ჟან-ჟაკ რუსოს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: “ზოგი ხალხი დისციპლინისათვის გაჩენისთანავეა მომწიფებული, ზოგს კი ამისთვის საუკუნეები სჭირდება”.
ძალიან სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ მეორე კატეგორიას მივეკუთვნებით. ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ისტორიის ხანგრძლივი პერიოდების მანძილზე სახელმწიფო აზროვნება და სახელმწიფო ინტერესების სწორად გააზრება გვიჭირდა ან საერთოდ არ შეგვეძლო გათითოკაცებულებს. ამჟამადაც ასეა.
ერის მიერ სახელმწიფო ინტერესების დონეზე აზროვნება და შემდეგ შესაბამისი ქმედება – აი, ორი საფეხური, რომლის გარეშე არც ერთი სახელმწიფო არ გაძლიერებულა. აიძულო შენი თავი იმოქმედო სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით – ამას სწორედ ეროვნული შეგნება, თვითდისციპლინა და წესრიგი, “ჩემისა” და “ჩვენის” სწორად დარეგულირება სჭირდება.
სანამ ერი მთლიანი და ერთიანია, იგი უძლეველია. როცა ერში იწყება “განთვითეულობა”, (როგორც დღესაა ჩვენში) იგი გარდუვალი დაღუპვის წინაშე აღმოჩნდება (განსაკუთრებით ისეთ რთულ ეპოქაში, როგორიცაა მცირე ერებისთვის დიდი საფრთხის შემცველი გლობალიზაცია). Gგენიალურად ამბობდა ამადაც დიდი ილია: “ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არი, თითოში-ყველა,საცა თითოეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითოეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი”. იქ, სადაც საზოგადოება ურთიერთდაპირისპირებულ წოდებადაა დანაწევრებული, სადაც გაბატონებულია “ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღლისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ”, ადამიანთა ასეთ ერთობას ერი არ ჰქვია.
მხოლოდ ისეთი ერია უძლეველი, მხოლოდ იმ ერს გადაუტანია გმირულად განსაცდელი, “რომელსაც თავის დროზე შეუტყვია და მიუგნია, რომ ერის რომელისამე წოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით ერთი წოდების წინ წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია. ვერც ერთი ცალკე წოდება ერისა ვერ დაიქადებს, რომ თუ მე კარგადა ვარ, სხვანიც კარგად იქნებიანო... ყველამ ერთად და თვითეულმა ცალკე უნდა იცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელი ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე” (ილია ჭავჭავაძე).
ის ქვეყანა, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, სადაც ყველაში თითო არ არის, საცა თვითოეული ყველასათვის არ ფიქრობს, სადაც “მე” ძირითადია და “ჩვენ”- დიდი იშვიათობა – სწორედ რომ ჩვენა ვართ. ჩვენა ვართ ის ქვეყანა, საცა ერთი წოდების წინ წაწევას დანარჩენების უკან დახევა მოჰყოლია. ჩვენა ვართ ის ქვეყანა, სადაც ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა თავის ცალკე კეთილდღეობაზე ფიქრობს და არა ერის კეთილდღეობაზე.
თუ მჩაგვრელი კომუნისტური რეჟიმის დროს ამ ფსიქოლოგიას კიდევ რაღაც გამართლება ჰქონდა (შენი ოჯახის შენახვით და გადარჩენით გადაარჩენდი ქვეყანასაც), დღეს ფორმალური დამოუკიდებლობის პირობებშიც კი იგი უდიდესი ზიანის მომტანია და ტოლფასია შენი ქვეყნის ძარცვა-გლეჯისა, უკიდურესი ეგოიზმის გამოვლინებისა.
