი რევოლუციის ქაოსში ჩაეფლო. რუსეთის მსო-ში გაწევრიანება ჩვენ ყირგიზეთის გზაზე დაგვაყენებს", - აცხადებს ექსპერტი.
ამ თემაზე „რია-ნოვოსტის“ ოფისშიც დაისვა კითხვა რუსი ჟურნალისტის მხრიდან, რაზეც ალექსანდრ კარავაევმა ასეთი პასუხი გასცა: „რაში გვჭირდება მსო? ამ კითხვას 2002 წელს, ჩინეთში ვიზიტისას პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან კარგი პასუხი გასცა. მან თქვა: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არც აბსოლუტური სიკეთეა და არც აბსოლუტური ბოროტება. მსო ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც უნდა ისწავლო“.
კი, ბატონო, ჩვენი უფლებაა შევიდეთ, ან არ შევიდეთ მსო-ში, ან ვიყოთ ან არ ვიყოთ ჩართული საერთაშორისო ბრუნვაში. ჩვენ შეგვიძლია, გამოვუშვათ და გავყიდოთ თვითმფრინავები, მანქანები, მაგრამ მსო-ს რომელიმე წევრი ქვეყნის შიდა ბაზარზე შევიდეთ - ეს შეუძლებელია, თუ არ ვართ ამ ორგანიზაციის წევრი. ამაზე ოცნებაც კი შეუძლებელია“.
ასეთია რუსული განწყობები ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა, დღეს ან ხვალ უკვე რუსეთის ორმა მმართველმა უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას - დასრულდება თუ არა 18-წლიანი „სიმღერა ვეტეოზე“. სავარაუდოდ, თანხმობა იქნება, თუ პუტინმა ამ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლა და, თუ განსხვავებულ მმართველობას შესთავაზებს მსოფლიოს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
მედვედევისთვის კი, როგორც „რია ნოვოსტის“ ვიდეოხიდის დროს ანდრეი მიხეევმა განაცხადა, ამდენწლიანი აჟიოტაჟის შემდეგ მსო-ში რუსეთის გაწევრიანება სწორედაც რომ წარმატებული საპრეზიდენტო დასასრული იქნება. ამას, მიხეევისვე განცხადებით, ამერიკელები, გარკვეულწილად, ფაქტობრივი პრეზიდენტისთვის აკეთებენ და ქულებს უწერენ.. ახლა ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ...
უი - საქართველოსთვის...
თუ რუსეთისთვის კვლავ პრობლემად რჩება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მარწუხები, საქართველოსთვის, რომლისთვისაც ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრით, სწორედაც რომ სასარგებლო ნაბიჯი იდგმება, კვლავ ძალაშია მთავარი კითხვა - მსო-ში გაწევრიანებით რუსეთის, მართლაც ავტომატურად დაბრუნდება თუ არა ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე?
ამ ორგანიზაციის წესდებაში ეს პირდაპირ არის მითითებული, თუმცა აქვე ისიც წერია, რომ ბაზარზე დაბრუნება ხარისხიან პროდუქციას შეუძლია... რუსეთმა კი ქართულ პროდუქციაზე ემბარგო სწორედაც რომ უხრისხობის გამო დააწესა, რა თქმა უნდა - ოფიციალურად... თუმცა, რუსული ემბარგო იმდენად სწორი არგუმენტითაა გამყარებული (თანაც, რუსულმა მხარემ ქართულ პროდუქციაზე ემბარგო 2008 წლის ომამდე დაადო) საქართველოს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ამ ემბარგოს თემის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აღიარების მიღწევა თუ, რა თქმა უნდა, ნაციონალურ ხელისუფლებაში ამის სურვილი ვინმეს აქვს, რაშიც ქართულ ოპოზიციას ძალიან დიდი ეჭვი ეპარება.
მოკლედ, იქნება თუ არა მსო-ში რუსეთის გაწევრიანება წინგადადგმული ერთი ნაბიჯი ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის - პრესაგე.ტვ-ს მიერ დასმულმა ამ კითხვამ ვიდეოხიდი, გარკვეულწილად, „გამოაცოცხლა“.
კახა კუკავა: „ქართული პროდუქციის შეტანაზე უნდა გაეკეთებინა ქართულ მხარეს აქცენტი. ქართველების 50% სწორედ იმაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა საზღვრები. ეს უნდა მოეთხოვა ქართულ მხარეს და არა - რაღაც ვირტუალური ფირმის წარმომადგენლების გაგზავნა საზღვარზე, ანაც ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც ისედაც საჯაროა და რუსეთის საბაჟო სამსახურის საიტზე დევს. როგორც ყოველთვის, საქართველოს ხელისუფლება იქცევა არა ისე, როგორც ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება, არმედ ისე - რასაც ამერიკა ეუბნება“.
მისივე თქმით, სააკაშვილმა ჯერ კიდევ 10 ივნისს, ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს, თქვა საბოლოო თანხმობა, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას ხელს აღარ შეუშლიდა. კუკავა: „საქართველოს ვეტო - სუფთა ფარსია. მსო არის რუსულ-ამერიკული პოლიტიკური ისტორიაა... ისტორიის ბოლოს, საქართველოს მკვეთრად უთხრეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს“...
