„სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს საქართველო მარყუჟში ჰყავს“

„სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს საქართველო მარყუჟში ჰყავს“

მოსკოვური ორგანიზაციის „ჯარისკაცთა დედების“ ვარაუდით, რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე ახალ შეტევას ამზადებს. თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რუსეთს საქართველოზე შეტევის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური შესაძლებლობა არ აქვს“.

 

ოპოზიციის შეფასებით, დაღესტანში ჯარისკაცების მობილიზება ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ხდება. მათივე თქმით, რუსეთს შეტევის აუცილებლობა არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ აქვს, რადგან საქართველოში უკვე აქვს ორი სამხედრო ბაზა, პრეზიდენტად კი ჰყავს პირი, რომელიც ყველა თვალსაზრისით აწყობს.

 

ექსპერტები რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხეს დღესდღეობით ვერ ხედავენ, თუმცა „ჯარისკაცთა დედების“ ინფორმაციას „საყურადღებოს“ უწოდებენ. მათი თქმით, რუსეთს ახალი საჯარისო დანამატები დაღესტანში იმისთვის სჭირდება, რომ  არსებული ძალებით პრობლემების მოგვარებას იქაც კი ვეღარ ახერხებს. ნებისმიერ შემთხვევაში ანალიტიკოსები ქართულ მხარეს მოუწოდებენ, რომ  „სიფხიზლე არ მოადუნოს“.

 

„ორგანიზაცია „ჯარისკაცთა დედების“ წარმომადგენლის, სვეტლანა უტკინას განცხადებით, პეტერბურგელი ჯარისკაცები მასობრივად მიჰყავთ დაღესტანში.

 

„3526-ე ნაწილიდან სამხედრო მოსამსახურეების მშობელთა განცხადებები შემოვიდა, რომლებიც მიუთითებენ, რომ ჯარისკაცებს კონტრაქტზე იძულებით აწერინებენ ხელს. ნაწილის ხელმძღვანელობის თქმით, სამხედროებმა დაღესტანში სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის სწავლებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს სრულიად გაუგებარია – ოლიმპიადა 3 წლის შემდეგ არის, სწავლებაზე კი მიჰყავთ ჯარისკაცები, რომლებიც რამდენიმე თვეში სამსახურს ამთავრებენ“, - აცხადებს უტკინა.

 

მისივე ინფორმაციით, ჯარისკაცებს ართმევენ მობილურ ტელეფონებს და სიმბარათებს. მათი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანა მომავალი კვირისთვის იგეგმება. ორგანიზაცია იუწყება, რომ ნაღმმტყორცნელთა ბატალიონში ბოლო პერიოდში ყოველდღიური წვრთნა ტარდება.

 

ამასთან, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ემზადება და სამხედროები დაღესტანში ამ მიზნით გადაჰყავთ.

 

„სცენარი ძალიან ჰგავს იმას, რასაც ჩეჩნეთის ომის წინ ვხედავდით. ასეთივე შანტაჟი იყო. ჯარისკაცებს ინფორმაციის მიღების, ოჯახთან კავშირის უფლებას ართმევდნენ. ძალიან ვშიშობ, რომ დღესტნიდან საქართველოზე თავდასხმა მზადდება“, - განაცხადა ორგანიზაცია „ჯარისკაცთა დედების“ თავმჯდომარე ელა პოლიაკოვამ.

 

სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, სამხედრო მოსამსახურეების დედებმა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო ოლქის შინაგანი ჯარების შტაბთან რამდენიმე პიკეტი გამართეს.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე შეტევის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური შესაძლებლობა არ აქვს .

 

„2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა საქართველოზე შემოტევა გაბედა, მისი ნავთობი 150 დოლარი ღირდა; იმედი ჰქონდა, რომ 1000 დოლარად გაყიდდა, მაგრამ დღეს ასეთი ეკონომიკა აღარ აქვს. დღეს საერთაშორისო საზოგადოება მთლიანად მობილიზებულია და ჩადენილ დანაშაულს – საქართველოს ოკუპაციასა და ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარებულ ეთნოწმენდას რუსეთი კიდევ ერთს ვეღარ დაუმატებს“, - აცხადებს მალაშხიამ.

 

გარდა ამისა, კომისიის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთზე სერიოზული საერთაშორისო წნეხი ხორციელდება და ამას გაერო-ს ბოლო რეზოლუციაც მოწმობს, რომელშიც რუსეთს მხოლოდ 17-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

 

დეპუტატ ნიკა ლალიაშვილის ვარაუდით, დაღესტანში ჯარისკაცების მობილიზება არა საქართველოზე შეტევის, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ხდება. მისი თქმით, ზოგადად, რუსეთს საქართველოზე შეტევისთვის ინფრასტრუქტურა მზად აქვს, მათ შორის დაღესტანში აღდგენილია გზა საქართველო-რუსეთის საზღვრამდე. ეს პროექტი უაშუალოდ პრემიერ პუტინის ხელმძღვანელობით განხორციელდა. თუმცა, ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთს საქართველოზე შეტევის აუცილებლობა არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ აქვს.