ის წოდება თუ ფენა, რომელიც წინ წავიდა საქართველოში (მოსახლეობის 7-8%) ძირითადად სხვების ხარჯზე (მოსახლეობის 85%-ზე მეტი) უკანონო გზით გამდიდრდა და არა თავისი ჭკუითა თუ ოფლით. ამიტომაცაა, რომ მათ წინ წაწევას მოჰყვა იმ 85%-ის უკანდახევა. მათ არ ესმით, რომ შეუძლებელია პირადი ბედნიერების მოპოვება იმ ქვეყანაში, სადაც 85% გაჭირვებულია, ირგვლივ ღატაკნი და მათხოვარნი გარტყია და მათი ჭაობიდან ამოყვანისათვის არაფერს აკეთებ. პირიქით, ცდილობ რაც შეიძლება კიდევ მეტის მოხვეჭა მოასწრო, რომელიც შენს მომდევნო 5 თაობას ეყოფა.
როგორ მდიდრდებიან საქართველოში და ინიშნებიან თანამდებობებზე? როცა საქართველოში არაა ეროვნილი იდეოლოგია (იდეა), როცა არ მუშაობს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მართვის პრინციპები და მაორგანიზებელი ეროვნული ძალა, დეზორიენტირებული მოსახლეობა კი თანახმაა ნებისმიერი (მათ შორის – სათაკილო) გზით გამდიდრებაზე, პოლიტიკა საქართველოში იქცა ბიზნესის (ფულის) კეთების უმთავრეს საშუალებად. აქ მოსახვედრად და დასამკვიდრებლად ხომ ჯერჯერობით არავითარი კრიტერიუმები არ არსებობს. განსაკუთრებით ეტანებიან მას საკუთარ პროფესიაში ხელმოცარული ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში იოლი თავშესაფარი ნახეს, სადაც უნიჭო (თუნდაც კრიმინალ) ადამიანს შეუძლია კარგი კარიერა გააკეთოს ვიღაცისადმი ძაღლური ერთგულებით, დროებითი გაჭირვებით, რასაც ათმაგად ინაზღაურებენ თანამდებობებზე დანიშვნის დროს.
მერე კი იწყება ბავშვობის ოცნებების ასრულება – კაბინეტები და ლამაზი მდივნები, აგარაკები, მაღალი ხელფასები და ყოველთვიური პრემიები, ჯიპები და ხშირი მივლინებები პრესტიჟულ ქვეყნებში და ეს ყველაფერი სახელმწიფოს (ანუ ჩვენ) ხარჯზე ხდება. მიდრეკილება იოლი გზით გამდიდრებისადმი არახალია საქართველოში. ხელმოცარული და კარიერისტი ადამიანებისათვის რევოლუციური განწყობა მთავარი ხდება, რადგან შრომით და წესიერი გზით ისინი ამას ვერ მიაღწევენ.
კარგად წერდა ამაზე დავით სარაჯიშვილი: “ქართველები რევოლუციის გვარდიად იქცნენ... მაგრამ რევოლუციით ხალხი ვერ იცხოვრებს. ცხოვრებისთვის შრომაა საჭირო. შრომა კი არ ვიცით”(გაზ.”მამული”, ¹15,1990წ.). ნიშანდობლივია, რომ ქართველები დრესაც ცდილობენ ამას არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც (უკრაინა, ყირგიზეთ, ბელარუსი), თუმცა ვეღარ ახერხებენ იოლად.
