ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს იმპიჩმენტს პირდება(VIDEO)

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს იმპიჩმენტს პირდება(VIDEO)

„მე ჩამომართვეს მოქალაქეობა, მაგრამ ვერ ჩამომართმევენ ქართველობას“, _ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერეციის გასაშუქებლად მისულმა ჟურნალისტებმა შედარებით ლოიალური ივანიშვილი იხილეს, რომელიც მისთვის არასასურველი შეკითხვების მიუხედავადაც, მწყობრიდან გამოსული არ ჩანდა. პირიქით, თავად ამშვიდებდა საკუთარ პრესმდივანს, ირაკლი ტრიპოლსკის, და ერთგან იმერულადაც მოუქცია: ე ბიჭო, შენ მაინც დამაცადე ლაპარაკიო... 

ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემული ინტერვიუსგან განსხვავებით, როცა ივანიშვილმა აღშფოთება ვერ დამალა ხელისუფლების ბრალდებასთან დაკავშირებით „პუტინის პროექტის“ თაობაზე, ამჯერად ივანიშვილმა გაცილებით ღირსეულად გასცა პასუხი მისთვის პროვოკაციულ შეკითხვებსაც. მათ შორის, „იყო თუ არა კრემლის უკანასკნელი იმედი საქართველოში“ და ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ხელისუფლებისთვის შეუცვლელი ბენდუქიძისა და ვაშაძის რუსული „წარმომავლობის“ პერსონებიც მოიშველია; ლებედის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ იგი აფინანსებდა არა (9 აპრილის ერთ-ერთ შემოქმედ) გენერალ ლებედს, არამედ ელცინის არჩევნებს, რათა პოლიტიკაში კომუნისტები აღარ დაბრუნებულიყვნენ; ივანიშვილი არც იარაღითა და ალმასებით კანადაში მოღვაწე მალკინთან ურთიერთობამ „ჩაჭრა“, რომელთანაც კავშირი რვა წლის წინ გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ახლადშექმნილი გარემოცვა ხელისუფლების დაკვეთით მომუშავე ჟურნალისტებისგან პრესკონფერენციაზე სერიოზულ პროვოკაციას ელოდა, რის საპასუხოდაც ივანიშვილის გუნდი პროვოკატორების შოკში ჩაგდებას თავადაც აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბიზნესმენის რეზიდენცია სერიოზულ პროვოკაციას ამჯერად გადაურჩა.    

ამის მიუხედავად, სახელისუფლო ჟურნალისტები აშკარად შემტევები ჩანდნენ და ცდილობდნენ, კოლეგებისთვის ასპარეზი არ დაეთმოთ. არავინ დავობს, რომ ჟურნალისტის მტკივნეული თუ არასასიამოვნო შეკითხვები პასუხის გაცემას მოითხოვს, მაგრამ სამწუხაროა, როცა ჟურნალისტები ე.წ. „ჩამჭრელ“ შეკითხვებს მხოლოდ მას უსვამენ, ვინც „ნაციონალების“ ბანაკში არაა. ხელისუფლების მიმართ კი ასეთი შეკითხვები არ უჩნდებათ და ნებაყოფლობით ლოიალურ შეკითხვებს ამჯობინებენ. ამიტომაც მათი შეთამამება ივანიშვილთან უფრო გამაღიზიანებელი ჩანდა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში გამოჩნდებოდა.

რამდენად რეალისტია ბიძინა ივანიშვილი, როცა გადაჭრით აცხადებს, „სააკაშვილს არჩევნებში ხმას საკუთარი დედაც არ მისცემს“, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ აშკარაა, რომ მას ქართულ პოლიტიკაში საკუთარი ძალების დიდი იმედი აქვს. პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, ბიზნესმენი  მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის მანძილზე, როგორც ჩანს, არ აპირებს და მას  იმპიჩმენტს ჰპირდება. თანაც ეს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი თვითონვე ვერ შეელევა პოსტს და ვერ მოახერხებს განცხადების დაწერას გადადგომის თაობაზე.

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შესაფასებლად Presage.tv. ესაუბრა ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს. 

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, იაფფასიანი მცდელობის მიუხედავად, პროპაგანდისტული სქემიდან ჩამჭრელი კითხვები დაესვათ ბიძინა ივანიშვილისთვის, ის ღირსეულად გამოვიდა.

„ჟურნალისტებს არაფერს ვაბრალებ, მაგრამ აბსოლუტურად არაადექვატური შეკითხვების მიუხედავად, მათ მიმართაც კი ბოლომდე კორექტული და ლოალური იყო. მე მგონი, ქართულ სინამდვილეში ესეც ახალია, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გაუგებარ კითხვაზე არ იწყებს კამათს და ცდილობს, იმაზეც კი უპასუხოს. რაც მთავარია, ძალიან გულწრფელი, ადექვატური, აბსოლუტურად გასაგები და მისაღები იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“.

ჟურნალისტების შემოწმების უპრეცენდენტო ზომებთან დაკავშირებით კი გია ხუხაშვილი გადაცდომას არ გამორიცხავს, მაგრამ ამას სოდისა და კუდის ბოლოდროინდელი გააქტიურების საპასუხოდ, ივანიშვილის დაცვის დაძაბული რეჟიმით ხსნის.

