„შეიძლება, ვიღაცას დედის შეგინება ვაპატიოთ, მაგრამ ამ ქვეყანაზე თავლაფდასხმულები ვერ ვივლით, არავის ვაპატიებთ აუგად მოიხსენიოს ის მოწამებრივი გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ“, - ამბობს «ქართულ სიტყვასთან» საუბრისას „ლეიბორისტი“ გიორგი გუგავა, რომლის პარტიაც ბიძინა ივანიშვილმა თავის ღია წერილში „ფსევდოოპოზიციად“, „სააკაშვილის დაკვეთების შემსრულებლად“ მოიხსენია და მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. არც „ლეიბორისტებს“ დაუკლიათ - „სოროსი-2“, „ამერიკის შემოგდებული“ და სხვა ეპითეტებით შეამკეს მეცენატი და შეუთვალეს, სამმაგი პრემიები გამოუწერე «ლეიბორისტების» მაგინებლებსო. ისე, იყო დროცა, როცა შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პრემიერობას სთავაზობდა...
ბატონო გიორგი, «ლეიბორისტებმა» ღია ომი გამოუცხადეთ ბიძინა ივანიშვილს და, როგორც ჩანს, მთავარი მტერი - სააკაშვილი სულ გადაგავიწყდათ...
- ჩემო კარგო, 2003 წელს ზუსტად ასეთი განწყობა იყო ხალხში - მოვითმინეთ ლანძღვა-დაცინვა, ჩაქოლვა და შეურაცხყოფა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ დაგვიჯერა, რომ იმ ძალით, რომელიც მოდიოდა, ქვეყანას უბედურება ემუქრებოდა. ხალხი ამბობდა, ნათელაშვილს შეშურდა, სააკაშვილი მესიაა, დაგვირიგებს ანაბრებს, ხაჭაპურებს, «პონჩიკებს» და ვიქნებით ბედნიერიო. შემდეგ, იგივე ხალხი გახდა სააკაშვილის მსახვრალი ხელის მსხვერპლი. საბოლოოდ, ახდა და, ნეტავ, არ ამხდარიყო, რაც მაშინ ვუთხარით მოსახლეობას. როგორც ხედავთ, ისტორია მეორდება - იმავე ადამიანებისგან გვესმის აღფრთოვანება, ივანიშვილის მესიად შერაცხვა და ჩვენი ლანძღვა, რომელიც სავალდებულო სადღეგრძელოსავით იქცა.
დღეს რაში ხედავთ ქვეყნის მოსალოდნელ უბედურებას?
- ჩვენ მარტივად ავხსენით, რომ ეს იქნება ამერიკული ძალების მიერ მორიგი გათამაშებული სპექტაკლი, ფარსი, რათა დარჩეს იგივე პოლიტიკა და სისტემა. ჩვენ ისევ ის ადგილი გვექნება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შიგნით კი, გაგრძელდება ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკა და ქვეყნის ანგლოამერიკული კოლონიური დამონება.
ამტკიცებთ, ბიძინა ივანიშვილი ამერიკის «შემოგდებულიაო». ხელისუფლება კი, “რუსულ პროექტს” უწოდებს. რომელს დაგიჯეროთ? იქნებ, არც ერთია და არც - მეორე?
- როცა ხელისუფლება აცხადებს, რუსული პროექტიაო, ამ შაბლონს ყავლი გაუვიდა და იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც აშშ საქართველოში ეწევა, საზოგადოებაში პრორუსული განწყობა საკმაოდ დიდია. გახსოვთ, ალბათ, 2003 წელს, ხალხს რომ ილუზია შეჰქმნოდა, მარნეულში ერთმანეთს ქვებიც კი დაუშინეს, მაგრამ ეს ფარსი იყო, რომ შეექმნათ მითი სააკაშვილზე, როგორც განმათავისუფლებელზე, ნამდვილ ოპოზიციონერზე და დაგვეჯერებინა, რომ მართლაც, გაბრწყინებისა და განახლების გზას ვადგავართ. შერაცხეს კიდეც ახალ აღმაშენებლად და რა კურდღელიც მიიღეს, რა შავი ჭირიც დაატყდათ, დღეს ამას ვიმკით. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა კი არ გაჩნდება, კიდევ უფრო დაიშლება ეს ქვეყანა.
რას გულისხმობთ?