უდიდესი ქართველი მოაზროვნე, ნიკო ნიკოლაძე მიუთითებდა, რომ “ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავარ როლს ჩვეულებრივ ორი ტიპის მოღვაწენი ასრულებენ ხოლმე: ფანატიკოსები და მოანგარეები. რას ვხედავთ ამ მხრივ ჩვენში? საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მომზადებული ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობისთვის საჭირო ცოდნითა და ნიჭით იყვნენ აღჭურვილნი, ჩვენში ძლიერ ცოტაა. კიდევ უფრო ნაკლებად გვყვანან ფანატიკოსები, რომლებიც იკისრებდნენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა რკინის ბორკილების ტარებას... სამაგიეროდ ჩვენ გვყვანან უამრავი შესანიშნავი და კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც ალალი და წრფელი გულით სურთ სამშობლოსათვის ყოველგვარი სიკეთე, მაგრამ რომელთაც არ შეუძლიათ ამის გამო უარი თქვან ისეთ სიამოვნებაზეც კი, როგორიც არის პაპიროსის მოწევა ან ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლა წვიმიანსა და ცივ ამინდში... ამათ გარდა, კიდევ უფრო მეტი რაოდენობით გვყვანან სავსებით მოუმზადებელი პირნი, რომლებსაც ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობის უზომო მადა აქვთ, მაგრამ სრულებითაც არ გააჩნიათ არც მშვიდი ანგარიშიანობა, არც გამძლეობა, არც უნარი, რომ საკუთარი ძალღონით და მეტნაკლებად რიგიანი საზოგადო საშუალებებით მიაღწიონ თავიანთ მიზანს და რაკი სხვა ტიპის საზოგადო მოღვაწენი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ ბურთი და მოედანი რჩება ხოლმე ამ ორ ტიპს, ზემოთ რომ დავხატე –სათნო აზიზ-მაზიზებს – ერთი მხრივ და არაკეთილსინდისიერ ინტრიგანებსა და მოანგარეებს – მეორეს მხრივ” (დღევანდელობის გენიალური სურათია დახატული - ვ.შ.).
შესაბამისად, ეს განაპირობებდა, რომ “მოდიოდნენ ჩვენში მეთავურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულისა ან რა აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ: “ამბოხება დავიწყოთო”, - დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას-ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ახსნა, ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ. გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს?” (ნ.ნიკოლაძე).
ასეთი პოლიტიკოსებისა და “ლიდერების” ჩამოყალიბებაში ნეგატიურ როლს ჩვენი საზოგადოებაც ასრულებდა და ასრულებს მისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებებით, როგორიცაა პრიმიტივიზმი და კონფორმიზმი, პირმოთნეობა და პანეგირიკი, უპასუხისმგებლობა და სერვილიზმი: “გასაგებია ისეთი საზოგადოების მავნებლობა, სადაც თქვენს აზრებს ბრმად იმეორებენ და სადაც კრიტიკული დამოკიდებულების ნაცვლად ხოტბას გასხამენ. ასეთ ვითარებაში ადამიანის გონებას ეუფლება ძილი და იგი სულ უფრო ნაკლებს მუშაობს საკუთარ თავზე” (ნ. ნიკოლაძე). არადა “პოლიტიკა ახალმოდური შლიაპკა კი არ არის, რომლის ცვლა ჩვენს ქეიფზე ჰკიდია, ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამა-პაპური განძია, როგორც ენა, ეროვნება, სარწმუნოება.” ასეთ შემთხვევაში უდიდესი როლი ენიჭება პოლიტიკური ლიდერის პიროვნებას, მისი მაგალითის ძალას. დავით აღმაშენებელი სწორედ რომ პირადი მაგალითის მიმცემი იყო ყველაფერში თავის ქვეშევრდომთათვის – სწავლაში, შრომაში, ბრძოლაში, სიმამაცეში, თვითგვემაში, ქველმოქმედებასა და ტოლერანტობაში, მან ყველაფერი – ნიჭი, ქონება, ინტელექტი, ფიზიკური ძალა და ოჯახიც კი საქართველოს შეწირა, უსამართლოდ და პირადი ახირებით არავინ დაუსჯია, თუმცა სისხლის ტბები დააყენა საქართველოში. როცა ლიდერი ერის ცხოვრებით ცხოვრობს და სამართლიანია, მას სიმკაცრესაც ჰპატიობენ და დიქტატორობასაც, რადგან დაქცეულ და ტერიტორიადაკარგულ ქვეყანას “შენი ჭირიმეთი” და “დემოკრატიით” ვერ ააშენებ – ხალხი ამას გაგებით მოეკიდება ყოველთვის. მაგრამ იქ “სადაც ყველაფერი მარტო ერთ კაცზე ტრიალებს - მიუთითებდა ნიკო ნიკოლაძე, - და არა დაწესებულებაზე- ის კაცი ნელ-ნელა იმ შეხედულებას იღებს, რომ მე ვარ სხვა არავინაო, ყველა მე უნდა მემსახუროს და არა ქვეყანასაო. ქვეყნის, ერის, იდეალის ხსენება თანდათან ქრება დიდში და პატარაში. Dდესპოტის სამსახური და ქვეყნის და იდეალის სამსახური, დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.” (ვ.შუბითიძე, ო. ქოჩორაძე, პოლიტოლოგია, თბ., 2001, გვ.179-181).
სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ ჩვენში დაცული არაა მემკვიდრეობითობის პრინციპი თაობათა შორის: “ევროპაში ყოველი ახალი თაობა განძად თვლის წინა თაობების ნაამაგარს და ზედ თვითონაც ამატებს და ართავს ბევრს რასმე, ჩვენთან და აზიაში, ყოველი ახალი თაობა, უტრადიციო და გაუზრდელი, სპობს და ლეწს წინა თაობებისაგან მიღებულ მემკვიდრეობას ამ პრინციპით – მე ვარ სხვა არავინო” (ნ. ნიკოლაძე). ასეთ უპასუხისმგებლო, განდიდების მანიით და პარანოიით შეპყრობილ ლიდერებზე არც მეცნიერებს და არც ხალხს არ გააჩნიათ მაღალი შეხედულება: “პოლიტიკოსებად, მათ შორის სახელგანთქმულ პოლიტიკოსებად, სწორედ ისინი გვევლინებიან ხოლმე, ვისი გონებრივი თვალსაწიერიც საკმაოდ შეზღუდული გახლავთ”- წერდა დიდი ესპანელი მოაზროვნე ხოსე ორტეგა ი გასეტი თავის “მასების ამბოხში”.
ერის გაძღოლის და დარაზმვის, სახელმწიფოებრივი აზროვნების და სწორი საკადრო პოლიტიკის გატარების საქმეში ილია უდიდეს როლს ანიჭებდა ქვეყნის მთავრობას, მის ზნეობას და კომპეტენტურობას: “ღირსება და სიკეთე რომელიმე მთავრობისა, ხალხისაგან ცნობილი და აღიარებული, სთესავს ხალხში იმ სიყვარულის თესლს, რომელიც მეტად სანატრელი უნდა იყოს ცნობიერებად მომართულ და მიმართულ სახელმწიფოსათვის; და მარტო ეს სიყვარულია სათავედ ყოველ იმისა, რაც კი შეადგენს სახელმწიფოს ძალასა და ღონეს, იმიტომ, რომ მარტო სიყვარულით აღფრთოვანებული ხალხია საიმედო ყოველს განსაცდელში, რაც კი სახელმწიფოს ისტორიის გზაზე და შეემთხვევა ხოლმე, მარტო სიყვარულით გულგამთბარ ხალხს შეუძლიან სიცოცხლისა და ქონების გაწირვა სახელმწიფო კეთილდღეობისთვის. საცა ეს სიყვარული არ არის, იქ სახელმწიფო ფიღუროა, ფუყეა, ერთი ლაზათიანის ქარის შემობერვა და იმის გადამსხვრევა ერთია” (ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ 2008 წლის აგვისტოს ომში).
