დავით თარხან–მოურავი: “პოლიტიკური გაერთიანების “წინააღმდეგობის მოძრაობა“ გული იმასთან მიდის ვინც ქართველია“

დავით თარხან–მოურავი: “პოლიტიკური გაერთიანების “წინააღმდეგობის მოძრაობა“ გული იმასთან მიდის ვინც ქართველია“

კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება – “წინააღმდეგობის მოძრაობა“ დაფუძნდა, რომლის მხარდამჭერთა დარბაზში გაერთიანებულნი არიან: რობერტ სტურუა, გელა ნიკოლაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რეზო ჩხეიძე, ირმა ინაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ნანა შონია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლალი აფციაური, გურამ ფირცხალავა, თემიკო ჭიჭინაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ნინო რატიშვილი, ლელიკო ჯაფარიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზურა მანჯავიძე, გოგი ქავთარაძე, დიმა ჯაიანი, ქეთი დოლიძე, ლილი და ნანა ხურითები... ეს ადამიანები გაერთიანების წევრები არ არიან, ისინი უბრალოდ თანადგომას უცხადებენ ახლადშექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას. 

 

ყრილობაზე პოლიტიკური გაერთიანება “წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარედ დავით თარხან–მოურავი აირჩიეს, ხოლო გენერალურ მდივნად სოსო მანჯავიძე. პოლიტიკური გაერთიანების სამდივნოში გაერთიანებულნი არიან: მარინა ბერაძე, სოსო ზაალიშვილი, რეგან თელოიანი, ალექსანდრე კეზევაძე, არჩილ ლეკიშვილი, ადა მარშანია, ერეკლე საღლიანი და ელგუჯა ჩხაიძე, ხოლო ამავე ორგანიზაციის კომიტეტში: მამუკა გობეჩია, ნატა თარხან-მოურავი, ნანა კალანდაძე, მიხეილ კაჭკაჭიშვილი, ჯიმშერ ოთანაძე, გოდერძი ოთარაშვილი, ნინო პეტრიაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი და შოთა ჭოხონელიძე.

 

ახალი პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ “ობიექტივი“ ესაუბრა “წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარეს, დავით თარხან–მოურავს.

 

რამ განაპირობა ახალი პარტიის შექმნა, მაშინ, როცა უამრავი პარტიაა?

- ამ კითხვაზე, რომ გიპასუხოთ, ჯერ იმ ვითარებაზე უნდა ვისაუბრო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი – ხალხის მოსყიდვის, დაშინების და დაყაჩაღების გზით, 2008 წლის საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, დღეს ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებული აქვს 15–20–კაციან ჯგუფს, რომელთა შორის ზოგი ავანტიურისტია და ზოგი დამნაშავე. მათ ისეთი ხელისუფლება შექმნეს, რომელიც მხოლოდ ძალას ეფუძნება, მეტს არაფერს. ეს ძალა ხელისუფლების სათავეში დღემდე იმიტომ შემორჩა, რომ ადამიანებს აშინებენ, იჭერენ. ჩვენი ქვეყანა ერთ ძალიან დიდ ციხეს დაემსგავა, სადაც ყველაფერს გართმევენ და სადაც ადამიანები სიკვდილის პირამდე მიჰყავთ. ცენტრალური ტელეარხები ავანტიურისტთა და დამნაშავეთა ჯგუფის ხელშია და ეს ტელევიზიები მათი ენით საუბრობენ. აი, ეს არის ჩვენი ქვეყანა.

 

ტერორისტული მანქანა თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. მათ შორის იმათაც, ვინც ან “ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ან ამ ხელისუფლებას ემსახურება. ხელისუფლების ქვედა და საშუალო დონეზე მომუშავე ადამიანების ჩათვლით, ყველა ხვდება რა უბედურებაში ვართ. ეს ხელისუფლება არ უყვარს მათივე თანამშრომლებს. ვანო მერაბიშვილი არ უყვართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

დასამალი და ახალი არაფერია იმაში, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგია საზოგადოებას არ მოსწონს და დღეს, არც ერთ პარტიას არ აქვს სერიოზული მხარდაჭერა, რადგან მათდამი ნდობა დაკარგულია. არსებობენ პროამერიკული პარტიები, რომელთა შორის “ცერეუს“ აგენტურაც არის.

 

დაასახელებთ ასეთ პარტიებს?

– არა.

 

რატომ?

– ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ვთვლი, რომ ეს ხალხმა შესანიშნავად იცის. მათ შესახებ თითქმის ყოველდღე წერენ სხვადასხვა გაზეთებში და მე მთხოვთ მათ დასახელებას?! არის პარტიები, რომლებიც პირდაპირ ვანო მერაბიშვილის განკარგულებებს ასრულებენ. ვანოს პარტიებთან ერთად არის გიგა ბოკერიას პარტიები. “წინააღმდეგობის მოძრაობისთვის“ არც “ცეერუს“ პარტიებია მისაღები, არც “ეფესბესი“, არც “მოსადის“, არც მერაბიშვილის და არც ბოკერიასი.