- იმ გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ხელოვნურად მოგვანიჭეს, პროვოკაციების არეალად გვაქციეს. როცა დასჭირდებათ, ერთმანეთში მშვენივრად გარიგდებიან რუსეთი და ამერიკა, მათ გადატვირთეს ურთიერთობები, დაახლოვდნენ და დაშლილი და წაგებული ისევ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. ამიტომ, ასეთი აღფრთოვანება და მესიის შექმნა არ ეგების. ზოგიერთ უბადრუკს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი გადმოაფრენს ცაზე თვითმფრინავს და იქედან ციური მანანასავით ჩამოიყრება დოლარები. დიდი ჯიბეები დაიკერონ! როდის იყო, მდიდრები, ოლიგარქები ქმნიდნენ მართვის ისეთ სისტემას, რომელიც სარგებლობას მოუტანდა დაბალ და საშუალო ფენებს?! მდიდართა პოლიტიკა და ნება საკუთარი ქონების გაზრდაა და ნურავინ შევა შეცდომაში. მესმის, რომ ასეთი განცხადებების გამო, წყევლა-კრულვა წამოვა ჩვენი მისამართით, მაგრამ თუ სამშობლო გიყვარს და გტკივა, მაშინ ზნეობრივი ადამიანები ისე უნდა მოიქცნენ, როგორც იქცევა შალვა ნათელაშვილი და «ლეიბორისტული პარტია», თორემ ჩვენ რომ პირადი ამბიციების დაკმაყოფილება და ფულის შოვნა გვდომოდა, რამენაირად ჩვენც მივუძღვნიდით დითირამბებს და ოდას «მესიას» და, ალბათ, რაღაცას გადმოგვიგდებდა, მაგრამ ჩვენ თვითმკვლელები არ ვართ და ჩვენთვის თვითმიზანი არაა პოლიტიკაში ყოფნა.
2008 წელს თქვენ ამ “ოლიგარქში” კარგ პრემიერ-მინისტრს ხედავდით. დღეს რა შეიცვალა?
- მაშინ ჩვენ ვიცოდით, რომ ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და მის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. შევთავაზეთ პრემიერ-მინისტრობა და თუ რამე ეკონომიკური რეფორმების გატარება უნდოდა, გაატარებდა. ის ვერ იქნებოდა ვერც ერთ შემთხვევაში ამერიკის მხრიდან მართული, რადგანაც პოლიტიკას ქმნის, ძირითადად, პარლამენტი და სხვა ძირითადი ინსტიტუტები. რა, გილაური დამოუკიდებლად რამე გადაწყვეტილებას მიიღებს? ჩვენ გვინდოდა, ის რესურსი და ფინანსები წამოსულიყო სააკაშვილისგან.
ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში აღიარა, რომ აფინანსებდა „ნაცმო“-ს, გვიან მივხვდი, ესენი ვინ ყოფილან და ჩემი თავის მრცხვენიაო...
- გამარჯობა, შენი! რომ აფინანსებდა, იცით, 7 ნოემბერს შალვა ნათელაშვილი მოწამლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს; ბადრი პატარკაციშვილი მოწამლეს და მოკლეს; სანამ ის ამ რეჟიმს აძლიერებდა, კახა ძაგანიას ძმა ორჯერ დაიჭირეს და ევაჭრებოდნენ, მაპატიეთ და, «გაბოზდი», პარტიიდან წამოდი და ძმასაც გავუშვებთ და ფულსაც მოგცემთო, მაგრამ მან ღირსეული სახე შეინარჩუნა და არ უღალატა თავის მეგობრებს და ქვეყანას. მისმა ძმამ მოიხადა სასჯელი და საფრანგეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. სანამ ამ რეჟიმს აძლიერებდნენ, აფინანსებდნენ და ეგონათ, ქვეყანას აშენებდნენ, მანამდე არჩილ ბენიძე, ჩვენი პარტიის ლიდერი, დაიჭირეს, 10 თვე უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ და ევაჭრებოდნენ, შალვას წინააღმდეგ მიეცი ჩვენება და ციხიდან გამოგიშვებთო. მან კაცურად მოიხადა სასჯელი და დღეს ემიგრაციაშია, - იტალიაში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. უამრავი შეთავაზების მიუხედავდ, თქვენს მონა-მორჩილს შემეძლო, ბევრი ფული მეშოვნა, მაგრამ დღემდე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლიდან, ორი მოწვევის საკრებულოსა და პარლამენტის წევრი ვარ. სანამ ვანოსთან კონსულტაციებს გადიოდნენ და ერთად გეგმავდნენ, თურმე, ამ ქვეყნის პოლიტიკას, რეჟიმმა ნათელაშვილის ყველა ნათესავი და მოგვარეც კი გაყარა სამსახურებიდან. სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილის და გამოაგდეს ბინიდან - სიონის ტაძრის ქვემოთ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ის ბიძინა ივანიშვილს გადასცეს ბიზნეს-ცენტრის ასაშენებლად. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? დღეს ზოგიერთი თავხედი გამოდის და კადრულობს იმის თქმას, რომ ნათელაშვილი შეკრულია ამ ხელისუფლებასთან.
