2011 წლის 30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა #201 კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ". კანონპროექტის ავტორებად დასახელებული არიან საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები, პარლამენტარები კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დახვეწა-სრულყოფის საქმეში.
აღნიშნულმა კანონპროექტმა უკვე გაირა ორი მოსმენა პლენარულ სხდომაზე. სულ მალე იგი, ალბათ, წარმატებით იქნება მიღებული მესამედაც, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. საქართველოს პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს და სულ ცოტა ხანში კანონი გამოქვეყნდება.
ახლა რაც შეეხება ზოგიერთ ეჭვს და შიშს, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის ზოგიერთმა წევრმა, ასევე ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით ბიზნესში მოღვაწე ქართველმა მეწარმეებმა გამოთქვეს. აღნიშნული კანონპროექტით საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის 124-ე პრიმა მუხლი, რომლის სათაურია "საბანკო ანგარიშების მონიტორინგი". მუხლიდან ირკვევა, რომ თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი - "თუ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგრიშის (ანგარიშების) გამოყენებით ან/და ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოქმედების/იდენტიფიცირების მიზნით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, რომლითაც ბანკი ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მიმდინარე რეჟიმში ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ".
როგორც ამ მუხლიდან ირკვევა, ინფორმაცია საქმის მწარმოებელ ორგანოს უნდა ეცნობოს ოპერაციის შესრულებისთანავე, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ან/და გატანის შემთხვევაში ინფორმაცია საქმის მწარმოებელ ორგანოს უნდა ეცნობოს ოპერაციის შესრულებამდე. კანონპროექტით საბანკო ანგარიშებზე მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პოლიტიკოსების, ბიზენსმენების და ცალკეულ მოქალაქეებს შორის, კომენტარი ვთხოვეთ იურისტს, სისხლის სამართლის სპეციალისტს, პროფესორ გია მეფარიშვილს.
"რეზონანსი": ბატონო გია, ხართ თუ არა საქმის კურსში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საბანკო ანგარიშების მონიტორინგს? არის მოსაზრება, რომ კანონპროექტის მიღების ნამდვილი მიზეზი გახლავთ საქართველოში სულ ახლახან დაწყებული ახლად განვითარებადი პოლიტიკური პროცესი, რომელიც უკავშირდება ცნობილ ქართველ ბიზნესმენს და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს და მის საკუთრებაში არსებულ "ქართუ ბანკს". რას იტყვით, არის პირდაპირი კავშირი?
გია მეფარიშვილი: რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ. ყურადღებით გავეცანი კანონპროექტს "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ" იგი დარეგისტრირებულია #07-3/490. 30.09.2011. როგორც ჩანს, ამ კანონპროექტს უეჭველად მიიღებენ, მით უმეტეს, პირველი და მეორე მოსმენა უკვე ჩატარებულია, ასე, რომ ჩათვალეთ, რომ იგი მიღებულია. რა თქმა უნდა, ეჭვს საფუძველი რეალურად აქვს. ამ კანონპროექტის სტრიქონებს შუა "ბანკი ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი აშკარად იკითხება. შეიძლება შემოგვედაონ, რომ კანონპროექტზე მუშაობა გაცილებით ადრეა დაწყებული, ვიდრე ბიზნესმენი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს განცხადება გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელმა ქართულმა ხელისუფლებამ აღნიშნული ცვლილება უეჭველად საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების, მხედველობაში მაქვს არჩევნების მოახლოების გამო გააკეთა და შევეცდები, დავასაბუთო, რომ ეს ასეა.
გაინტერესებთ, რას წარმოადგენს ეს კანონპროექტი? გიპასუხებთ -- სრულ აბსურდს, როგორც იურიდიული მეცნიერების, ასევე შედარებითი სამართალმცოდნეობის მონაცემების გათვალისწინებით. მინდა, მკითხველს ბოდიში მოვუხადო მკვეთრი შეფასებისათვის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ეს ისეთი უბედურების აქლემია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის კარზე დაიჩოქებს... საბანკო ანგარიშების მონიტორინგი წარმოდგენილია, როგორც საგამოძიებო მოქმედება და ამიტომაც იგი შედის საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 თავში. მკითხველს, განსაკუთრებით კი იურისტებს, ალბათ, გაუკვირდებათ, რა შუაშია საგამოძიებო მოქმედება (მაგალითად, ჩრეკა, ამოღება, დაკითხვა და ა.შ.) საბანკო ანგარიშების მონიტორინგთან. საგამოძიებო მოქმედება ღიად ტარდება, მასში მონაწილე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს გააჩნიათ უფლებები და მოვალეობები. საგამოძიებო მოქმედებას გააჩნია კანონით დადგენილი საპროცესო ფორმა, რომელიც ასრულებს უმნიშვნელოვანესი გარანტის ფუნქციას, რათა არ დაირღვეს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. საბანკო ანგარიშების მონიტორინგი არცერთი ნორმალური ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ გვხვდება და სხვანაირადაც არ შეიძლება.