როდესაც ერს სუსტი მთავრობა და საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი “ლიდერები”ჰყავს (როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში) ასეთ დროს ილია ჭავჭავაძე ერის გაძღოლის და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების საქმეში უმთავრეს როლს აკისრებდა ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტას, მოაზროვნე და ზნეობრივ ნაწილს, რომელიც მაშინაც (და ახლაც) პასიურობას იჩენდნენ ამ დიდ საპასუხისმგებლო საქმეში და ამიტომ ამუნათებდა მათ ილია: “ვისაც ზნეობრივი და გონებრივი ძალ-ღონე აქვს წინ გაუძღვეს თავის საკუთარი ქვეყნის ცხოვრებას, განზედ დგას. იქნება ამის მიზეზი ჩვენი ცხოვრებაც არის, მით უფრო ბევრ სიამოვნებას და ხელის შეწყობას არ უქადდეს, მაგრამ ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი. ამ შემთხვევაში დგომა-ცდომაა” (ვ. შუბითიძე, ო. ქოჩორაძე, დასახ. წიგნი, გვ. 173).
ინტელექტუალურ ელიტასა და ხელისუფლებასთან ერთად გარკვეული მოვალეობები ეკისრებათ რიგით ადამიანებსაც, რომელთა პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დონე ძალზე დაბალია. ჯერ კიდევ არჩილ ჯორჯაძე (პრინციპით “მოყვარეს პირში უძრახეო”) წერდა, რომ “ქართველი საზოგადოების სახით საქმე გვაქვს “ავადმყოფ საზოგადოებასთან”. წერილებში “ჩვენი სატკივარი”, “გარდამავალი ხანა” იგი მიუთითებს, რომ ქართული საზოგადოება მომხმარებლური გახდა. მათ არაფერი აინტერესებთ პირადი ცხოვრების მოწყობის და სენსაციების გარდა. ქვეყნის სატკივარზე ფიქრისთვის არ სცალიათ. სამაგიეროდ თვალი “ველო, იპო და აეროდრომებისაკენ” უჭირავთ. ქართველები მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ – როგორ გაზარდონ საკუთარი შვილები ისე, რომ უზრუნველყოფილნი იყვნენ კარგი ცხოვრებით, მთავრობის სამსახურით და ჯილდოებით... ეროვნული საქმე მივიწყებულია, მისდამი ინტერესი დაკარგულია... ყველას უნდა ცხოვრების სუფრაზე უდარდელად წამოსკუპება... დაღონებული და დასევდიანებული ვგრძნობთ, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, ნამდვილი საქმე არაა და ის, რითაც ვცხოვრობთ, აზრს და მიზანს მოკლებულია... რომ საქართველო გახდა სომხების, რუსების და ოსების მიგრაციის სფერო, რის შედეგად განახევრდა ქართველი მოსახლეობა, რომ საქართველომ ვერაფერი დაუპირისპირა სომეხ ბურჟუაზიას, რომ ქართულ ენას აბუჩად იგდებენ თვით ქართველები და თავიანთ შვილებს რუსულ (დღეს ანგლო-ამერიკულ – ვ.შ.) გიმნაზიებში ასწავლიან...
როდესაც ერის განადგურების მოწმე ხდები,-პირველი აზრი, რომელიც უნდა დაიბადოს ამ ხალხის გულის სიღრმეში თავისი ვინაობის დასაცავად და შესანარჩუნებლად, არის საერთო აღორძინების და საერთო მოქმედების იდეა” (ვ. შუბითიძე, ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი, თბ;2008, გვ.16-17).
სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს უშლის ასევე ქართული დაუდევრობა, „გიჟვრაცუობა“ და ანარქიულობა, ეგოიზმი და მკვეთრი ინდივიდუალიზმი, კანონებისადმი აგდებული და უპატივცემულო დამოკიდებულება. მართალია ეს კანონები უბრალოდ თარგმნილია სხვა ენებიდან და ხშირად არ ითვალისწინებს ქართულ ხასიათს და რეალობას, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვინმეს მისი აღსრულებიდან. კანონს კი ხალხი მაშინ იცავს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები განუხრელად მისდევენ მას. ცნობილია ისიც, რომ ხელისუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსლუტურად რყვნის პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ჩვენსავით ჩამორჩენილ ქვეყნებში, სადაც კანონის პატივისცემა არ არსებობს და მას თუ ვინმე იცავს, მხოლოდ იძულებით და არა – შეგნებულად.
