ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ "თუკი რუსეთის ფედერაცია მსო-ში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება, ამით მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება დაკნინდება".
პაპავას მტკიცებით, "მოსკოვის მხრიდან შვეიცარიული მხარის წინადადების გაზიარება ირიბად იმის ცნობას ნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება სრულფასოვანი გადაწყვეტილება არ იყო".
"დღეს ცალსახად საუბარი იმაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს შვეიცარიული მხარის წინადადება, შეუძლებელია, რადგან მის დეტალებს არც შვეიცარიული და არც ქართული მხარეები ამჟღავნებენ. ის, რომ ეს წინადადება რუსეთისთვის ადვილად მისაღები არ არის, იმითაც დასტურდება, რომ მან დრო ითხოვა. იმავდროულად საუბარია კონფლიქტური ზონების სასაზღვრო მონაკვეთებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებასა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლაზე, რაც ქართული მხარის პოზიციებთან ახლოს დგას. დღეს მსო-ში რუსეთის გაწევრიანების ორი გზა არსებობს: მისი ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობით და საქართველოს თანხმობის გარეშე, კენჭისყრის გზით მიღება. სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სჯობს, რუსეთი მსო-ის წევრი კენჭისყრის გზით არ გახდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე არაფერი შეიცვლება. თუკი რუსეთი შვეიცარიულ ვარიანტს დათანხმდება, ამით მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება კნინდება, რადგან იქ ქართული მხარის მოთხოვნით და შვეიცარიული მხარის წინადადებით საერთაშორისო მონიტორები ჩნდებიან", - განუცხადა "პირWელს" პაპავამ.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ექსპერტი პარალელს დნესტრისპირეთთან ავლებს და აღნიშნავს, რომ "დნესტრისპირეთი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღიარებული არ არის, ხოლო შვეიცარიული მხარის წინადადების გათვალისწინებით, გამოდის რომ ის, რაც ამჟამად დნესტრისპირეთში მოქმედებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უნდა გამოიყენონ".
პაპავას აზრით, "იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთი შვეიცარიული მხარის წინადადებას არ დათანმხდება, ამას საქართველოსთვის პოზიტივი ექნება, რადგან გამოვა, რომ მან უარი თქვა არა საქართველოს, არამედ შვეიცარიის წინადადებაზე".
"ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვაშინგტონთან და ბრიუსელთან მიმართებაშიც პირნათელია. გამოდის, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებას საქართველო კი არ უშლის ხელს, არამედ თავად რუსეთია ჭირვეული მხარე", - დასძინა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე შვეიცარიის შუამავლობით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი 10-11 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
766
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85