ალექსანდრ კარავაევი: „ამერიკული მხარე ყოველთვის ახორციელებდა ზეწოლას ქართულ მხარეზე. მათ ყოველთვის უნდოდათ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა დარეგულირებულიყო. უკვე დროა, დასრულდეს ეს ომი. შეერთებულმა შტატებმა ნიშანი მისცა საქართველოს. რუსეთში ქართული პროდუქციის დაბრუნების საკითხი, ვფიქრობ, გადაწყდება, რადგან ავტომატურად უნდა გაიხსნას საზღვრები, როცა მსო-ში გავწევრიანდებით. თუ ვინმეს ხარისხთან დაკავშირებით ექნება პრობლემა, შეუძლია, სასამართლოში იჩივლოს“.
სერგეი მიხეევი:“მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დიდი ხანია არ ცხოვრობს იმ წესებით, რომლებიც დეკლარირებული აქვს. როგორი იქნება პოლიტიკური სიტუაცია, ეს არის მთავარი და არა ის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა.
კუკავა: „ქართული მხარის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, კომიკური სიტუაციაა და ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მთავარი მოწინააღმდეგე, სწორედაც რომ საქართველოს ხელისუფლებაა. პრეზიდენტი კანადაში ეძებს გასაღების ბაზარს, სადაც 20 ათასი ბოთლის გატანა შეიძლება, ამ დროს არაფერს აკეთებს 40-მილიონიანი ბაზრის დაბრუნებისთვის. ჩვენ ვდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ მთავარი ბარიერი ქართული მხარეა. საბოლოო ჯამში, შეიძლება, რომელიმე ბიზნესმენი თუ თანახმა იქნება, გაიტანოს თავისი პროდუქცია რუსეთში, მას მაშინვე საგადასახადო ინსპექცია დაადგება თავზე, დაიჭერენ, ან რუსეთის აგენტად მონათლავენ...
თქვენ ოპოზიციონრი ხართ და თუნდაც ონიშენკოსთან შეხვედრებით რას მიაღწევთ, როცა ამბობთ, რომ ვინც პროდუქციის რუსეთში გატანას შეეცდება, მას დაიჭერენ?
- ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მაინც და გავაგრძელებთ მუშაობას... არიან ადამიანები, რომლებიც თანახმა არიან, ოღონდ საზღვარი გაიხსნას და, თავისი პროდუქცია გაიტანონ რუსულ ბაზარზე“.
მოკლედ, ასეთია ქართული და რუსული შიშები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, ეს ის თემაა, რომელიც უკვე აფხაზური პროტესტის მიზეზიც გახდა. მართალია, მამრაძის თქმისა არ იყოს, სააკაშვილმა უკვე გააპიარა ქართული თანხმობა შემდეგი ტექსტით - რუსეთმა აღიარა, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს საკუთრებააო, მაგრამ აფხაზები, როგორც ჩანს, სწორედაც რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გაწევენ შვეიცარული წინადადების რუსული მხარის მიერ მიღებას.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიული მხარის ე.წ. კომპრომისული წინადადების გაზიარების შემთხვევაში აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე მონიტორინგს შვეიცარიის კონფედერაცია განახორციელებს. აი, რა კომენტარს ავრცელებს სააგენტო “პირველი“:
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, "აფხაზეთი საკუთარ მხარეს არანაირ დამკვირვებლებს არ დაუშვებს". "ეს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა იქნება", - განაცხადა ჩირიკბამ. მისივე თქმით, "აფხაზეთი საკუთარ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც რუსეთის პოზიცია გახდება ნათელი".
შესაბამისად, მიუხედავად ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან გამოთქმული აზრისა, რომ რუსეთი თავისი ინიციატივით გაჟღერებულ შვეიცარულ წინადადებას წესით, უნდა დაეთანხმოს, შესაძლოა, სწორედაც რომ საპირისპირო სურათი მივიღოთ და რუსულმა ტანდემმა თავისი გადაწყვეტილება აფხაზური უკმაყოფილებით გაამართლოს, ანუ უარი თქვას.
ჯერჯერობით, ფაქტი ისაა, რომ მხოლოდ შეერთებული შტატებია კმაყოფილი ქართული თანხმობით და ობამას მიერ ერთი წლის წინ მედვედევისთვის მიცემული პირობის (რუსეთი გახდება მსო-ის წევრიო) სააკაშვილისეული შესრულებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი: "ვაშინგტონი შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე ქართულ-რუსული მოლაპარაკებებით კმაყოფილია... მოლაპარაკებები არ დასრულებულა, რადგან რუსულ მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ შვეიცარიული ვარიანტი მოსკოვისთვის მისაღები იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა, ამავდროულად, ყველა საბაჟო და სასაზღვრო საკითხი უნდა მოგვარდეს“.
დემურ გიორხელიძე: „რუსეთი შეიძლება არ დათანხმდეს მსო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ამით ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს თავის პარტნიორებს - აშშ-სა და დასავლეთს.. რუსეთს, რა თქმა უნდა, ჩვენს გარეშეც მიიღებენ, მაგრამ ყველას უნდა ჩვენს შორის ურთიერთობების დალაგება. ასეთი ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ბევრი მაგალითი გვაქვს, საუკუნეების მანძილზე როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ქვეყნები, მაგრამ ახლა თანამშრომლობენ“...
ერთი სიტყვით, ჯერი რუსეთზეა და ვნახოთ, რა ტიპის თამაშს შესთავაზებენ მსოფლიოს მედვედევი-პუტინი. ერთი უდავოა - ეს იქნება იმ ტიპის თამაში, რომელიც პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, აუცილებლად „დაკანონდება“, როგორც რუსული პოლიტიკის მთავარი სტილი დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობაში სხვადასხვა პრობლემურ თემებთან დაკავშირებით...