იოლი გზით სიარულისა და გამდიდრებისადმი და კარიერის გაკეთებისადმი ქართველთა მასიურმა სწრაფვამ განაპირობა სწორედ “პოლიტიკური ყვარყვარიზმის” არაჯანსაღი ფენომენის დამკვიდრება. აბსოლუტურად მართალი იყო კონსტანტინე გამსახურდია, როცა წერდა, რომ “ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას-სარდლობა’-ო, რომ “ყველას მაღალი თანამდებობა, დიპლომი, ჩინი, სამსახური გინდათ მაშინ, როცა საჭიროა პატიოსანი, ბეჯითი, მხნე, უბრალო, მუშაკი, შემოქმედი ქვეყნის სიმდიდრისა, ახალი კულტურის გამავრცელებელი, ცხოვრების გამაუმჯობესებელი” (არჩილ ჯორჯაძე, იქვე, გვ.494).
როცა თანამდებობებზე საშუალო და უნიჭო ადამიანები მოდიან (ადრე თუ ახლა), ისინი ცდილობენ თავისზე უარესი და მათდამი მონურად მორჩილებით გამსჭვალული “ერთგული” ადამიანები დააწინაურონ – მეგობრების, ნათესავების, საყვარლების წრიდან. მერე ესენიც ანალოგიურად იქცევიან და იმეორებენ ბელადების მიერ დამკვიდრებულ შტამპებს. მართვის ასეთი სტილი და ხერხები ფეოდალურ-კლანურ მორალს ემყარება და სრულიად ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
პოლიტიკური ყვარყვარიზმი მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად ერთი პარტიიდან (მაგ. მოქალაქეთა კავშირიდან) მეორე პარტიაში (მაგ: ნაციონალურ მოძრაობაში, ახალ მემარჯვენეებში, ქართულ პარტიაში და ა.შ.) გადახვიდე, არამედ და უმთავრესად საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემთხვევითი და არაკომპეტენტური, ზნეობრივად კოჭლი ხალხის ყოფნას. ეს არის უპირველესი ხელისშემშლელი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისა, რომელსაც ერის რჩეული შვილები, ზნეობრივი და პროფესიონალი ადამიანები ( ანუ მოუხმობელნი – როგორც მათ უწოდებს ქართველი მეცნიერი პაატა იაკაშვილი) უნდა წარმართავდნენ. სამწუხარო რეალობაა, რომ განათლებულ, პატიოსან და ზნეობრივ პროფესიონალებს თითქმის ყველა სფეროში გზა ჰქონდათ და აქვთ დახშული – პოლიტიკაში, ბიზნესში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მასმედიაში, თვით მეცნიერებაშიც კი ( რომლის განვითარება არავის აინტერესებს და შესაბამისად წესიერი მეცნიერებიც სამათხოვრო არსებობისთვის არიან განწირულნი მასწავლებლებივით).
განსაკუთრებით ცუდი თვალით უყურებენ მათ პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობაში, რომლებიც წარმოადგენენ ერთი (არცთუ მაღალი) დონის ადამიანთა ისეთ ჯგუფურ გაერთიანებას, რომელიც თავის წიაღში ნიჭიერი ადამიანების შეღწევას გამორიცხავს. ნიჭიერი ადამიანები მათ თავიანთი ინტერესებისთვის, გამოსაყენებლად სჭირდებათ და არც ფიქრობენ მათთვის “თბილი” ადგილების დათმობას ან თავისზე წინ დაყენებას, ასპარეზის გახსნას.