„მოგეხსენებათ, ივანიშვილის დაცვა დღეს რა მდგომარეობაშია. სოდის, კუდის მანქანები... ალყაშია საერთოდ რეზიდენცია... დაცვის თანამშრომლებიც ადამიანები არიან და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დაძაბულობამ რაღაცნაირად პატარა უხერხულობები შექმნა; მაგრამ ამაზე საუბარი ნამდვილად გაზვიადებულია. კონკრეტული შემთხვევების გამო სპიკერმა ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს. რაც მთავარია, ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად ლოალური იყო. ყველას, განსაკუთრებით კი პროპაგანდისტული არხებიდან, კითხვის დასმის საშუალება მიეცა და პასუხებიც გაეცა“.

ამასთან, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი დღე  მოიგო. „იმედი მაქვს, მისი გამარჯვება, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“, -  აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ივანიშვილთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ძირითადი შთაბეჭდილება „ქართულ ჟურნალისტურ სპეცნაზზე“ შეექმნა.

„ძირითადი შთაბეჭდილება დამრჩა ქართულ ჟურნალისტურ სპეცნაზზე, რომელშიც სრულიად მკაფიო ბატალიონებია ჩამოყალიბებული „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „პრესა.გე“-ს, „ტაბულას“, „პრაიმ-ტაიმის“ და რამდენიმე მედიასაშუალების სახით. მათ სრულიად მკაფიო დავალება ჰქონდათ. როგორც ჩანს, ისინი გადიოდნენ წვრთვნას, ისევე, როგორც ჩემს ახალგაზრდობაში_ დემონსტრაციების წინ „მარშიროვკების“ სახით ხდებოდა. რასაკვირველია, ქვეყანაში, სადაც ასეთი ჟურნალისტური სპეცნაზი არ ერიდება ტელეეკრანზე გამოჩენას, გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, - გვითხრა სოსო ცისკარიშვილმა.

შეკითხვაზე, რას ნიშნავდა ჟურნალისტებისთვის ივანიშვილისგან მიძღვნილი წიგნი: „ანტიჟურნალისტიკა და ქრონიკული ალიაქოთი“, ცისკარიშვილმა აღნიშნა: „წიგნი თვალით არ მინახავს და ვერ შევაფასებ. თუმცა, როგორც  ბატონი ივანიშვილის ნათქვამიდან მივხვდი, „ანტიჟურნალისტიკა“ შეიცავდა იმ მასალებს, რომელიც მიუთითებდა სწორედ ამ ტიპის ჟურნალისტების ნამოქმედარზე. ცხადია, ბევრ მათგანს მაინცდამაინც გულს არ მოეფინებოდა ასეთი გამოჩენა“.

პრესკონფერენციის შემდეგ სოსო ცისკარიშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ზოგიერთ საკითხზე პოზიცია სრულიად მკაფიოდ დაფიქსირდა: თუნდაც ნატოსთან მიმართებით, ავღანეთის საერთაშორისო ვალდებულებებთან დაკავშირებით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მხრიდან სამომავლოდ რაიმე გაუგებრობის დამკვიდრების მცდელობა არ  ყოფილა. ასევე, ცისკარიშვილის აზრით, ბიზნესმენმა სრული სიმტკიცე გამოხატა საკუთარი გადაწყვეტილების მიღწევადობასთან დაკავშირებით.

„ივანიშვილისგან აქცენტები სწორად იყო დასმული, მაგრამ ზოგადად, პრესკონფერენციას დაღი დაასვა მისი ორგანიზაციული ხარისხის სისუსტემ“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად გაართვა თავი ამოცანას, რადგან საათნახევრის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ძალიან პატიოსან და ღირსეულ კაცს უსმენდა.

„სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების ნაწილმა ეს დრო დახარჯა უაზრო კითხვებზე და საზოგადოებისთვის სრულიად არასაინტერესო საკითხებზე; მაგრამ რაც შეეხება ივანიშვილს, ის არ გაექცა არცერთ კითხვას, და მე მგონი, ყველა პასუხი მისაღები იყო. სიახლე ჩემთვის იქნებოდა, ჟურნალისტებს რომ დაესვათ სიახლის შემცველი კითხვები“,_ - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

ჩვენს შეკითხვაზე, პირადად მისთვის კონკრეტულად რა იქნებოდა სიახლის შემცველი კითხვა, ბერძენიშვილმა გვიპასუხა: „ჟურნალისტის მაგივრად მე ნუ დამასმევინებთ კითხვას, მაგრამ ის, რაც ამ 20 წლის წინ იყო ცნობილი, იმ კითხვის დასმა რას ემსახურება, მე არ ვიცი. რაც გავიგე, სიახლეა ის, რომ თურმე ივანიშვილს არ ეშინია ე.წ. უხერხული კითხვების. მაგალითად, უმცირესობებზე, რუსეთზე და ა.შ. ეს ჩემთვის სიახლე არაა, მაგრამ შეიძლება, საზოგადოებისთვის სიახლე იყოს. მათ ხომ ამდენი ხნის მანძილზე ატყუებდნენ, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია“.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ამ პრესკონფერენციით თავად ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. კითხვაზე, რამდენად რეალისტია ივანიშვილი, როცა მხატვრულად აცხადებს, რომ სააკაშვილს საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას, ლევან ბერძენიშვილი იხსენებს, რომ, სხვათაშორის, ასეთი რამ ადრე პირადად მასაც უთქვამს, თუმცა თავს ვერ დადებს, სინამდვილეში ასე მოხდება თუ არა.

„ახლა, არ ვიცი, მისცემს თუ არა სააკაშვილს საკუთარი დედა ხმას, რადგან დედის გული როგორია, მოგეხსენებათ... მაგრამ სააკაშვილს სერიოზული პრობლემები რომ ექნება მომავალ არჩევნებში, მე მგონი, თქვენც იცით, მეც ვიცი, მსოფლიომაც იცის და ჯონ ბასმაც იცის“...