[www.kvirispalitra.ge]
გასულ კვირას გამაოცა უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეორე ნახევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის ექსცენტრიკულმა კრიტიკამ, რაც მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას ეხებოდა. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვინც 45-წლიდან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს დაასაქმებს, საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდებაო. ეს ინფორმაცია ჯერ "თავისუფლების ინსტიტუტის" იდეოლოგმა და სულისჩამდგმელმა ლევან რამიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გამოაქვეყნა, შემდეგ რამიშვილის პათოსი გიგა ბოკერიას მეუღლემ და ჟურნალ "ტაბულის" რედაქტორმა გაიზიარა და თავის გვერდზეც განათავსა გამაოგნებელი კომენტარით: "ეს რა დებილობაა?! თუ ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი თქვენგანი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან". რასაკვირველია, ქალბატონ ჩერგოლეიშვილს თანამოაზრეებიც უმალ გამოეხმაურნენ და სააკაშვილს მწარედ დასცინეს, სტატუსს კი ზომაზე მეტი "დამლაიქებელი" გამოუჩნდა. ბოლოს კი, როცა ერთ-ერთმა ფეისბუკელმა "მაღალსა" და კადაფის შორის პარალელი გაავლო, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლემ უხერხულობა იგრძნო და სტატუსი კომენტარებიანად ააორთქლა, მაგრამ გვერდის ასლის შენახვა მაინც მოვასწარი.
- სააკაშვილის ინიციატივა ნამდვილად სასაცილოა. თუ ხელისუფლების წევრები დებილებს ეძახიან ერთმანეთს, ეს მათი პრობლემაა. 45-დან 60-წლამდე თაობა ადრე "ჩარეცხილი" იყო. ახლა კი ხელისუფლება ცდილობს, ამ ასაკის ადამიანებს იმაზე უკეთესად მოაჩვენოს თავი, ვიდრე სინამდვილეშია. ბუნებრივია, ამ მოტივით არის ნაკარნახევი პრეზიდენტის ინიციატივა. რა გამოდის? თუ ადრე ასაკობრივ კატეგორიაზე მხოლოდ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს სჯერდებოდნენ, ახლა კანონით მოინდომეს ასაკობრივი დისკრიმინაციის გამომხატველი ცენზის დაწესება. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს! დიახ, ჩვენ ჭეშმარიტად ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც საგადასახადო კოდექსში შეღავათებს დასაქმებულ პირთა ასაკის მიხედვით ადგენს. მაინტერესებს, საგადასახადო კოდექსში სიტყვასიტყვით ჩაწერენ, რაც პრეზიდენტმა ბრძანა, თუ უფრო მეტ "კრეატიულობასთან" გვექნება საქმე?! დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირებს, რომლებიც ამ ინიციატივის გახმაურებისას პრეზიდენტს გვერდს უმშვენებდნენ, კარგად ესმოდათ, რა წარმოუდგენელ სისულელეზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ქვეყნის თავკაცს მაინც ყველა დაეთანხმა. სიმართლე გითხრათ, ეს უფრო შემაშფოთებელი იყო. რატომღაც მგონია, რომ ეს ინიციატივა კანონში არ აისახება.
- და მაინც, თუ აისახა, რა მოჰყვება შედეგად?
- თავდაყირა დადგება ყველაფერი, გამოაშკარავდება ხელისუფლების პოლიტიკური სიბეცე, რადგან ბაზარზე სამუშაო ადგილების განსაზღვრული რაოდენობაა. უფრო მეტი ვაკანსია ჰაერიდან ხომ არ გაჩნდება?! გამოდის, ახალგაზრდების (თუნდაც პროფესიონალების) ხარჯზე გამოთავისუფლდება ადგილები. ხელისუფლება საბოლოოდ 45-იდან 60 წლამდე მოქალაქეთა გულს კი მოიგებს, მაგრამ ახალგაზრდებს მოიკიდებს მტრად... შესაძლოა, საწარმოებმა ახალგაზრდები ამუშაონ, ასაკოვნები კი გააფორმონ. მოკლედ, ათასგვარი კომბინაციის მოფიქრება შეიძლება, რომლის ადმინისტრირებაც შეუძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ასაკობრივი დისკრიმინაციის მეშვეობით შექმნის უზარმაზარ ხვრელს საგადასახადო სისტემაში.
- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დაფუძნდა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი. რა სახის კვლევების ჩატარებას აპირებთ?
- განვლილმა 20-მა წელმა ცხადყო, რომ მუდმივად შეცდომებს ვუშვებთ, ამიტომ საბჭოური მემკვიდრეობიდან გამოსვლა გაგვიჭირდა, ფაქტობრივად, დეკლარირებული ფასეულობებისკენ ნაბიჯიც კი ვერ გადავდგით. ამიტომაც უნდა გავაანალიზოთ, თუ რა შეცდომები დავუშვით, მიმდინარე რეფორმები განვიხილოთ და შევქმნათ შეცდომების ისტორია, რათა მომავალში მაინც ვიაროთ სწორ გზაზე. კვლევებში ექსპერტები ჩაერთვებიან. მოვიწვევთ იმ ექსპერტებსაც, რომლებიც ხელისუფლების რეფორმების მხარდამჭერები არიან (მაგალითად, ნოდია, ჯგერენაია და სხვებიც). ამ წრეში არ მოვიაზრებთ ახალგამოჩეკილ ექსპერტებს, რომლებსაც იდეოლოგიური რუპორის ფუნქცია აკისრიათ და კვალიფიკაციის დონეც დაბალი აქვთ. ჩავატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს, რომ ამა თუ იმ რეფორმისთვის ნიადაგი მოვსინჯოთ, გავარკვიოთ, მიიღებს თუ არა მას საზოგადოება.
