ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი ასეთია – ძალიან გთხოვთ, თქვენს ტვინებში “დომხალი“ დაალაგოთ. ამ სიტყვებით მიმართა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებს – ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებს დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა, რომელიც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეც არის.
ყველაფერი კი ასე დაიწყო – 28 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დიდი შესვენების შემდეგ, ტრიბუნასთან “ერთობა სამართლიანობისათვის“ ერთ–ერთი წევრი, ჯონდი ბაღათურია მივიდა და სხდომის წამყვანს, მიხეილ მაჭავარიანს სთხოვა – როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას იქნებ სთხოვოთ დარბაზში შემოვიდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენებით უნდა გამოვიდეო. ამ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მაჭავარიანის გარდა 6 პარლამენტარი იჯდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, თავად ჯონდი ბაღათურია, ნუგზარ ერგემლიძე და კიდევ, ჩემთვის უცნობი 3 პარლამენტარი.
ამ თხოვნიდან რამდენი წუთში, დარბაზში მყოფ პარლამენტართა რიცხვი 6–დან 17–მდე გაიზარდა. ჯონდი ბაღათურიამ თავის 18–წუთიან მოხსენებაში, ზემოთქმული საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა ასე ახსნა – ამ საკითხების გამოძიება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რაშიც არის პირადი და სახელმწიფოებრივი ინტერესი. ისინი, ვინც კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს დავუჭერთ, ვთავისუფლდებით დანაშაულისგან და ისინი, ვინც მხარს არ დაუჭერთ, იცოდეთ, რომ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას თქვენს თავზე იღებთო.
მაშინ, როცა ბაღათურია სიტყვით გამოდიოდა, გოკა გაბაშვილმა დარბაზში ისე ენერგიულად შემოაბიჯა, აშკარა იყო, რომ პასუხის გასაცემად ემზადებოდა.
ჯონდი ბაღათურიამ კმაყოფილება გამოხატა, იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ “მერხებზე ბრახუნი“ არ ატეხა და ამით დაიმედებულმა მოხსენება ასე დასრულა – პირველი შემთხვევაა, რომ მერხებზე ბრახუნი არ ატყდა, რაც თანამშრომლობის იმედს მაძლევს. ოღონდ კომისია შეიქმნას და თავმჯდომარის თანამდებობასაც დაგითმობთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა წესით და კანონით ოპოზიციას ეკუთვნისო. ბაღათურიას მოხსენების შინაარსი და ტონი მკაცი არ ყოფილა – თითქოს დეპუტატების დანამუსებას ცდილობდა – დღეს თქვენსა და საზოგადოებას შორის ღრმა უფსკრულია და მისი ამოვსების დაწყებისა და პოლიტიკურ–საზოგადოებრივი მშვიდობის დამყარების შანსი გეძლევათო.
ბაღათურია ტრიბუნიდან რომ ჩამოვიდა, პარლამენტის დარბაზში 22 დეპუტატი იჯდა და 23–ედ აკაკი მინაშვილი შემოვიდა. ტრიბუნასთან “ერთობა სამართლიანობისათვის“ კიდევ ერთი წევრი, თამაზ დიასამიძე მივიდა დარბაზში მსხდომთ შეახსენა დღე, რომელმაც მსოფლიო შეძრა – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, რის შემდეგაც კრემლმაც კი შექმნა კომისია (სობჩაკის კომისია). დიასამიძემ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2011 წლის 26 მაისამდე მომხდარი დარბევებიც გაიხსენა, როცა აქციის მონაწილეებს თვალები დათხარეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს...
დიასამიძის შემდეგ ტრიბუნისკენ კარლო კოპალიანი წავიდა და გზად მიკროფონს თავი გაჰკრა, რასაც სხდომის წამყვანი, მიხეილ მაჭავარიანი უმალ გამოეხმაურა – გაასწორეთ მიკროფონი, ე მანდ რაიმე მარცხი არ მოხდესო. მაჭავარიანს კოპალიანი არ ჩამორჩა – დღეს ბარიერები მოდაშიო.
კარლო კოპალიანის გამოსვლის მთავარი არსი ასეთი იყო – შეიქმნას კომისია და გამოიძიოს ვინ იყო დამნაშავე; ვინმე თუ მართლა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებდა, ესეც გამოვიძიოთ და იმ პოლიციელების ქმედებაც, ვინც ძალას გადაამეტაო.
კარლო კოპალიანს მისივე ფრაქციის, “ერთობა სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი ჩაენაცვლა, ვრცელი მოხსენებით, რომელშიც 26 მაისის დარბევა დეტალურად აღწერა, შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერზე გადავიდა და ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრით დაასრულა. ცაგარეიშვილის გამოსვლის შინაარსი და ტონი, მისი წინამორბედი გამომსვლელების ტონსა და ტექსტზე მკაცრი იყო, რაც დარბაზში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წამოძახილების საფუძველი გახდა; შიდა ფრაქციული დაპირისპირება ხომ არ არისო? – იკითხეს და პასუხად მიიღეს – არა, ბატონო, ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობსო.
