„ვერ ვგრძნობ, რომ ხელისუფლებას ხიფათის განცდა ჰქონდეს“

„ვერ ვგრძნობ, რომ ხელისუფლებას ხიფათის განცდა ჰქონდეს“

ინტერნეტ-რესპონდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციონერ მეცენატ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა მიანიჭოს და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცეს. „პირWელის“ გამოკითხვაში სულ 981-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

 

მათი პასუხები კითხვაზე, „თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში?“ შემდეგნაირად გადანაწილდა: „მოქალაქეობა მიანიჭოს და არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცეს“ - 873 ხმა (რესპონდენტთა მთლიანი რაოდენობის 88.99%); „არ დაუშვას ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა“ - 65 ხმა (6.63%); „მასთან მოლაპარაკებები აწარმოოს“ - 43 ხმა (4.38%).

 

თუნდაც ამ ბოლო გამოკითხვიდან გამომდინარე, ხალხის დამოკიდებულება სახეზეა. ჯერი ხელისუფლების გონიერებაზეა. შეცვლილი პოლიტიკური რეალობის პირობებში რა გზას დაადგებიან ისინი, ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს.

 

ამ თემაზე, თავისუფალ ასოციაციათა კავშირის ლიდერ ალექსანდრე შალამბერიძეს ვესაუბრებით.

 

ალექსანდრე შალამბერიძე: აქ ორი მომენტი მუშაობს. პირველი – მოსახლეობას ყელში ამოუვიდა სააკაშვილის მმართველობა; მას ტერორის და ადამიანების გაყვლეფის მეტი არაფერი მოუტანია. დაკარგა ტერიტორიები. სამწუხაროდ, არ ჩანს უკეთესის პერსპექტივებიც, რომ ხელისუფლება თავის პოლიტიკურ ქმედებებს შეცვლის.

 

ამ ფონზე, ადამიანებს იმედი გაუჩნდათ, რომ ასეთი შეძლების და ქველმოქმედების ადამიანი ასპარეზზე გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ყოველგვარი ხმაურის გარეშე საქვეყნო საქმეს აკეთებდა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ის თავისი გუნდით შეცვლის არაპოპულარულ ხელისუფლებას. ჩნდება შანსი, რომ მოქალაქეები მომავალში მაინც ნორმალურად იცხოვრებენ.

 

მეორე მომენტია, რომ ადამიანი ყოველთვის ჩაგრულის მხარესაა. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, თავისი ბუნებით, უკანონო დებულებასთან გვაქვს საქმე. ყველა ქართველს ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ქვეყნის ქვეშევრდომი იქნება.

 

ამდენად, მოსახლეობაში არსებული სამართლიანობის მიღწევის გრძნობა, პლიუს არაპოპულარული ხელისუფლების ქმედებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ხალხში გამოკითხვის ასეთ მაჩვენებლებს იწვევს.

 

რაც შეეხება ხელისუფლების შესაძლო რეაქციებს, ხალხის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებაზე?

– ვერ ვგრძნობ, რომ ხელისუფლებას ხიფათის განცდა ჰქონდეს. დევნილების უკანონო და სამარცხვინო გამოსახლება ისევ მიმდინარეობს; ხორციელდება ბიზნესის ტერორი, ადამიანს საერთოდ არ შეუძლია კერძო ბიზნესის წამოწყება. ამის მაგივრად, ადგილი აქვს მხოლოდ პიარგანცხადებას, 45–წლიდან 60–წლამდე ადამიანების დასაქმებაზე და საშემოსავლოების არგამორთმევაზე. ესეც რეალურად არაფრისმომტანი განცხადებაა, არსებული მძიმე რეალობების გათვალისწინებით.

 

იგივე შეიძლება ითქვას სიმინდის ტაროებში ფულის გადახდაზე, რომელიც ჩვენმა გლეხებმა ვერ მოიყვანეს. ესეც სწორედ მმართველი ხელისუფლების უნიათობის გამოისობით მოხდა.

 

რა აიძულებს ხელისუფლებას, რომ ხალხის მოთხოვნების შესაბამისი, ადექვატური პოზიცია დაიკავოს?

– მათ ერთი ინტერესი ამოძრავებთ – ხელისუფლებაში ჯდომა ფულის საკეთებლად. ალბათ გახსოვთ, დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილის ცხოვრების მიზანი აფხაზეთის დაბრუნება იყო. დღეს მისი მთავარი სამიზნე, ქვეყანაში ჰიბრიდული სიმინდის მოვლა–მოყვანაა.

 

ასე რომ, გრძნობენ, დიდი ფულის კეთების ეპოქას ბოლო მოეღება. ამას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა გამოიწვევს; არასასურველი პერსპექტივა სააკაშვილს  უბიძგებს ყველანაირი ზომა მიიღოს, რომ ეს არ მოხდეს.

 

ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ყველაზე კაშკაშა და გამორჩეული ბიძინა ივანიშვილია. ამიტომ, ყველაზე დიდი დარტყმები, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

 

აქ ერთი გამოსავალი არსებობს. ჩვენმა მოსახლეობამ ამ ბრძოლაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. არ უნდა გაჩერდეს და მიენდოს, რომ ივანიშვილი მოვა და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. არა, ასე არაფერი გამოვა.

 

ხალხმა თავისი საქმეც უნდა გააკეთოს; იბრძოლოს, გაერთიანდეს თვისუფალ ასოციაციებში, საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; პროფესიული იქნება, სოციალური თუ სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რათა ასეთი ძლიერი სამოქალაქო ჯგუფებით შეძლოს ბრძოლა იმ ტირანიის წინააღმდეგ, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ჰქვია.

 

ფიქრობთ, რომ ასეთ ბრძოლას დღესდღეობით ადგილი არ აქვს?

– პირადად უკვე დიდი ხანია ამ საქმეში ჩართული ვარ. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო ჯგუფი შეიქმნას. რათა ადამიანები გამსჭვალულნი იყვნენ, რომ ხელისუფლების ცვლილება, მათი ცხოვრების დადებითისკენ შეცვლას, პრობლემების გადაწყვეტასაც გამოიწვევს.

 

ეს ბრძოლა დაწყებულია. მაგრამ მას კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, გაძლიერება სჭირდება. თითოეული ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ასეთი კუთხით ბრძოლაში მისი წვლილი განუმეორებელი და ფასდაუდებელია.

 

საკუთარი ადგილისთვის, ინტერესებისთვის გააქტიურება ის საერთო, სახელმწიფოებრივი ბრძოლაა, რომელიც ამ ადამიანებს უფლებების უზრუნველყოფამდე, კეთილდღეობის ზრდამდე მიიყვანს.