ალბათ, ივანიშვილს გულისხმობთ, რომ თქვა, "ლეიბორისტული პარტია" ფსევდოოპოზიციაა და ვინც მლანძღავს, ხელისუფლების დაქირავებული მგონიაო...
- დიახ, დიახ, ეს მან იკადრა. შეიძლება, ვიღაცას დედის შეგინება ვაპატიოთ, მაგრამ ამ ქვეყანაზე თავლაფდასხმულები ვერ ვივლით, არავის ვაპატიებთ, აუგად მოიხსენიოს ის მოწამებრივი გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ვინც სააკაშვილს აფინანსებდა, ვინც იყო შეკრული და ვინც გეგმავდა, თუ როგორ დაეჭირათ შალვა ნათელაშვვილი, ეს კარგად ვიცით. სწორედ მისი დაფინანსებული «სპეცნაზი» შემოგვივარდა ოფისში, შალვას კაბინეტში, სახლში მიუვარდნენ და როგორც ნადირს, ისე მისდევდნენ ტყეში, რომ სადმე მოეკლათ. აი, ეს გზა გაიარა ამ პარტიამ და მისმა ლიდერმა და ზოგიერთი მაშინ კალთაში ეწვა ვანოსა და სააკაშვილს.
საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ შალვა ნათელაშვილს პირადი წყენა ამოძრავებს ბიზნესმენის მიმართ...
- გითხარით ის მიზეზები, რის გამოც მას დავუპირისპირდით. ჯერ ერთი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ბიზნესმენები უნდა აფინანსებდნენ პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ არასდროს მოგვითხოვია და არც არასდროს დავმდაბლდებით იქამდე, რომ კიკუების რიგში ჩავდგეთ. ფინანსები და წყარო იმისთვისაა საჭირო, რომ შეცვალო რეჟიმი. ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ, რომელსაც ამ ქვეყნის გადარჩენა ჰქვია, დანარჩენი ერის და ბერის გადასაწყვეტია.
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილთან კონსულტაციებს მართავს, „კიკუდ“ მონათლეთ, მაგრამ ეს კაცი, მართლა, მთვარიდან ხომ არ მოიყვანს პოლიტიკოსებს? ყველაფრის მიუხედავად, თქვენ რომ შემოგთავაზოთ თანამშრომლობა, არ დასთანხმდებით?
- როგორც სააკაშვილთანაა გამორიცხული ჩვენი თანამშრომლობა, ისე - ბიძინა ივანიშვილთან, რადგანაც ვხედავთ, თუ რას უპირებენ ქვეყანას. აქ გათვლილია ყველაფერი - სახელი, ფული და, როგორც თავის დროზე სოროსი იყო გამოყენებული, ამჟამად ივანიშვილს იყენებენ სააკაშვილის ჩანაცვლებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ არა პირადი დივიდენდებიდან, ან ამბიციებიდან, არამედ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ, ჩემო კარგო, სააკაშვილთან შეკვრა რომ გვდომოდა, რევოლუციამდეც უამრავი შემოთავაზება იყო და რევოლუციის შემდეგ კაცი თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთან, ოფისში ბიძამისთან ერთად და შემოგვთავაზა, იყავით მართული ოპოზიცია, თქვენს ხალხს დავნიშნავთ სამინისტროებში, მერიებში, გამგეობებში, ვითამაშოთ ერთი თამაში და ვაყოთ მთელი პოლიტიკური სივრცეო. მაშინ ვთქვით უარი ა ახლაც გამორიცხულია, ჩვენს პრინციპებს ვუღალატოთ. რაც უნდა, შავი პიარი ააგორონ და გვლანძღონ, ჩვენ ხალხს არ ვუღალატებთ. შალვას და „ლეიბორისტების“ მიმართებაში ვინც მწარედ შეიგინება იმისთვის განაღდებულია და გაღებულია ნარიყალას კარი და ამიტომაც შევუთვალეთ, დაუფასეთ, ბატონო ბიძინა, დაუფასეთ!
ბატონო გიორგი, არ გიფიქრიათ, რომ ბიძინა ივანიშვილთან კონფრონტაციაში ყოფნა და მისი ლანძღვა-გინება თქვენს იმიჯს ლახავს?