ჩვენს ინსტიტუტში 5 ან მეტი დეპარტამენტი იქნება. მაგალითად, შეიქმნება სამართლის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა საკითხს, დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვით და დამთავრებული ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობით. ასევე შეიქმნება ეკონომიკის დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სოციალური ჯანდაცვის საკითხებს და ა.შ. შეიქმნება განათლების, ასევე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დეპარტამენტები და სხვ.
- კვლევით ცენტრს კავშირი თუ აქვს ბიძინა ივანიშვილთან?
- როცა ინსტიტუტი დავაფუძნეთ, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციას მივმართეთ მხარდაჭერისთვის. პირველად ბიძინა ივანიშვილი გამოგვეხმაურა. ის მზად არის, ყველა სასიკეთო წამოწყებას შეუწყოს ხელი, მაგრამ ჩვენს საქმიანობაში არ ჩაერევა. ამის გარანტია უკვე მივიღე. ბატონი ბიძინა წლების განმავლობაში ისე ეწეოდა ქველმოქმედებას, სანაცვლოდ არავისგან არაფერი მოუთხოვია. ეს მისი პრინციპია.
ცხადია, თუ გვთხოვს კვლევას ან რჩევას, არ დავიზარებთ. არათუ ბიძინას, სააკაშვილსაც შევხვდი ორიოდე წლის წინ, სადაც გარდაცვლილ პატარკაციშვილზე ვისაუბრეთ, ვურჩიე ბადრის ოჯახთან ბრძოლა შეეწყვიტა. ველაპარაკე ბენდუქიძეზეც. სხვათა შორის, მაშინ სააკაშვილმა ძალიან მალე გაათავისუფლა ბენდუქიძე თანამდებობიდან, მოგვიანებით კი ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახთან დავაც მორიგებით დაასრულა. ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც ექიმს არა აქვს უფლება, თავად აირჩიოს, ვის უმკურნალოს და ვის არა, ისე ჩვენც არა გვაქვს უფლება, ამორჩევით ვესაუბროთ პოლიტიკოსებს. სხვათა შორის, კრიტიკა მხოლოდ უგუნურს ეჩვენება მტრობად, გონიერი კი მას ითვალისწინებს და შეცდომას ნაკლებად უშვებს. სიმართლე გითხრათ, როცა ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გარშემომყოფთაგან სწორედ კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს.
- როგორ ფიქრობთ, 1-ელ ნოემბერს მას ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებზე სიმშვიდის შენარჩუნება გაუჭირდება?
- ვფიქრობ, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას პრობლემა არ შეექმნება, რადგან გულწრფელი კაცია. ის სხვა პოლიტიკოსებისგან იმით განსხვავდება, რომ თუ რამე არ იცის, ამბობს კიდეც. საზოგადოების რაღაც ნაწილს ჰგონია, რომ პოლიტიკოსმა უნდა ილაპარაკოს მაინცდამაინც პოლიტიკური ტერმინებით. როცა ადამიანი ამბობს, რომ რაღაც არ იცის, სინამდვილეში ბევრად იმაზე მეტი იცის, ვინც ამბობს, ყველაფერი ვიციო. საქართველო დაღუპეს, დანგრევის პირას მიიყვანეს "ყოვლისმცოდნე" ადამიანებმა! წარმოუდგენელია, ერთმა კაცმა ყველაფერი იცოდეს.
- ინტერნეტში ambebi.ge-მ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხების სრული ნუსხა გამოაქვეყნა. მგონი, უდიდესი ნაწილი სწორედ სამთავრობო რეფორმების გატარებისთვის არის დახარჯული.
- როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილი აძლევდა ფულს ხელისუფლებას და ფიქრობდა, რომ ამით საზოგადოებას ეხმარებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი მიხვდა, რომ ფული ფუჭად დახარჯა, ამიტომაც გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა.
ახლა ისიც გაირკვა, რომ ძალიან ბევრი ობიექტი, სადაც ხელისუფლება ლენტებს ჭრიდა და ქულებს იწერდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით ყოფილა გახსნილი. რეფორმები, რომელთა წარმატებაზეც ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობდა, თურმე სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ყოფილა.
ახლა ხელისუფლებას გაახსენდა, რომ ივანიშვილი "რუსული პროექტია". გამოდის, ეს პროექტები რუსული ფულით დაფინანსებულა და ხელისუფლებაც რუსული ფულით იღებდა ხელფასს.
- ეროვნულმა ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა, "ქართუ ბანკს" იმ ოდენობის ფული გამოუყოს, რაც დაუყადაღეს.
- ხელისუფლება გაუაზრებლად და ექსცენტრიკულად მოქმედებს. მან არა მარტო "ქართუ ბანკს", მთელ საფინანსო სისტემას შეუქმნა პრობლემა. რეალურად ხომ ბიძინა ივანიშვილის ბანკი წარმოადგენს კაპიტალის ძალიან მცირე ნაწილს, რომელსაც ზურგს თავად მაგნატი უმაგრებს? ბიძინა ივანიშვილი თავად არის გარანტი, რომ მისი ბანკის კლიენტები არ დაზარალდებიან. ამიტომ ხელისუფლება მიხვდა, რომ "ქართუსთან" ბრძოლით ივანიშვილზე მეტად საკუთარი თავი დააზარალა.
სასაცილო იყო ეროვნული ბანკის შესვლა "ქართუშიც" იმ მოტივით, რომ ფინანსური სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აშკარაა, ამ ვითარებაში "ქართუსთვის" წართმეული მილიონების დაბრუნება უფრო გონივრული იქნება.
ცხადია, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისა იმდენად შეეშინდა, რომ არაადეკვატურად მოიქცა.