 საზოგადოება მკაფიოდაა გათვითცნობიერებული – საზოგადოებამ განსაჯა, მიხვდა და გარკვეულ პარტიებს “ეფესბეს“, “ცერეუს“ და ბოკერიას პარტიები შეარქვა. არც ერთ ასეთ პარტიასთან საზოგადოების გული ვერ მიდის.

 

თქვენი გული ვისთან მიდის?

– ჩემი და “წინააღმდეგობის მოძრაობის“ გული იმასთან მიდის ვინც ქართველია. წარმოგიდგენიათ რა დრო დადგა?! – დამკვიდრდა ტერმინი “პროქართული პარტია“ და საქართველოში პროქართულ პარტიებზე ვსაუბრობთ, მაშინ, როცა საქართველოში ყველა პარტია პროქართული უნდა იყოს. ანუ პარტიები, რომლებიც აზროვნებენ, საუბრობენ და მოქმედებენ ეროვნული სულისკვეთების შესაბამისად. საზოგადოებას ყოველთვის უნდოდა ასეთი პარტიები და ახლაც უნდა. არც მათ დავასახელებ, რადგან ამ ეტაპზე ესეც ნაადრევად მიმაჩნია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქართული, ეროვნული პოლიტიკური პარტიების რიცხვი ძალიან მცირეა და სწორედ ამან განაპირობა ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნება. ჩვენ ვართ ეროვნული ხალხი. გადახედეთ გნებავთ პარტიის წევრების, გნებავთ მხარდამჭერების ვინაობას და ამაში დარწმუნდებით.

 

საერთოსახალხო წინააღმდეგობის მოძრაობააღარ იარსებებს?

– ეს საზოგადოებრივი მოძრაობა არსებობას გააგრძელებს. ჩვენ მის წიაღში პარტიული კომპონენტი შევქმენით, რადგან ქვეყანაში ეროვნული სულისკვეთების მქონე პატრიოტული ძალების აშკარა ნაკლებობაა.

 

თქვენ ამაზე გაქვთ პრეტენზია?!

– რა თქმა უნდა. მიგვაჩნია რომ ნაკლებობა კი არა, მეტობა უნდა იყოს; უნდა გაერთიანდეს ყველა ეროვნული, პატრიოტული ძალა და მათ ცალკე ბლოკი უნდა შექმნან. პარტია რატომ შექმენითო, – მკითხეთ და იმიტომ, რომ არჩევნები არის გზა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს და რომელშიც ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ მიტინგები უნდა ჩატარდეს, ზოგს არჩევნები მიაჩნია ერთადერთ სწორ გზად, მაგრამ არც ერთია სწორი და არც მეორე – პოლიტიკა ყველა ტიპის ქმედებას გულისხმობს. მით უმეტეს, ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც 20 კაცი თვლის, რომ არის ბატონი და დანარჩენი - ყმა. ამას უნდა ებრძოლო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებითაც და არჩევნებითაც, მაგრამ ამ დროს ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლებას მილიონ–ნახევარი მკვდარი სული ჰყავს. ამიტომ, სანამ არჩევნებამდე მივალთ, ამომრჩეველთა აღრიცხვა და სიების დაზუსტება უნდა მოხდეს.

 

როგორ უყურებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას და აპირებთ თუ არა მასთან თანამშრომლობას?

– ჩვენ ვიცით, რომ მან ქველმოქმედების სახით მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ძალიან კარგი და კეთილი ბუნების ადამიანია. თუ კაცი ცხოვრებაში სიკეთეს აკეთებდა, პოლიტიკაშიც ხომ სიკეთე უნდა გააკეთოს?! ჩვენ მისგან ამას ველოდებით. მასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, თუ თავად ექნება ასეთი სურვილი.

 

როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ევროპასთან, ამერიკასთან, ნატოსთან და რუსეთთან?

– საქართველოს გეზი არის ევროპა. ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კონტაქტები ევროპაში, რის საშუალებითაც უამრავ ადამიანს, პატიმარს დავეხმარეთ. ნატო–ზე მოკლედ გიპასუხებთ –ჩვენ კი გვინდა ნატო–ში, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას ნატო–ში გაერთიანების ყველა საშუალება დააკარგვინა, ჩვენ ამ გაერთიანებაში არ მიგვიღებენ.

 

საქართველომ უნდა შეძლოს თავისი ეროვნული ინტერესების და მეზობელი, ან მსოფლიო მოთამაშეთა ეროვნული ინტერესების შეთავსება, შერწყმა. უპირველესად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს მეზობლად რუსეთია, დიდი და ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არსად გაქრება. მას კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში თავისი ინტერესი აქვს. რუსეთთან ურთიერთობა ისე უნდა ავაგოთ, რომ უპირველესად ჩვენი ინტერესები დაკმაყოფილდეს და მათი ინტერესებიც შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფლოთ.

 

მათთან საერთო ენა უნდა მოვძებნოთ, თუ გვინდა დავიბრუნოთ სოხუმი და ცხინვალი. ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკა სწორედ ამას გვეუბნება, ისევე, როგორც საფრანგეთი. პრეზიდენტი სარკოზი ჩამოდის და ღიად იძახის, რუსებთან საერთო ენა მოძებნეთო.