შეკითხვები მთავრობის ”ათპუნქტიანი გეგმის” გარშემო

შეკითხვები მთავრობის ”ათპუნქტიანი გეგმის” გარშემო


საქართველოს მთავრობა განაგრძობს მსჯელობას სტრატეგიული განვითარების ”ათპუნქტიან გეგმაზე”, რომელიც 2011-2015 წლებზეა გათვლლი და მიზნად ისახავს წინსვლას მოდერნიზაციისა და დასაქმების მიმართულებებით. რას სთავაზობს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს და როგორ აფასებენ ექსპერტები ”ათპუნქტიან გეგმას”? 

თავდაპირველად ჩამოვთვალოთ გეგმაში გაერთიანებული 10 პუნქტი. ესენია: 1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა; 2. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება; 3.საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნა/შენარჩუნება; 4.რეგიონალურ სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება; 5.ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; 6.სოფლის მეურნეობის განვითარება; 7.განათლების სისტემის გაუმჯობესება; 8.სოციალური პოლიტიკის დახვეწა; 9.ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება; 10.ურბანული და რეგიონალური განვითარება.

თითოეულ პუნქტთან დაკავშირებული ტაქტიკური ხედვა გავრცობილია დოკუმენტში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება-განვითარების გარდა, მთავრობა გეგმავს, რომ 2015 წლისთვის, მაგალითად, გაზარდოს საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, ხელი შეუწყოს მრეწველობის განვითარებას, შექმნას უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიცია. საქართველოს მთავრობის მიზანია, 2015 წლისთვის ტურისტების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბოს და ქვეყანა აქციოს ზამთრის ტურიზმის ცენტრად.

აქვეა გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით დაკმაყოფილდეს სრული მოთხოვნა საქართველოს შიდა ბაზარზე და ამავე დროს ქვეყანა უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ექსპორტიორი თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონის სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად. ასევე 2015 წლისთვის იგეგმება ხორბლის მოსავლის გაზრდა და სიმინდის მნიშვნელოვანი მასშტაბით ექსპორტირება. მაგალითად, მეღვინეობის სფეროში სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ ამოცანად ექსპორტის ზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება სახელდება. მიზნად არის ქცეული ქვევრის ღვინის ბრენდის შექმნა და პოპულარიზაცია და ასევე ღვინის ტურიზმის განვითარება, შიდა მოხმარების გაზრდის მიზნით. ეკონომიკური სფეროს გარდა, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა შეეხება განათლების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და ურბანული განვითარების მიმართულებებს.

აღმასრულებელი ხელისუფლების მიზანია, 10-პუნქტიანი გეგმით კონკრეტულად განუმარტოს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები მომავალი 4 წლის მანძილზე.

თუმცა ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია 10-პუნქტიანი გეგმის შექმნას ჩვეულებრივ პიარსვლად აღიქვამს:

”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2 კვირის წინ მთავრობამ, ბიუჯეტთან ერთად, პარლამენტში შეიტანა მთავრობის ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, სადაც თითქმის ყველა ის ხედვა და ღონისძიებაა გაწერილი, რაც ამ 10-პუნქტიან გეგმაში გვხვდება, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რაში დასჭირდა ხელისუფლებას ამ სახის დოკუმენტის მომზადება, თუ არა პიარისთვი

ამასთან, დავით ნარმანიამ მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში ახალი და განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინა. ექსპერტი თვლის, რომ ყველაფერი თითქმის იგივეა, რაზეც მთავრობას არაერთხელ ულაპარაკია ბოლო წლებში. თუმცა აქ მაინც არის ერთი თვალშისაცემი ახალი დეტალიც: მთავრობა გეგმავს განავითაროს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 26 ოქტომბერს გახმოვანებული ახალი ინიციატივა 45-დან 60-წლამდე ასაკის ადამიანების დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ამასთან, იგეგმება ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და ამ კუთხით სახელდება კონკრეტული ციფრებიც, მაგალითად: ყოველწლიურად საგზაო პროექტებზე დასაქმდება დაახლოებით 30 ათასი ადამიანი, რკინიგზის განვითარების ხაზით - დაახლოებით 8-10 ათასი ადამიანი, წყალმომარაგების პროექტებზე 20 ათასი ადამიანი, ხოლო ენერგეტიკული პროექტები შექმნის 13-დან 15 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს.

