შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის ანალიტიკოსებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მოსახლეობა საკმაოდ მაღალი ტემპით მდიდრდება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კრიზისის და ათასგვარი პრობლემის მიუხედავად, წელიწადნახევრის (2010 წლის იანვრიდან 2011 წლის ივნისამდე) განმავლობაში გლობალური სიმდიდრე 14 პროცენტით გაიზარდა და მთლიანობაში 231 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
Credit Suisse-ის ანალიტიკოსთა აზრით, გლობალური სიმდიდრე მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კიდევ 1,5-ჯერ გაიზრდება, რასაც „უპრეცედენტო ეკონომიკური ცვლილებები“ მოჰყვება. მას შემდეგ, რაც შვეიცარელმა ექსპერტებმა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში 4,5 მილიარდ ზრდასრულ ადამიანს შორის სიმდიდრის გადანაწილება შეისწავლეს, ერთობ სასიამოვნო დასკვნა გამოიტანეს. კერძოდ, მათი აზრით, ხუთი წლის შემდეგ ყველა ზრდასრული ადამიანი თავის ქონებას საშუალოდ 40 პროცენტით, დაახლოებით 70,7 ათას დოლარამდე გაზრდის.
ალბათ დიდი სიურპრიზი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსოფლიო სიმდიდრის ზრდის მთავარი გენერატორი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი აღმოჩნდა. სწორედ ამ რეგიონის მოსახლეობაზე მოდის გლობალური სიმდიდრის მატების მაჩვენებლის 54 პროცენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური სიმდიდრე, ანუ კეთილდღეობა განისაზღვრება, როგორც ფინანსებს და ფასიანი ქონების ღირებულებას გამოკლებული სხვადასხვა სახის არსებული დავალიანება.
ზემოთ აღნიშნული 14 პროცენტიანი ნამატიდან უნდა გამოიყოს სწორედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ზრდასრული მოსახლეობის გამდიდრება. კერძოდ, მათმა ქონებამ 23 პროცენტით, 75 მილიარდ დოლარამდე მოიმატა. შედარებისათვის, ჩრდილოეთ ამერიკის მოქალაქეები მხოლოდ 9,2 პროცენტით, ევროპისა კი 4,8 პროცენტით გამდიდრდნენ.
Credit Suisse-ის ანალიტიკოსთა აზრით, ახლო მომავალში პლანეტის მოსახლეობა საკუთარ ქონებას წელიწადში, დაახლოებით, 8,4 პროცენტით გაზრდის. არაუგვიანეს 2016 წლისა, გლობალური სიმდიდრე 50 პროცენტით, 345 ტრილიონ დოლარამდე მოიმატებს.
ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ჩინეთი იქნება, რომლის მცხოვრებთა სიმდიდრე 90 პროცენტით, 39 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამგვარად, მდიდარ ნაციათა რეიტინგში ჩინელები მეორე ადგილზე იაპონელებს ჩაანაცვლებენ, რომელთა სიმდიდრე 31 ტრილიონი იქნება. ყველაზე მდიდრები კი კვლავ ამერიკელები იქნებიან, რომელთა სიმდიდრე 2016 წლისათვის 81 ტრილიონი დოლარი გახდება.
მნიშვნელოვნად, თითქმის ორჯერ გაიზრდება ინდოეთის და ბრაზილიის მოსახლეობის სიმდიდრე. მათი მაჩვენებლები, შესაბამისად, 8,9 ტრილიონი და 9,2 ტრილიონი დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ინდოელთა კეთილდღეობა გასამმაგდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის გადანაწილების საშუალო მაჩვენებელი ასეთივე ტემპით გაიზარდა. იგი ინდოეთში, ისევე, როგორც ბრაზილიაში გვარიანად დაბალია.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიმდიდრის გადანაწილება მთელს მსოფლიოში არ არის დამაიმედებელი. Credit Suisse-ის კვლევა ცხადყოფს, რომ პლანეტის მცხოვრები მხოლოდ 29,7 მილიონი ადამიანი ფლობს 1 მილიონი, ან მეტი ღირებულების ქონებას. ეს კი მსოფლიოს მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებია. თუმცა, ეს უმცირესობა გლობალური სიმდიდრის 38,5 პროცენტს აკონტროლებს.
Credit Suisse-ის შეფასებით, დღეს მსოფლიოში ცხოვრობს 84700 ულტრამდიდარი ადამიანი, რომელთა კაპიტალი 50 მილიონ დოლარს აღემატება. აქედან, უმრავლესობა – 35,4 ათასი ამერიკელია. ამ თვალსაზრისით მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც 5,4 ათასი ჯიბესქელი ცხოვრობს, მესამე კი 4135-ით გერმანია.