სავალუტო ფონდი მთავრობას დიდ სიფრთხილეს ურჩევს

სავალუტო ფონდი მთავრობას დიდ სიფრთხილეს ურჩევს



სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ სამომავლოდ განსაკუთრებით ფრთხილად იყოს. ევროპაში ვითარება ჯერ კიდევ არასტაბილურია და იქ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება. 

საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი ედუარდ გარდნერი აცხადებს, რომ ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე ორმხრივი გავლენა ექნება. 

“მიმაჩნია, რომ მთელი მსოფლიო იწყებს საკმაოდ რთულ პერიოდს და ამას ორმხრივად ექნება ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ექსპორტის სამიზნე ქვეყნები არ გაიზრდება, ისე ამბიციურად როგორც ეს წელს იყო. მეორე ეფექტია, რომ ევროპაში ეკონომიკური არამდგრადობის გათვალისწინებით, საკმაოდ რთული იქნება კერძო კაპიტალზე წვდომა”, - განაცხადა ედუარდ გარდნერმა.

სსფ-ს მიაჩნია, რომ არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა გაისადაც გაიზრდება, თუმცა არა ისე როგორც ეს 2011 წელს იყო, თუმცა 2012 წელსაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასაც ზრდის ტენდენცია ექნება.

გარდნერს ამის თქმის საფუძველს აძლევს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და ახალთახალი 10-პუნქტიანი გეგმა. მართალია, სსფ-ს ხელმძღვანელს მისი ინგლისური თარგმანი არ წაუკითხავს, მაგრამ მაინც მოსწონს.

“გეგმის ინგლისური თარგმანი ჯერ არ მინახავს, მაგრამ რაც მსმენია, მომწონს. 10-პუნქტიანი პროგრამის თემატიკა სავალუტო ფონდის პროგრამის შესაბამისია. კერძოდ, უმუშევრობის შემცირება, საბიუჯეტო და სამთავრობო დეფიციტების შემცირება და ა.შ. ამდენად, ზოგადად, ჩვენ მთავრობის კურსს ვემხრობით”, - განაცხადა გარდნერმა და იქვე დასძინა, რომ 10-პუქნტიანი გეგმის შესასრულებლად შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოწოდებას, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მოსალოდნელ რისკებისგან თავი დაიცვან, ქართველი ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. ისინი ეკონომიკური პროცესების გაუარესებას არ ელოდებიან, თუმცა სერიოზულად მიიჩნევენ საქართველოზე გარე შოკების გავლენას.

ექსპერტი ავთო სილაგაძე საუბრობს სხვადასხვა ფაქტორზე, რაც საქართველოში ეკონომიკურ განვითარებას პრობლემებს უქმნის. მისი აზრით, ერთ-ერთი ასეთი საგარეო ვალის მოცულობაა, რაც საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება. საერთო ჯამში, ექსპერტის აზრით, ეკონომიკური განვითარების ერთიანი კომპლექსური გეგმის არსებობა ქვეყანას მოსალოდნელი პრობლემებისგან დაიცავს და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.
“რადგან კავკასიურ ქვეყნებზე გაკეთდა აქცენტი, ცხადია, ჩვენც გვიგულისხმეს. პირველ რიგში, ინფლაციური პროცესებია გასათვალისწინებელი. ისევ არის მოსალოდნელი საერთაშორისო ფასების ზრდა და ესეც, თავისთავად, უარყოფითი გავლენის მომხდენი იქნება.

კომპლექსურად თუ არ მივუდგებით ეკონომიკის განვითარებას, არაფერი გამოგვივა და ქვეყანა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე არ განვითარდება. ამიტომ უნდა გვქონდეს ეკონომიკის განვითარების კომპლექსური პროგრამა. ცხადია, ეს ვერ იქნება ერთ, ორ და თუნდაც ხუთწლიანი. მინიმუმ ოცწლიანი უნდა იყოს. ცალკე ტურიზმის განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ თუ სოფლის მეურნეობას ვერ განვავითარებთ. ყველაფერი ეს უნდა დაეყრდნოს ეროვნულ რესურსებს, ხელი შევუწყოთ მრეწველობას, რომ შემდეგ ამის საფუძველზე მოხდეს ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა”, - აცხადებს ავთო სილაგაძე.