მაშინ, როცა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ წარმომადგენლები 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2011 წლის 26 მაისის დარბევამდე განვითარებულ მოვლენებს იხსენებდნენ, ნუგზარ წიკლაური მბრუნავი სავარძლით ხან უკან შეტრიალდებოდა, ხან გვერდზე და ისე იცინოდა, იფიქრებდი, რომ სიტყვით გამომსვლელი ოხუნჯობდა; რომ გაჩერდა, მასთან გიორგი კანდელაკი მივიდა, გოკა გაბაშვილმაც წიკლაურისკენ ჩაიჩოჩა და რამდენიმე წუთი თათბირობდნენ; ირაკლი ქავთარაძე ტელეფონით თამაშობდა; გია როინიშვილი და “ყოჩაღ კაკო“, იგივე აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს სიცილით ელაპარაკებოდნენ; ჩიორა თაქთაქიშვილი “ლეპტოპს“ ჩასციცინებდა; გიორგი ცაგარეიშვილი (სანამ სიტყვით გამოვიდოდა) დარბაზში ბოლთას სცემდა; გიორგი თარგამაძეს ხელში ტელეფონი ეჭირა – ან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს კითხულობდა და აგზავნიდა, ან თამაშობდა.
ცაგარეიშვილის შემდეგ სიტყვით ლევან ვეფხვაძე გამოვიდა და თქვა, რომ “ქრისტიან–დემოკრატები“ კომისიის შექმნას მხარს უჭერდნენ. იქ მყოფებს შეახსენა, რომ “იმედის“ ყოფილ ჟურნალისტებს, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრის გამო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ჰქონდათ გაგზავნილი. ვეფხვაძე “იმედში“ შეჭრის ფაქტს არ გასცილებია და არაფერი უთქვამს, არც 7 ნოებრის და არც 26 მაისის აქციის დარბევაზე. ვეფხვაძემ “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა – კომისიის შექმნას მხარს ვუჭერთ, მაგრამ თქვენი რეაქციით და იუმორისტულ ჟანრში გადატანილი ეპითეტებით თუ ვიმსჯელებთ, საგამოძიებო კომისიის შექმნის იმედი არ მაქვს, მაგრამ სტრასბურგში სარჩელი გაგზავნილი გვაქვს და დანაშაულებზე პასუხისგება მაინც მოგიწევთო.
“ქრისტიან–დემოკრატ“ ლევან ვეფხვაძეს, “ეროვნულ–დემოკრატი“ გურამ ჩახვაძე ჩაენაცვლა, რომელმაც, არც მწვადი დაწვა და არც შამფური; საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა და იქვე დასძინა – მხარს კი ვუჭერ, მაგრამ ვწუხვარ იმის გამო, რომ ასეთი კომისია არ შეიქმნება, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობსო. შემდეგ ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებს მიუბრუნდა და ცაგარეიშვილს გამოსვლა დაუწუნა – მან ისეთი წერილი წაიკითხა, რომ კომისიის შექმნას ხელს შეუშლის, რადგან ეს წერილი კი არა საბრალდებო დასკვნა იყო და ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის პათოსს ეწინააღმდეგებოდაო. ჩახვაძემ მათრახი 26 მაისის აქციის ორგანიზატორებსაც გადაჰკრა – 26 მაისის აქციის ლიდერებს უნდოდათ, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა და ამიტომ, ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანესო.
ჩახვაძის შემდეგ, “ნაცმოძრაობის“ სახელით საპარლამენტო ტრიბუნასთან შავის თეთრად წარმოჩენის “დიდოსტატი“, ნუგზარ წიკლაური ავიდა და კომისიის შექმნის ინიციატორებს სულ თითი უქნია – თქვე საბჭოთა კავშირის ნარჩენებო, როგორ გაბედეთ და 9 აპრილის ტრაგედია როგორ შეადარეთ 7 ნოემბერს და 26 მაისსო. წიკლაური ბიძინა ივანიშვილსაც გადაწვდა. ბიზნესმენის გვარი არ უხსენებია, მაგრამ ისე თქვა, როგორც კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე იტყვიან ხოლმე – ლებედთან, 9 აპრილის სისხლიან ჯალათთან თანამშრომლობდაო. წიკლაურის მგზნებარე გამოსვლის დროს კაკო ბობოხიძე გურამ ჩახვაძეს მიუსკუპდა და რაღაც უთხრა. ალბათ, შეაქო – ეს რა კარგად გამოგივიდაო.
ნუგზარ წიკლაურმა, პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა ყველა ჯარისკაცს, ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის, რაზეც მისმა თანაპარტიელებმა მოკლე და ჰაეროვანი ტაში დაუკრეს.
წიკლაურს მთავარი “ქრისტიან–დემოკრატი“ გიორგი თარგამაძე ჩაენაცვლა – მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას და მეტიც, 2008 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ შევიკრიბეთ, ჩვენ ვიყავით ამგვარი კომისიის შექმნის ინიციატორებიო.
ისე, წინა დღეს, 27 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის“ გაფართოებულ სხდომაზე, გიორგი ცაგარეიშვილმა თქვა, რომ სანამ მათი ფრაქცია შეიქმნებოდა, პარლამენტარებს შორის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენების მიზნით. ცაგარეიშვილის განმარტებით, “ქრისტიან–დემოკრატებს“ უარი იმ მოტივით უთქვამთ, რომ მაინც არ შექმნიან ამ კომისიას და რა აზრი აქვსო.
თარგამაძის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნასთან “ნაცმოძრაობის“ მთავარი დამრტყმელი ძალა, გოკა გაბაშვილი მივიდა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორ ფრაქციას ასე მიმართა – ამ ფრაქციას ერთი თხოვნით უნდა მივმართო, ძალიან გთხოვთ, თქვენს ტვინებში “დომხალი“ დაალაგოთ... ამას მოჰყვა განცხადებები იმაზე, რომ ფრაქციაში “ერთობა სამართლიანობისათვის“ არ არსებობს თანხობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში რუსეთის როლთან მიმართებაში და ასე შემდეგ.
აი, ასე ჩაიარა “ობიექტივის“ თვალით დანახულმა პარლამენტის პლენარული სხდომის მეორე ნაწილმა.