- ჩემო ძვირფასო, სიმართლის მსახურება აუცილებლად მოითხოვს მსხვერპლს. ეს ეკლიანი გზაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირადი ამბიცია, კეთილდღეობა და ბიძინას ფულები რომ გვინდოდეს, მაშინ ჩვენც შევუდგებოდით ნარიყალას გზას, ხოტბას და მას ქება-დიდებას შევასხამდით. რასაც ვემსახურებით, იმას, ხშირ შემთხვევაში, მოსდევს ლანძღვა-გინება, მაგრამ თუ შენ გწამს, რომ გიყვარს ეს ქვეყანა და გწამს, რომ მთავარია, მართალი იყო, რა თქმა უნდა, ასეთ რაღაცებსაც უნდა ელოდო და ჩვენც მზად ვართ. ისიც გვახსოვს: ვინც მიშას 2003-ში ადიდებდა, მერე ჩვენთან მორბოდა და გვეუბნებოდა, შევცდი, მოგვატყუა და ახლა რამე მიშველეთო. ჩვენ ხელი არ გვიკრავს მათთვის და არც ნიშნი მოგვიგია. დარწმუნებული ვარ, ეს დრო მალე დადგება.
მათ შორის ხომ არ იგულისხმება ნესტან კირთაძე, რომლისთვისაც, სავარაუდოდ, გაიღება „ნარიყალას კარი“? რატომ არაა იგი პარტიისთვის დიდი დანაკარგი?
- ამ ქალბატონთან დაკავშირებით, ალბათ, ვერაფერს გეტყვით. ჩვენ მეგობრები ვიყავით პარტიაში და იმედია, ეს მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც შენარჩუნდება. ეს მისი გადასაწყვეტია და ყველა თავის თავსა და გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი.
მაისში, როდესაც ნარიყალაზე „მიუხტით“ ივანიშვილს, ქალბატონმა კირთაძემ მაშინაც გააპროტესტა „სასიქადულო მამულიშვილისადმი“ თქვენი პოზიცია?
- პარტიაში კოლექტიურად მიიღება გადაწყვეტილებები, რომელსაც ყველა ვასრულებთ.
რატომ გგონიათ, ბატონო გიორგი, რომ ყველა “ლეიბორისტების” დისკრედიტაციას ლამობს?
- მგონია კი არა, ფაქტია. ხომ არ ვიგონებ, ფაქტებს გეუბნებით. არ გახსოვთ, შალვა ნათელაშვილი რუსეთის აგენტად რომ გამოაცხადეს? რომ მოწამლეს და სასიკვდილო სარეცელზე იყო კაცი, არ გახსოვთ? ჩვენ ეკლიანი და მოწამებრივი გზა გამოვიარეთ, ლამის რეჟიმის მსხვერპლებად ვიქეცით, ახლა ივანიშვილი გამოდის და გვეუბნება, სააკაშვილთან ხართ შეკრულიო და აბა, რა ჰქვია ამას?
რატომ არის ბიძინა ივანიშვილი არაეროვნული? ან საინტერესოა, რატომ აიტკივებდა აუტკივარ თავს უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც ფულთან ერთად, არც პატივი აკლია და არც - დიდება?
- ხომ არ იცით, ეს ფული რომელ ბანკებშია დღეს? - ევროპის და ამერიკის. ამ ფულს, ჩემო ბატონო, პატრონობა სჭირდება, ის შეიძლება, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს და ასეთი ადამიანები იძულებულნი არიან, შეასრულონ დიდი დაკვეთები. ერთ დღესაც შეიძლება, კაპიკიც არ დარჩეს. ასე რომ, ასეთი ადამიანები იოლად სამართავები არიან.
გინდათ თქვათ, რომ იგი არა თავისი ნებით მოდის პოლიტიკაში, არამედ, აიძულეს ამ ნაბიჯის გადადგმა?
- რა თქმა უნდა.
ხელისუფლებამ ივანიშვილის მიმართ სადამსჯელო მანქანა აამუშავა - ჩამოართვა მოქალაქეობა, წაართვა რამდენიმე მილიონი... ამაზე რა აზრის ხართ?
- თუ გახსოვთ, 2003 წელს, გარე საზოგადოებისათვის წარმავალი და მომავალი ძალები ერთმანეთზე მამასისხლად იყვნენ გადაკიდებულნი. ისინი ქვებსაც კი ესროდნენ ერთმანეთს. მერე, რატომ გგონიათ, რომ ეს შეიძლება, არ იყოს ერთი თამაში? კარგად შევხედოთ ბევრ რაღაცას, გავაანალიზოთ და ნუ გავხდებით ისევ მსხვერპლები.