რამდენად სრულყოფილად იძიებს საქართველოს მთავარი პროკურატურა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს, რა ეტაპზეა სამუშაოები, ამის შესახებ გორში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კოალიცია „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ წარმომადგენელი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გადაწყვიტა განეხორციელებინა მონიტორინგი ომის დანაშაულებეზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, პროკურორთან ერთად აკვირდება როგორ მიმდინარეობს გამოძიება ადგილობრივ დონეზე.
„იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქმის ყველა შემთხვევაში უარყოფს იმ მტკიცებულებას, რომ ომის დანაშაულებები შესაძლოა, მათი მხრიდანაც იყოს ჩადენილი, გამოძიების პროცესი თავიდანვე არასწორად წარიმართა. არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ ქართულმა მხარემაც ჩაიდინა ომის დანაშაულებები, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში შეჭრის დროს. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში 2010 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებებით აიკრძალა საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე პროცესების საჯაროობა; ისეთი წარმოდგენა იქმნება, რომ ხელისუფლება ცდილობს, დანაშაულებზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ანგარიშვალდებულების პროცესი საჯარო განხილვის ობიექტი არ გახდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებების გამო გვითხრა უარი საქართველოს სამართალდამცავმა სტურქტურებმა ინფორმაციის გაცემასა და შეხვედრებზე 2010 წლის შემოდგომაზე.. მოწმეებისა და მძიმე დანაშაულებების მსხვერპლთა ინტერვიუების საფუძველზე , რომლემაც უკვე მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს და რომელთა საქმეებიც ნამდვილად ყველაზე საგანგაშო და დოკუმენტირებულ საერთაშორისო დანაშაულებებს ეხებოდა, გაჩნდა სერიოზული ეჭვი, მიმდინარე ქართული გამოძიების შესახებ“,– ნათქვამია ჰელსინკის კომიტეტის ანგარიშში.
„არ შეუძლია, თუ არ უნდა“ ასეთი სახელწოდება აქვს თავად ანგარიშს, რომელიც შეხვედრაზე ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მკვლევარმა სიმონ პაპუაშვილმა წარმოადგინა. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ სხვადასხვა შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათ მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართულმა გამოძიებამ დაახლოებით, 3000 ადამიანი დაკითხა კონფლიქტის ზონაში. „მე ვიმოგზაურე თითქმის ყველა საზღვრიპირა სოფელში და ვისაც კი შევხვდი, ყველას ვეკითხებოდი, დაკითხეს თუ არა ქართველმა სამართალდამცავებმა. მინდა გითხრათ, რომ ვერც ერთ ასეთ ადამიანს მე ვერ შევხვდი რამდენიმე თვიანი მუშაობის მანიძლზე,“– ამბობს სიმონ პაპუაშვილი.
ქირსტენ დუჩენსი, რომელიც წამოადგენს კოალიციას „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ ამბობს, რომ საქართველოში მისი ყოფნის მიზანია გაეცნოს ქართული გამოძიების შედეგებს და საკუთარი დასკვნა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორის წინაშე წარადგინოს.
ნათია კაციტაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავარ პროკურატურაში საქმეები აღძრულია გენოციდისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევის მუხლებით. „გამოძიებას ჩვენ მივაწოდეთ დაზარალებულთა სიაც და შემდგომ რამდენჯერმე მოვითხოვეთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, თუმცა მათგან არც ერთი პასუხი არ მიგვიღია რამდენიმე ათეულ წერილზე,“– ამბობს ნათია კაციტაძე.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და პროკურორი თუ საბოლოოდ დარწმუნედებიან იმაში, რომ ქართული მხარე თავს არიდებს, ან არ ფლობს შესაბამის რესურსს ობიექტურად გამოიძიოს 2008 წლის ომის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარი დანაშაულები, სრულყოფილი სურათის შექმნის მიზნით, მზადაა და კანონმდებლობითაც ვალდებულია, თავად ჩაატაროს გამოძიება. საჭიროა თუ არა ამ მექანიზმის ამოქმედება, ჰააგაში მას შემდეგ დაადგენენ, როდესაც გაეცნობიან სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კოალიციების დასკვნებს ქართული გამოძიების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.