ამიტომაც ნიჭიერ ადამიანს (ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს – კ. გამსახურდია) ბევრი მტერი ჰყავს საქართველოში. ეს მტრობა იგნორირებით იწყება და ხშირად ადამიანის სასოწარკვეთილებამდე მიყვანით, (ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გალაკტიონი), გაძევებით (რუსთაველი და სხვ.) და ფიზიკური ლიკვიდაციით (ილია, კირიონ II და ა.შ.) მთავრდება. ამაზედ ჩიოდა ავიცენაც თავის ლექსში:
“ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო
ვირებს ჰგონიათ ჩვენიაო მთელი სამყარო!
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო!”
დასავლურ სამყაროში ადამიანები სწავლით და შრომით, ბიზნესის კეთებით არიან დაკავებულები და როცა ამ სფეროში მატერიალურ წარმატებასაც მიაღწევენ, დააგროვებენ გამოცდილებას და ასაკში შევლენ (35-40 წლიდან), იწყებენ პოლიტიკაში მოღვაწეობას. ჩვენთან პირტიტველა ასაკის ხალხი ჯერ თანამდებობებზე ინიშნებიან (რასაც იყენებენ ფულის საშოვნელად) და უკვე გამდიდრებულნი და თანამდებობიდან გადაყენებულები ან “სასწავლებლად” მიდიან უცხოეთში ან კიდევ სასათბურე პირობებში შექმნილ თავის ბიზნესს უბრუნდებიან. სწორედ ასეთი ადამიანები არიან “განწირულნი” წარმატებისთვის და მილიონერობისთვის, მაშინ როცა ღირსეული ადამიანები სამათხოვრო არსებობისთვის იბრძვიან (მაგ. გურამ დოჩანაშვილი მხოლოდ 70 წლის ასაკში ეღირსა თავისი საოცნებო ქვეყნის – იტალიის პირველად ხილვას, ისიც “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” დახმარებით, მაშინ როცა თანამდებობის პირების ცოლები და საყვარლები ყოველთვიურად დაბრძანდებიან შოპინგებზე და პარიკმახერებთან რომსა და პარიზში).
ჯერ კიდევ არისტოტელე მიუთითებდა, რომ ჭკუა აქვთ ასაკოვან ხალხს, ძალა - ახალგაზრდებს. საჭიროა გამოცდილების და ცოდნის შეზავება ახალგაზრდულ ენერგიიასთან. რატომ აშშ-ში და ინგლისში არ ნიშნავენ ახალგაზრდებს 30 წლის ასაკში მინისტრებად? რატომ შედგებოდა რომის სენატი 60 წელს გადაცილებული ხალხისაგან? –იმიტომ რომ ცხოვრებაში მთავარია გამოცდილება და ცოდნა, რომლებიც წლებს მოაქვს. საქართველოში უნდა შეიქმნას ჯერ ეროვნული იდეოლოგია (თავისი 10 პარამეტრით), რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავება კადრების შერჩევის, სწავლებისა და აღზრდის თანამედროვე ტესტურ, ავტომატიზებულ, დასავლურ სისტემას ყველა მოხელისათვის, კადრების ბანკის შექმნას, თანამდებობის უმეტესობის კონკურსის წესით დაკავებას პროტექციის გარეშე, ნიჭიერი (თუნდაც იდეოლოგიურად და პარტიულად მოწინააღმდეგე) ადამიანების მოწვევას მთელ რიგ თანამდებობებზე. ნიჭიერები თავიდანვე, სკოლაშივე უნდა გამოვარჩიოთ და უფასოდ ვასწავლოთ მათთვის სპეციალურად შექმნილ კოლეჯში (თუ უნივერსიტეტში, ანუ შეიქმნას ქართული ოქსფორდი). Mმხოლოდ ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნით უცხოეთში თანამდებობაზე არავინ დაგნიშნავს და არც იმის გამო, რომ ლამაზი ხარ, გემრიელ ყავას ადუღებ ან ცვრიან მწვადსა წვავ და ჩხუბიც გეხერხება “შეფის” დასაცავად.
