საქართველოს „პრაგმატული მეოცნების“ პოლიტიკური კრედოს კონტურები

საქართველოს „პრაგმატული მეოცნების“ პოლიტიკური კრედოს კონტურები


სულ სამიოდე კვირის წინ ცოტა ქართველი თუ იცნობდა ბიძინა ივანიშვილს, კარჩაკეტილ მილიარდერსა და ფილანტროფს, თბილისის ქუჩებში შემთხვევით რომ შეხვედროდა.

მას შემდეგ მან მომავალი წელს სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის განზრახვაზე განცხადება გააკეთა. მთელ ქვეყანაში ამ ფაქტმა ეიფორიასა და იმედებს დაუდო სათავე. საქართველოს ხელისუფლებამ კი მის ამ განცახდებას, მისი დისკრედიტაციისა და ჩამოშორების მიზნით, მძიმე ბრალდებებით უპასუხა.

თავის ინტერვიუებსა და წერილობით განცხადებებში, სადაც ის თავის თავს „პრაგმატულ მეოცნებეს“ უწოდებს, ივანიშვილი ოპტიმალურ საშინაო პოლიტიკურ კონფიგურაციას ასე აღწერს – სამპარტიული პარლამენტი, სადაც არც ერთი პარტია ადგილების 50 პროცენტზე მეტს არ აკონტროლებს. საქართველოს საგარეო პოლიტიკამ, მისი თქმით, ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან თბილი ურთიერთობების დამყარებაზე.

ამავე დროს ივანიშვილი აღიარებს, რომ არ მიაჩნია რეალურად ორი-სამი წლის განმავლობაში, ანუ იმ ვადაში, რომლითაც ის პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ცენტრალური მთავრობის კონტროლის აღდგენა სეპარატისტულ რეგიონებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაუფრთხილებელმა პოლიტიკამ შესაძლოა გაანადგურა, ან სულ ცოტა, ბევრი წლით შეაფერხა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, რასაც მან „ჩვენი უსაფრთხოებისთვის საუკეთესო ვარიანტი“ უწოდა.

ივანიშვილის ნათქვამიდან ბევრმა, აშკარად შეურხია სიმი სააკაშვილის რეჟიმით სულ უფრო განხიბლულ ქართველებს. თინა ხიდაშელმა, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა წევრმა, მისი გამოჩენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე „პოლიტიკურ ცუნამის“ შეადარა.

ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა აქტივისტმა ნესტან კირთაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა შექმნა „ახალი რეალობა“ და „რეალური ცვლილებების“ შესაძლებლობა იმ 2 მილიონი ქართველისთვის, ვინც ამჟამად სიღარიბეში ცხოვრობს. კახეთში, ახმეტის დაახლოებით 50-მა მცხოვრებმა ივანიშვილის მხარდამჭერი ჯგუფი ჩამოაყალიბა; ერთ-ერთი მათგანი, ”კავკას-პრესის” ცნობით (26 ოქტომბერი), უკვე დაითხოვეს სამსახურიდან.

ვითარება უღრუბლო როდია

ამავე დროს ივანიშვილს აკრიტიკებენ ზოგიერთი მისი კომენტარისა და უხეში ტონის გამო. თავის პირველ განცხადებაში, მაგალითად, მან ჩამოთვალა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელთანაც მისი თქმით, არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს და ცალკეული პოლიტიკოსები ქედმაღლურად ან დამამცირებელად მოიხსენია.

ივანიშვილმა ასევე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც წინასწარ განაცხადა, მაგრამ მყისიერად არ განახორციელა თავისი გადაწყვეტილება საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ. ეს წინდაუხედაობა სათავისოდ გამოიყენა ხელისუფლებამ და მიხეილ სააკაშვილს იმის საბაბი გაუჩნდა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ეს კი მას ფორმალურად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პოლიტიკური პარტიის დაფინანსების უფლებას ართმევს. 2 ოქტომბერს თბილისის სასამართლომ უარი თქვა, ივანიშვილს თხოვნაზე შეეჩერებინა გადაწყვეტილება.

ივანიშვილის ეს მოუქნელი პოლიტიკური ნაბიჯები იმის ვარაუდს აჩენს, რომ მას აკლია პოლიტიკური წინდახედულობა, რაც შეიძლება მის სუსტ მხარეს წარმოადგენდეს, თუ მან სასწრაფოდ არ შექმნა გამოცდილ მრჩეველთა გუნდი. მაგრამ ამ თვალსაზრისით მოხალისეთა ნაკლებობა არ შეიმჩნევა.

ოპოზიცია მის ზურგს უკან ირაზმება

დადებითი ისაა, რომ ივანიშვილმა უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის, ირაკლი ალასანიას, ოპოზიციური პარტიის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მხარდაჭერა. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელთა ლიდერების განცხადებით, ივანიშვილის შეხედულებანი, ძირითადად ემთხვევა მათსას. 29 ოქტომბერს გაზეთმა „ალიამ“ გაავრცელა ალასანიას სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ ზოგიერთი სამთავრობო ჩინოვნიკი უკვე მზადაა ივანიშვილთან კავშირისათვის. 25 ოქტომბერს გავრცელდა შევარდნაძის განცახდება, სადაც ის ივანიშვილს მიესალმება, როგორც „საქართველოს მხსნელს“.

იმ პოლიტიკურმა პარტიებმაც კი, რომლებთანაც ივანიშვილის განცხადებით, თანამშრომლობა არ ღირს, ხმამაღლა გამოხატეს თავისი აზრი ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სახელისუფლებო ქმედებების გამო. ამ ქმედებათა შორის იყო ქართული უშიშროების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაცია, როდესაც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებების საბაბით, ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ნაღდი ფული დააკავეს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, გასულ კვირას განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული „აგრესიული ქმედებები სრულიად მიუღებელია“.

თარგამაძემ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ხელისუფლება ცდილობს ივანიშვილს აიძულოს თავის მომხრეებს ქუჩისკენ და მასობრივი გამოსვლებისკენ მოუწოდოს. მაგრამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ იცის ამ რისკის არსებობა და არც კი უნდა, არათუ სიტყვა „რევოლუცია“, არამედ „ქუჩის პროტესტის“ გაგონებაც კი.

მაგრამ მომვალი წლის არჩევნებამდე თვეებია დარჩენილი და მან შეიძლება აღმოაჩინოს, რომ სულ უფრო რთულდება ერთდროულად მის მიერ გამოღვიძებული იმედების შენარჩუნება და ამავე დროს დაძაბულობის ესკალაციის პრევენცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება განზრახ ეცდება პროვოცირებას კონფრონტაციისა, რომლის თავიდან არიდებაც, ივანიშვილის თქმით, მას ნებისმერ ფასად სურს.
foreignpress.ge