დღეს, 31 ოქტომბერს, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობამ 7 მილიარდს მიაღწია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პლანეტის მეშვიდმილიარდე მოქალაქე 31 ოქტომბერს უნდა დაბადებულიყო, გაერომ 26 ოქტომბერს გაავრცელა. დღეს კი რამდენიმე ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მეშვიდმილიარდე ბავშვი სწორედ მათ ქვეყანაში დაიბადა, თუმცა, გაეროს ოფიციალური ინფორმაციით, 1999 წლისგან განსხვავებით, როდესაც მეექვსმილიარდე ბავშვი დაიბადა, გაერო ერთ კონკრეტულ ბავშვს არ მიანიჭებს ამ ”სტატუსს”. გაეროს წარმომადგენლების განცხადებით, მეშვიდმილიარდე მოქალაქის დაბადება საზეიმო მოვლენაზე მეტად დედამიწის მომავალზე დამაფიქრებელ დღედ უნდა იქცეს.
იმის გამო, რომ დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ 7 მილიარდს - ამ რეკორდულ ნიშნულს - მიაღწია, მსოფლიომ ახალშობილის შემატების გამო სიხარულთან ერთად მომავალზე ფიქრიც გააათმაგა. ”გამოწვევები, შესაძლებლობები და ქმედებები” -სწორედ ასეთია გაეროს დევიზი წელს. რა სისწრაფით იზრდებოდა დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა? - ამ კითხვაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე გვიპასუხებს:
”პირველი მილიარდი მსოფლიოში 1804 წელს დაფიქსირდა. ეს ძალინ დიდ ხნის წინ იყო. 123 წელი დასჭირდა იმას, რომ მსოფლიოში მოსახლეობა 2 მილიარდი გამხდარიყო, 3 მილიარდი მსოფლიოს მოსახლეობა გახდა 1960 წელს. გაორმაგებას დასჭირდა 30 წელი. წელს კი უკვე 7 მილიარდი ხდება. საინტერესოა ისიც, რომ შემდეგი მილიარდი 2027 წლისთვის იგულისხმება. მეცნიერები და სტატისტიკოსები ვარაუდობენ, რომ სადღაც 2050 წლისთვის მოსახლეობის ზრდის ტემპი მსოფლიოში დასტაბილურდება.”
დედამიწაზე მოსახლეობის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, განვითარდა ტექნოლოგიები, მრავალი ქვეყანა გადავიდა განვითარებადი ქვეყნიდან განვითარებულ ქვეყანათა რიცხვში. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოშიც გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, 2005 წლიდან დღემდე 100 ათასით არის გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა, რაც გამოწვეულია შობადობის ზრდითაც და დადებითი მიგრაციული სალდოთიც, ანუ ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად მეტი ბრუნდება, ვიდრე გადის. საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი საქართველოში შობადობის რაოდენობის გაზრდის სტატისტიკაზე საუბრობს:
” ბუნებრივმა მატებამ შეადგინა წინა წელს 14 000 721. ეს არის ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა ნიშნული სხვაობა, როდესაც 90-იანი წლებიდან - 1992-93 წლებიდან - 2000 წლამდე ეს მაჩვენებელი იყო მინიმუმი და შეადგენდა 200-300 ერთეულს. ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2009 წელს და ბუნებრივმა მატებამ შეადგინა 16 000 752.”
დღევანდელი დადებითი მაჩვენებელი, დემოგრაფების პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში კვლავ უარყოფითისკენ შეიცვლება. ამ ვარაუდს ის უდევს საფუძვლად, რომ რამდენიმე წელიწადში რეპროდუქციულ ასაკში შევლენ ის ქალები, რომლებიც 90-იანი წლების ძალიან მძიმე პერიოდში დაიბადნენ - მაშინ, როცა საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. დემოგრაფი გია წულაძე ამბობს, რომ 1992 წლიდან 2010 წლამდე შობადობის მაჩვენებელი საკმარისი არ იყო თაობათა განახლებისთვის. იმისათვის, რომ თაობათა აღწარმოება მოხდეს, საჭიროა საშუალოდ 10-მა ქალმა 21 ბავშვი გააჩინოს, ამბობს გია წულაძე და იქვე შენიშნავს, რომ 2007 წლიდან დღემდე შობადობის ამ ტემპით ზრდა წარმოუდგენელი და არნახულია, მაგრამ ასევე მოსალოდნელია შემდეგი:
”შობადობის შემცირება და შობადობისა და მოკვდავობის უარყოფითი თანაფარდობა მოსალოდნელი იქნება 2015-2017 წლიდან, ძალიან ცუდი ვითარება გვექნება და რატომ? - ზუსტად 90-იანი წლების თაობა შედის რეპროდუქციულ ქმედებაში.”
საქართველოში შობადობის ზრდას დემოგრაფები და სტატისტიკოსები სამი ძირითადი მიზეზით ხსნიან: რეგისტრაციის მოწესრიგება, შობადობის კალენდრის გადმოწევა, რაც გულისხობს დაგეგმილი შვილების გაჩენის ვადების შემჭიდროებას და, მესამე, ეს გახლავთ საქართველოს პატრიარქის განცხადება, რომ ყოველ მესამე შვილს თავად მონათლავს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე შობადობის ტემპისა და დადებითი დემოგრაფიული ტენდენციის შესანარჩუნებლად ჯანდაცვის საკითხების, განათლების საკითხებისა და სხვა საკითხების მოწესრიგებასთან ერთად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში, რაც მიმართული იქნება ახალგაზრდობის დასაქმებისა და რეალიზაციის ხელშესაწყობად სხვადასხვა პროგრამული ღონისძიებების შემუშავებისკენ, ვინაიდან საქართველოში დაოჯახების მსურველთა დიდი წილი სწორედ ახალგაზრდებზე მოდის:
” საქართველოში საკმაოდ ახალგაზრდაა ქორწინებისა და ბავშვის გაჩენის ასაკი და ეს ტენდენცია უცვლელია ბოლო 20 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ რა გამოცდილება რჩება ქალს პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ. ეს გამოცდილება ეხება როგორც ჯანდაცვის სფეროს, ფეხმძიმობის პერიოდს, ეს შეიძლება იყოს ფეხმძიმობის შემდგომი პერიოდი, შეიძლება ეს იყოს დამსაქმებლის ან საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიცია, რომელიც ახალგაზრდა დედას მიიღებს.”
მსოფლიოში 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას 10 მილიარდამდე ვარაუდობენ. შობადობის ზრდასთან ერთად ამის განმაპირობებელი ფაქტორი ისიცაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება. დემოგრაფი გია სულაძე ამბობს, რომ საქართველოში 50 წლის შემდეგ ასევე გაიზრდება ხანდაზმულთა პროცენტული შემადგენლობა, რაც, ისევე როგორც საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებისთვისაც ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი თავსატეხია:
”დღევანდელთან შედარებით, როდესაც 13-14 %-ის ფარგლებშია 65 და მეტი ასაკის ადამიანთა წილი, საქართველოში ავა 20%-ზე ზემოთ - დაახლოებით 25 %-მდე, პროგნოზული გაანგარიშებით, და ეს მოხდება 2050 წლისთვის. მაგრამ ნუ გვიკვირს, იმიტომ რომ ის, რაც მოხდება საქართველოში 2050 წელს, ზოგიერთ ქვეყანაში ახლა ხდება - მაგალითად, იაპონიაში. იაპონია ერთ-ერთი ყველაზე დაბერებული ქვეყანაა.”