თბილისელი ბინათმოსარგებლეების ნაწილს შეიძლება უმძიმესი ახალი წელი გაუთენდეს. 2 თვის შემდეგ თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ათას ოჯახს ბინიდან გაძევება ემუქრება. ამ დროისთვის იწურება ვადა, როდესაც „ატსტუპნიკი“ თუკი ბინის მესაკუთრესთან რამე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მან საცხოვრებელი უნდა დატოვოს.
ამიტომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საპროტესტო ტალღამაც იმატა. პარლამენტის შენობის წინ თბილისელი ბინათმოსარგებლეების ე.წ. „ატსტუპნიკების“ საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით - „ბაქრაძევ, კუბლაშვილო, თორდიავ და მაჭავარიანო - ნუ გვაქცევთ დევნილებად საკუთარ ქალაქში“.
აქციის ორგანიზატორი იყო „ბინათმოსარგებლეთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ და „თავისუფალ ასოციაციათა კავშირი“.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კანონმდებლობაში იმ მუხლის გაუქმებაა, რომლის თანახმად, თუკი ბინით მოსარგებლე - ე.წ. „ატსტუპნიკი“ მესაკუთრესთან რამე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მან ბინა 2012 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა დატოვოს.
„თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, აღნიშნული მუხლი ახალ წელს ბინათმოსარგებლეების ქუჩაში გამოყრისა და მშობლიურ ქალაქში მათი დევნილებად ქცევის საფუძველია. შესაბამისად, ისინი კანონის ამ ნორმის გადავადებას, სულ მცირე 3 წლით ითხოვენ.
ბინითმოსარგებლეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენლის ნანა კიკნაძის განმარტებით კი, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ დეპუტატობის პერიოდში ჰქონდა მომზადებული პროექტი, რომლის თანახმად, იმ ბინათმოსარგებლეებს, რომლებიც შესაბამის ბინებში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და გადასახადებს კეთილსინდისიერად იხდიდნენ, ფართი საკუთრებაში ავტომატურად უნდა დაკანონებოდათ.
კიკნაძის ინფორმაციით, „მთავრობაში ბევრი ბინისმესაკუთრეა“ და კანონმდებლობაც სწორედ მათ ინტერესებს იცავს.
„ე.წ. „ატსტუპნიკების“ პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოში არსებობდა, მაგრამ მათმა მთავრობებმა ის ბინათმოსარგებლეთათვის უმტკივნეულოდ და წარმატებით გადაწყვიტეს. საქართველო კი ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოახერხა“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
„ატსტუპნიკებმა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და უმრავლესობის წევრებს მიმართვაც გაუგზავნეს.
„ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ გაუქმდეს კანონის ის მუხლი, რომლითაც საცხოვრებელი სახლები 2012 წლის 1-ლ იანვრამდე უნდა დავტოვოთ, რაც ახალ წელს ბინათმოსარგებლეების ქუჩაში გამოყრასა და მშობლიურ ქალაქში დევნილებად გახდომას ნიშნავს. ასევე, პარლამენტმა უნდა განიხილოს „ბინათმოსარგებლეთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი და დასამტკიცებლად გაიტანოს პლენარულ სხდომაზე“, - ნათქვამია მიმართვაში.
მართლაც უკვე 2 თვის შემდეგ თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ათას ოჯახს ბინიდან გაძევება ემუქრება. კანონმდებლობით კი, თუკი „ატსტუპნიკი“ მესაკუთრესთან ან სასამართლოს გზით ან მის გარეშე რამე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მან 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ბინა უნდა დატოვოს.
რამდენიმე დღის პარტია წინ თავისუფალი დემოკრატები აღნიშნული ვადის გადაწევას ითხოვდნენ და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ვადის გადაწევაზე უარი თქვა. მათი ინიციატივა იმით შემოიფარგლა, რომ პარლამენტის ყველა ბინათმოსარგებლე სასამართლოში ბაჟისგან გაათავისუფლეს, თბილისის მერია კი მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს და სათანადო სარჩელების მომზადებაში დაეხმარება.
დეპუტატი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ გადავადების გარეშე პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია, ამიტომ ახალი წლის ღამეს ათასობით ოჯახი ღია ცის ქვეშ რომ არ აღმოჩნდეს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადავადების გადაწყვეტილება.
„ათასობით ოჯახია, რომელსაც ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის ამ კატეგორიის მიმართ ასეთი დისკრიმინაციული დამოკიდებულება უსამართლოდ მიგვაჩნია. არ ვართ წინააღმდეგი, რომ მესაკუთრემ კომპენსაციის საფუძველზე დაიბრუნოს საკუთრება, მაგრამ არა უმკაცრესი და უსამართლო წესების დამკვიდრებით. პირდაპირ ეუბნებიან ამ ადამიანებს, რომ ახალი წლის ღამეს გააგდებენ სახლებიდანო. ეს ის ხალხია, რომელიც ათეული წელია ცხოვრობს საკუთარ ჭერქვეშ.
უმჯობესია, დროში გაიწელოს და ათასობით ოჯახი ღია ცის ქვეშ დაჩენას ავარიდოთ, ვიდრე ხისტი მოქმედებით პრობლემები გავაჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე მიდის იქითკენ, რომ უსახლკაროთა არმიას ათასობით ოჯახი შეემატება, რაც საკითხისადმი და კონკრეტულად ამ ადამიანებისადმი ძალიან ცუდი მიდგომა იქნება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.