საბანკო ანგარიშების მონიტორინგს სისხლის სამართლის პროცესთან საერთო არაფერი აქვს. ქართველმა კანონმდებლებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ასე რომ, კითხვას, ხომ არ არის აქ რაიმე პოლიტიკური მიზეზი, საფუძველი ნამდვილად აქვს.
ახლა უფრო კონკრეტულად. საგამოძიებო მოქმედებას აქვს კანონით გათვალისწინებული ფორმა და ფიქსაციის სავალდებულობა (შედეგის დაფიქსირება საგამოძიებო მოქმედების ოქმში). მოდით, გადმოვიტანოთ ეს სავალდებულო რეკვიზიტები საბანკო ანგარიშების მონიტორინგზე და დავრწმუნდებით, რომ ყველაზე დიდი ფანტაზიის პირობებშიც კი საბანკო ანგარიშების მონიტორინგი საგამოძიებო მოქმედებებში ვერ ჯდება. მეორე - საერთოდ იგნორირებულია მეორე მხარის უფლებები და თავისუფლებები, რადგან პროცესის მონაწილეებს, დაცვის მხარეს საერთოდ არაფერი არ ეცნობება! როგორი საგამოძიებო მოქმედებაა? რა გამოდის, თუ მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო, ამის შესახებ საქმის კურსში აყენებს მეორე მხარეს? არა, რა თქმა უნდა. მაშინ რა? ის საგამოძიებო მოქმედებაა, თუ ოპერატიული სამძებრო ღონისძიება?
ბატონო გია, მოდით, უფრო დეტალურად შევჩერდეთ ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის საკითხზე. მაინც რა შეიცვალა საბანკო ანგარიშების მონიტორინგის თვალსაზრისით? საბანკო საქმიანობის მონიტორინგის სამსახურები ხომ ბევრს ქვეყანაში არსებობს და იქ რატომ არაფერი არ მოხდა?
გ. მ: ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. საბანკო საქმიანობის მონიტორინგი სრულებით არ ნიშნავს საბანკო ანგარიშების მონიტორინგს. ეს უკვე ქართული სინამდვილეა, მახინჯი სინამდვილე. რატომ? საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება და მისი კონფიდენციალობა ყველა მოქალაქისათვის გარანტირებული აქვს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს. მინდა, შეგახსენოთ ასევე "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია", რომელიც რატიფიცირებული აქვს საქართველოს პარლამენტს და მას სავალდებულო იურიდიული ძალა გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლები, ასევე #7 დამატებითი ოქმი ითვალისწინებენ სერიოზულ იურიდიულ გარანტიებს, რათა არ მოხდეს არც ერთ ქვეყანაში, სადაც ევროკონვენციის მოქმედება ვრცელდება, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის (ინდივიდის) პირად ცხოვრებაში შეჭრა.
საბანკო ანგარიშის საიდუმლოება პირადი ცხოვრების უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტია და იგი აღიარებულია და დაცული ყველა ქვეყნის კონსტიტუციებით, სისხლის, სამოქალაქო თუ საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლიც აღიარებს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამ უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძველი და სასამართლო გადაწყვეტილება.
ახლა უშუალოდ, თუ რა შეიცვალა. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი ასევე ითვალისწინებს ადამიანის პირადი ცხოვრების ჩარევის დაუშვებლობას. ეს უფლება დეტალიზებულია თავად ამავე მუხლის კონსტრუქციაში, მაგრამ თუ როგორ არის სინამდვილეში ეს ღირებულება დაცული, ამავე კოდექსის 124-ე პრიმა მუხლის საფუძველზე ამას ახლავე დაგიდასტურებთ. მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებით ჩემი აზრი არაერთხელ გამოვთქვი და ისევ ვიმეორებ, რომ ამ საკანონმდებლო აქტით დავბრუნდით მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში. ჩემთვის გაუგებარია ახალგაზრდა კოლეგების მტკიცება, რომ მსოფლიოს ყველა ექსპერტი "გაგიჟებულია" საქართველოს მოქმედი სისხლის საპროცესო კოდექსით. თავი დავანებოთ ამ თემას - შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთს გეტყვით, თუნდაც დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი ნორმატიული აქტისთვისაც წარმოუდგენელი და დაუშვებელია 124-ე პრიმა მუხლის შეთავაზება. რატომ, გეტყვით.
