სასჯელის ახალი სახე

სასჯელის ახალი სახე

ხელისუფლება სადამსჯელო ღონისძიებად მოქალაქეობის შეჩერებას იყენებს, - ეს შეფასება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ში საქართველოს საპატიო კონსულს ლაშა დარბაიძეს facebook-ზე ივანიშვილის სურათების გამოქვეყნების გამო ჯერ მოქალაქეობა შეუწყვიტეს და შემდეგ თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს. სწორედ ამიტომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას თავად ლაშა დარბაიძეც და ოპოზიციაც პოლიტიკურ დევნად აფასებს.    

აშშ-ში საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გუშინვე დაადასტურა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამის მიზეზად კონსულის მიერ მოვალეობის სათანადოდ ვერშესრულება დაასახელა. კალანდაძის თქმით, საპატიო კონსული უნდა მოქმედებდეს საქართველოს ინტერესების შესაბამისად და განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო ურთიერთობებში წვლილის შეტანაზე გააკეთა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პერიოდულ მონიტორინგს როგორც დიპლომატებზე, ისე საპატიო კონსულებზე, თუ რამდენად ჯეროვნად ახორციელებს ესა თუ ის პირი საკუთარ მოვალეობას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამ შემთხვევაშიც განხილვის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება.სხვა კონსულებიც იგივე ბედს გაიზიარებენ, თუ პირობები დაკმაყოფილებული არ იქნება“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

თუმცა, იგი ვერაფერს ამბობს, კონკრეტულად რაში გამოიხატება მის მიერ მოვალეობის ვერ შესრულება.

სულ ორიოდე თვის წინ ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზია „იმედზე“ საგანგებო გადაეცემა მიეძღვნა ლაშა დარბაიძის საქმიანობას. გადაცემა „იმედის გმირებში“ აქცენტი სწორედ იმაზე გაკეთდა, თუ როგორი პროფესიონალია ეს ადამიანი და საქართველოსთვის უანგაროდ და თავდადებით რამდენ რამეს აკეთებს.

ცხადია, ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიაში გასული ეს გადაცემა სწორედ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მიუთითებდა და ამიტომაც საინტერესო ის არის, ამ ორ თვეში რა შეიცვალა ისეთი, რომ ეს ადამიანი მოვალეობას ვეღარ ასრულებდა. 

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ივანიშვილის გამო მიიღო. ყოველ შემთხვევაში, თავად ლაშა დარბაიძე მის გათავისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორებით ხსნის.

იგი აცხადებს, რომ ხელისუფლება facebook-ზე, მის პირად გვერდზე განთავსებული ბიძინა ივანიშვილის სურათების მოხსნას სთხოვდა, რაც არ შეასრულა და მიიჩნევს, რომ კონსულობა სწორედ ამიტომ ჩამოართვეს. დარბაიძის თქმით, 24 ოქტომბერს, აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების დავალებით შეხვდა ადამიანი, რომელმაც საიტზე განთავსებული ბიძინა ივანიშვილის ფოტოების ამოღება მოსთხოვა. ფოტოებზე კი აშშ-ს ელჩის ჯონ ბასისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო ასახული.

„მე შევეწინააღმდეგე და უარი ვთქვი ფოტოების ამოღებაზე, რის შემდეგაც ერთ დღეში უფლებამოსილება შემიწყვიტეს. როდესაც ვიკითხე, თუ რატომ უნდა ამომეღო ფოტო, მიპასუხეს, რომ ჩვენ ვსარგებლობთ დიდი პოპულარობით ქართულ დიასპორაში და ჩვენი ინტერესი ამ პიროვნების მიმართ ძალიან ცუდად იმოქმედებდა ხალხზე და გარკვეულ ბიძგს მისცემდა“, - განაცხადა ლაშა დარბაიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს წევრები, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგნელები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე საკრებულოში დაკავებული თანამდებობედიან გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლების მოტივადაც ის დასახელდა, რომ მოვალეობას ვერ ასრულებდნენ და „გაუგებარ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ“.

იმის გამო, რომ ირაკლი ალასანიას და ბიძინა ივანიშვილს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, ეს გადაწყვეტილებაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასდა.

საინტერესო ის არის, რომ ლაშა დარბაიძის შემთხვევაში უკვე ორმაგი ანგარიშსწორება იკვეთება. 4 ოქტომბერს გამოცემული პრეზიდენტის ბრძანებულებით მას საქართველოს მოქალაქეობაც შეუჩერდა. ამის მიზეზად ბრძანებულებაში მის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაა დასახელებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მიიღო დარბაიძემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ამის შესახებ ქართულმა მხარემ ინფორმაცია როდის შეიტყო.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერებისას ითქვა, რომ ხელისუფლებამ არ იცოდა, მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა რომ ჰქონდა მიღებული და მისი განცხადების შემდეგ გაიგეს. ქართული კანონმდებლობა კი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შეჩერებას გულისხმობს. თუმცა, პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლება აქვს.

მაგრამ, დარბაიძის შემთხვევაში ვერ იტყვიან, რომ მათ არ იცოდნენ, აშშ-ის მოქალაქეობა რომ მიიღო, რადგან „ვიკიპედიაში“ არსებულ დარბაიძის ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ მან აშშ-ის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო. ეს ინფორმაცია კი, ცხადია, ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომია.

ამასთან, თავად ლაშა დარბაიძეც აცხადებს, რომ მან აშშ-ის მოქალაქეობა წელიწადნახევრის წინ მიიღო და ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. ამიტომაც თავად ამ საკითხსაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

მოქალაქეობა შემიწყვიტეს ორი დღის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტეს მოქალაქეობა. რატომ მოხდა ასეთი დამთხვევა, ვერ ვხვდები“, - აცხადებს ლაშა დარბაიძე.

მოქალაქეობის შეწყვეტის ოფიციალურ დოკუმენტში კი ამ გადაწყვეტილების თარიღად 2011 წლის 4 ოქტომბერია მითითებული. ამასთან, ამ ბრძანებულებაში მოქალაქეობა კიდევ 37 ადამიანს აქვს შეწყვეტილი. ბიძინა ივანიშვილს კი მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს შეუწყდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა წინა რიცხვში იყოს გაფორმებული და სწორედ ამიტომ მოხვდა ამდენი ადამიანის ჩამონათვალში, „რომ ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო“.

„როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას დასჯის ახალი მეთოდი შემოაქვს, რაც მოქალაქეობის ჩამორთმევას გულისხმობს. ასე ექცევიან იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არ სურთ, რომ საქართველოს ქუჩებში იარონ. ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, რადგან ხელისუფლება ისე გატუტცდა, რომ საიტზე ჩამოკიდული ფოტოების გამო უკანა რიცხვით აფორმებს ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ამიტომაც ამ ყველაფერს რა შეიძლება ეწოდოს თუ არა პოლიტიკური დევნა? ეს კი ჩვეულებრივ კრიმინალზე უფრო დიდი კრიმინალია“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობას კი ამ თემაზე ლაპარაკიც არ სურს, რაც კიდევ დამატებით კითხვებს აჩენს.