ასეთ პერსპექტივაში ეჭვი ეპარება ეკონომიკის სფეროს ექსპერტს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს თენგიზ შერგელაშვილს. ის იხსენებს, რომ მთავრობის ადრინდელი დაპირების მიხედვით, მაგალითად, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტის ფარგლებში დაახლოებით 25 ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა.

”2007 წლიდან მოყოლებული ყველა დოკუმენტში საუბარია დასაქმებაზე, მაგრამ რეალურად უმუშევრობა გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებით კონცეპტუალურად არის მცდარი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ შერგელაშვილმა.

ექსპერტის აზრით, ერთიანი კონცეფციის არარსებობის გამო, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა ეკონომიკაში ხელოვნური, გაუთვლელი ჩარევის მცდელობის შთაბეჭდილებას ქმნის. ”წარმოიდგინეთ, რომ გაფუჭებულ ავტომობილს ადამიანები ხელით აწვებიან - დაახლოებით ამას ჰგავს ამ გეგმის საქმე”, - ამბობს ექსპერტი.

მასშტაბური სიახლეები, ექსპერტების აზრით, არც ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებით იკვეთება და, ამასთან, გადასადგმელი ნაბიჯები დროში კონკრეტულად არ არის გაწერილი. ჩანს, რომ ჩაფიქრებულია, მაგრამ, მაგალითად, არაფერია ნათქვამი კონკრეტულ ვადებზე, თუ როდის დაენიშნებათ პენსიონერებს 100-დოლარიანი პენსია, რომელიც გააერთიანებს არსებულ შემწეობებსა და პენსიებს.

რაც შეეხება განათლების სისტემასთან დაკავშირებულ სეგმენტს, ის არ აკმაყოფილებს, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნოვერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს სიმონ ჯანაშიას, რომელსაც განათლების სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი აზრით, გეგმის მე-7 პუნქტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებული სამუშაოს ანგარიში უფროა, ვიდრე კონკრეტული სამომავლო გეგმა.

”მაგალითად, უსაფრთხო სკოლის ნაწილში მხოლოდ ის წერია, თუ რას მიაღწიეს. ეტყობა, იმდენად დიდია მიღწევა, რომ ამ მიმართულებით გეგმაში მიზნები აღარ არის ასახული. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ გაზომვადი ამ გეგმაში არის ძალიან ცოტა რამ. მაგალითად, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სადაც წერია, რომ დღეს ერთი კომპიუტერი 20 მოსწავლეზე მოდის და უნდათ, რომ ერთი კომპიუტერი 10 მოსწავლეზე იყოს, ეს გაზომვადი შედეგია; მაგრამ იმის თქმა, რომ უმაღლესი განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დონის განათლება, ეს არ არის გაზომვადი შედეგი. არ ჩანს, კონკრეტულად რის მიღწევას აპირებენ მომავალი 4 წლის განმავლობაში”, - ამბობს სიმონ ჯანაშია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა 1 ნოემბერს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამაც გააპროტესტა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ გაუთვლელ და გაუაზრებელ გეგმაში სულ მცირე ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ მასში საერთოდ არ არის ასახული ახალგაზრდობის ინტერესები.

მთავრობა მზად არის 10-პუნქტიანი გეგმა საზოგადოებასთან შეთანხმებით დახვეწოს და ეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 1 ნოემბერსაც გაიმეორა სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში”, სადაც მან მთავრობის გეგმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. ერთი დღით ადრე კი, კერძოდ, 31 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის მოსმენისა და მისთვის შეკითხვების დასმის საშუალება ფეისბუქის მომხმარებლებს მიეცათ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მასშტაბებს მიიღებს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვის პროცესი და რამდენად აისახება მასში საზოგადოების მიერ გამოთქმული შენიშვნები.