თუ გვინდა ამერიკელსა და გერმანელს, თუნდაც ჩეხსა და პოლონელს ვაჯობოთ (ან კონკურენცია გავუწიოთ), მათზე მეტი უნდა ვიცოდეთ. ესაა ჩვენი ხსნის ერთადერთი შანსი ნიჭიერებასთან ერთად (რომელიც ქართველს არ აკლია).
გამოჩენილი გერმანელი პოეტი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, რომელიც 1966 და 1997 წლებში ორჯერ იყო საქართველოში, მიიჩნევდა, რომ ხალხის თავისებურების შესწავლა იმის მიხედვითაც შეიძლება, თუ როგორ გადის იგი გარდამავალ ეტაპს და სახელმწიფოებრივად როგორ აზროვნებს. ამას, მისი აზრით, ამა თუ იმ ხალხის ისტორიული განვითარებაც განსაზღვრავს. ქვეყნები, რომლებიც ადრე დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დამოუკიდებელნი (მაგ. ჩეხეთი ან უნგრეთი) სხვაგვარად ახერხებენ ამას. საქართველო მეტ ხანს იყო დამოკიდებული ქვეყანა, თუმცა ძალიან ძველი კულტურა აქვს, ბევრად ძველი, ვიდრე ევროპის ქვეყნებს. ეს უფრო, თუ შეიძლება ასე ითქვას, კულტურული ნაციაა, ვიდრე სახელმწიფოებრივი ნაცია. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა (ამაში ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების დონეც იგულისხმება. ზბიგნევ ბჟეზინსკის გამოთვლით, თუ გერმანია და ავსტრია წელიწადში თავისი კეთილდღეობის დონეს 2%-ით მოუმატებენ, ხოლო ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი 4%-ით, ანუ ორჯერ მეტად, ჩეხეთს დასჭირდება 31 წელი, უნგრეთს – 46 და პოლონეთს 63 წელი მათ დასაწევად. სად ვიმყოფებით ახლა ჩვენ, ძნელი დასადგენი არაა – ვ.შ.) საქართველო მთელ მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა, თავისი კულტურით არის ცნობილი. ესეც კაპიტალია, ოღონდ პოლიტიკური კაპიტალი. მთავრობამ იმაზე უნდა იმუშაოს, რაც მას აქვს. მსოფლიოს ვერ ეტყვი, რომ აი, ჩვენ ქართველებს, კარგი მანქანები გვაქვს. ეს არ გამოდგება საქართველოს სავიზიტო ბარათად. “აზერბაიჯანს” რომ გაიგონებენ, ყოველთვის ნავთობი მოაგონდებათ, “საქართველოს” გაგონებაზე კი - კულტურა. ამიტომ პოლიტიკური ურთიერთობისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა კულტურული პოლიტიკის სწორად წარმართვა, წმინდა პოლიტიკური ანგარიშიანობის თვალთაზრისითაც. (“ლიტერატურული საქართველო”, 17-24 ოქტომბერი, 1997 წ.).
როცა ყველა თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ქვეყანაში (ანუ პურს მეპურე გამოაცხობს და არა ნებისმიერი უმუშევარი), როცა ნიჭიერები დაფასდებიან, შრომისმოყვარეებს სათანადო ანაზღაურება ექნებათ, დაფასდება გლეხის, მუშის, მეცნიერისა და ხელოვანის ცოდნა, მაშინ აღარც სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი იქნება და არც კადრების პრობლემა. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ჯვარ-პატიოსანი კაცის ფენომენი, რომელიც ზნეობით, ცოდნით, მართლმადიდებლური რწმენითაა შეიარაღებული და შეუძლია თავისი ქვეყნისათვის ნიჭის, ქონებისა და სიცოცხლის გაწირვაც კი (ვასო კუკუნაშვილი “ჯვარ-პატიოსანი”). ასეთი შეგნებით უნდა იზრდებოდეს ყოველი თაობა საქართველოში, ასეთი შეგნებით უნდა მოდიოდნენ ხელისუფლებაში ახალი ლიდერები.