რა თქმა უნდა, საბანკო ანგარიშების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ცნობების მიწოდების შესახებ ადრეც ითვალისწინებდა "საქართველოს კანონი კომერციული ბანკების შესახებ" და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც და ისიც - სასამართლო გადაწყვეტილებით. რა იყო შესაბამისი საფუძველი, მოგახსენებთ. მტკიცებულებათა ერთობლიობა (ორი ან მეტი), რომლებიც ადასტურებდა საბანკო ანგარიშის კავშირს კონკრეტულ ფიზიკურ პირთან, რომელიც იმხილებოდა დანაშაულის ჩადენაში. ახლა დააკვირდით, რა წერია ახალ კანონპროექტში - საბანკო ანგარიშების მონიტორინგისათვის საკმარისია "დასაბუთებული ვარაუდი", რომ პირი დანაშაულში იმხილება (?). ალბათ, გაინტერესებთ, რა იგულისხმა ქართველმა კანონმდებელმა "დასაბუთებული ვარაუდის" ცნების ქვეშ და რით განსხვავდება ის ადრე არსებული "შესაბამისი საფუძველი".
მთელი უბედურება ისაა, რომ "დასაბუთებული ვარაუდი", რომელიც ასე გაუაზრებლად იქნა გადმოტანილი უცხოური საკანონმდებლო აქტებიდან, გაგებულია როგორც "ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს". როგორ მოგწონთ? გაიგეთ რამე? ეს ჩემი პოზიცია არაა, იხილეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი. დააკვირდით, მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც სასამართლო კონტროლის პირობებში კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს იცვლება სუროგატით "ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობით". რა განსხვავებაა მათ შორის? პირველი - მტკიცებულებითაა მიღებული და შესაბამისი გარანტიები დაცულია, რათა უსაფუძვლოდ არ შეილახოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; ხოლო მეორე - ე.წ. "სუროგატის" შემთხვევაში "ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობის" ცნების ქვეშ უკვე მტკიცებულებები აღარ მოიაზრება, იგი უფრო ღრმაა და მზაკვრული.
მაგალითად, აგენტურული ინფორმაცია, ანონიმური ცნობა და ათასი ჯანდაბა დღევანდელი კანონმდებლობით საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, საბანკო ანგარიშების საიდუმლოება შეიზღუდოს, ხოლო შემდეგ დააყადაღოს და იგი ჩამოართვას მფლობელს. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იფიქროს, საით მივდივართ. მე უკვე თქვენს წინა ნომრებში ღიად განვაცხადე, რომ ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ეს გზა ჩვენ ტაძართან ნამდვილად არ მიგვიყვანს. ჩვენ ვღებულობთ წმინდა წყლის პოლიციურ სახელმწიფოს.
ცალკე თემაა აღნიშნული საკანონმდებლო ნოვაციის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება. მინდა, თამამად და დარწმუნებით გავაკეთო პროგნოზი, რომელიც ძალიან მინდა, რომ არ ასრულდეს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. თუ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებაა გარანტია, რომ მისი საბანკო საიდუმლოება საიმედოდ არის დაცული საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბანკებში, მოხდება ძალიან ცუდი რამ. დაიწყება გადინება ქართული კაპიტალის საზღვარგარეთის ბანკებში, სადაც მეტი შესაძლებლობაა, ადამიანმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, ან დარჩება მეორე გზა, თუ ბანკის უსაფრთხოებაზე არავითარი გარანტია არ არსებობს, მაშინ ფულს ბანკში აღარ შეინახავენ და მას ადგილს მუთაქაში მიუჩენენ... ეს უკვე ჩვენ გავიარეთ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, გახსოვთ? აი, ზუსტად იგივე მოხდება ჩვენთან ისევ. ასე რომ, დაფიქრება ნამდვილად ღირს.