 

„სამხედრო თვალსაზრისით რუსეთს საქართველო მარყუჟში ჰყავს,“ – აცხადებს ლალიაშვილი და დასძენს, რომ რუსეთს საქართველოში უკვე აქვს ორი სამხედრო ბაზა, პრეზიდენტად კი ჰყავს პირი, რომელიც ყველა თვალსაზრისით აწყობს.

 

ამ მოსაზრებებიდან გამომიდნარე, ნიკა ლალიაშვილი ვარაუდობს, რომ, თუ დაღესტანში რაიმე სახის მობილიზება ხდება, რუსეთი შეიძლება მხოლოდ ჩრდილოკავკასიაში სამხედრო მოქმედებისთვის ემზადებოდეს.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ჯარისკაცთა დედები“ შესაძლოა, საქართველოზე შესაძლო სამხედრო შეტევის დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებდეს“.

 

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის განხორციელების საფრთხე ამ ეტაპზე ნაკლებია, თუმცა ორგანიზაცია „ჯარისკაცთა დედების“ ინფორმაცია საყურადღებოა. როგორც „პირWელს“ სესიაშვილმა განუცხადა, ჯარისკაცთა დედებს“ ჯარისკაცებთან პირდაპირი კავშირი აქვს, რაც ამ ორგანიზაცის ინფორმაციას საყურადღებოს ხდის.

 

„გავეცანი ორგანიზაცია „ჯარისკაცთა დედების“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი დაღესტნიდან საქართველოზე შეტევას ამზადებს. მე პირადად ვიცნობ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და მათ ოფისშიც ვარ ნამყოფი. ამ ორგანიზაციის პლიუსი ის არის, რომ მას უშუალო კავშირი აქვს და ამდენად ინფორმაციას პირველწყაროდან – ჯარისკაცებისგან იღებს. თავად ვარაუდი, რომ დაღესტანში ჯარისკაცების გაგზავნა საქართველოსთან ომის წინაპირობაა, ფაქტიდან ნაკლებად გამომდინარეობს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ „ჯარისკაცთა დედებს“ ამ დასკვნის გაკეთებისთვის უფრო სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, რომელსაც ვერ ახმაურებენ.

 

თუ დღევანდელ ვითარებას გავითვალისწინებთ, კერძოდ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს, ასევე იმას, რაში შეიძლება, აწყობდეს რუსეთს ამ ეტაპზე საქართველოსთან ომის დაწყება, ახალი შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას ვერ ვხედავ, თუმცა ამას დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ვამბობ, რომელიც შეიძლება, შეიცვალოს“,- აცხადებს სესიაშვილი.

 

პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე რუსეთის მორიგ აგრესიას არ ელის, თუმცა თვლის, რომ „ქართულმა მხარემ სიფხიზლე არ უნდა მოადუნოს“. „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის დაწყების ნიშნები არ ჩანს“, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ  საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

„მშობელთა კომიტეტმა ამბავი ატეხა იმიტომ, რომ დაღესტანში წვევამდელები გადაჰყავთ, რომელთა ცხელ წერტილებში გამოყენებას რუსეთის ხელისუფლებას კონსტიტუცია უკრძალავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, წვევამდელები 2008 წელის ომში მაინც გამოიყენეს. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ახალ ომს, ჯერჯერობით მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ“, - აცხადებს არეშიძე.

 

მისივე შეფასებით, მარტო დაღესტნიდან საქართველოზე თავდასხმა სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტური სისულელეა.

 

„იქ გადის ერთი გზა, რომელიც საქართველოს მხრიდან პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს. ეს არის ბეშტა-ახალსოფლის გზა (ბეშტა - დაღესტანი, ახალსოფელი - საქართველო, ყვარლის რაიონი), რომელიც პუტინის ბრძანებით საქართველოს საზღვრამდე გამართულია, მაგრამ მარტო დაღესტნიდან თავდასხმა გამორიცხულია თუ გენშტაბს კავკასიის მთელ ტერიტორიაზე ომის დაწყება არ აქვს გადაწყვეტილი. მაშინ ეს სხვა ამბავია. რადგან საქართველოზე ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავდასხმა უფრო ადვილია, ვიდრე დაღესტნიდან“, - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში არეშიძემ. ამასთან, ექსპერტის შეფასებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების ნიშნები არც სამხედრო მომზადების თვალსაზრისით, არც პროპაგანდის კუთხით არ შეიმჩნევა.

 

არეშიძის განმარტებით, რუსეთს არსებული ძალებით თავად დაღესტანში ვითარების კონტროლიც უჭირს. „ის, რომ დაღესტანში რუსეთის ჯარების, კერძოდ კი წვევამდელების გადაყვანა ხდება, სრული სიმართლეა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ჯარები გადასროლილია დაღესტანში იმიტომ, რომ იქ იატკქვეშეთი ძალიან გაქტიურდა“, - აღნიშნავს არეშიძე.

 

ექსპერტის შეფასებით, რუსეთს ახალი საჯარისო დანამატები დაღესტანში იმისთვის სჭირდება, რომ იქ არსებული ძალებით არსებული პრობლემების მოგვარებას ვეღარ ახერხებს.