“ინგუშეთის პრეზიდენტი ყველაფერზე წამსვლელი არ არის“

“ინგუშეთის პრეზიდენტი ყველაფერზე წამსვლელი არ არის“

ოსურ-ინგუშური დაპირისპირების ფონზე, ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვი ცხინვალში, “დამოუკიდებლობის 20 წლისთავის“ მისალოცად, კრემლის მითითებით ჩავიდა, - ამბობს პრესა.გე-სთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე და იქვე იმ სავარაუდო პროგნოზსაც აკეთებს, იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს კრემლის შემდეგ მითითებას.

“ინგუშეთში რესპუბლიკის პრეზიდენტის, იუნუს-ბეკ ევკუროვის ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმისადმი კეთილგანწყობას აპროტესტებენ. “, - ეს ინფორმაცია სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“, ინტერნეტ-გამოცემა “კავკაზსკი უზელზე“ დაყრდნობით გაავრცელა.

ევკუროვი ცხინვალში ჩასვლის გამო საკუთარ ბლოგზე მისმა მრჩეველმა, ასლან კოძოევმა მკაცრად გააკრიტიკა. კოძოევის უარყოფითი განწყობის საფუძველი ისაა, რომ კოკოითის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ,  ფუხაევმა ვლადიკავკაზის ტერაქტის შემდეგ განაცხადა, რომ “ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვარი უნდა ჩაიკეტოს“. 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, პრესა.გე-ს კითხვაზე, თუ რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, პასუხობს:

 

ოსებისა და ინგუშების ერთმანეთთან ამჟამინდელი დამოკიდებულება ხომ ცნობილია?! თუ ადრეულ პერიოდსაც გავიხსენებთ, 1990 წელს იყო პირველი დაპირისპირება, რომელიც ჩემთვისაა ცნობილი და მეორე იყო 1992 წელს.  ნიშანდობლივია ის, რომ 1992 წელს, ოსურ–ინგუშური დაპირისპირების დროს, ოსური მხარის საბრძოლო ავანგარდში იყო “სამხრეთ ოსური რაზმი“, ოლეგ თეზიევის მეთაურობით.

 

ამდენად, ინგუშებს “სამხრეთ ოსების“ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მით უფრო, რომ ცნობილი პრიგოროდნის რაიონის ნაწილში, სადაც ადრე ინგუშები ცხოვრობდნენ, ზუსტად “სამხრეთ ოსეთიდან“ დევნილებმა დაიკავეს და ინგუშების სახლებში შევიდნენ. ანუ მათ მიმართ განსაკუთრებული გაღიზიანებაა“.

 

არეშიძეს კოკოითის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კონსტანტინე ფუხაევის ბოლოდროინდელ განცხადებას (საზღვრის ჩაკეტვის და ინგუშეთის იზოლაციაში მოქცევის თაობაზე) და შემდეგ ამაზე ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ევკუროვის რეაქციას იხსენებს:

 

“ევკუროვმა კოკოითს მოუწოდა, რომ მისი აპარატის უფროსის მოადგილე ჭკუით ყოფილიყო; ფაქტიურად, გააფრთხილა, რომ თავის ხელქვეითზე ზემოქმედება მოეხდინა, თორემ, ამას შეიძლებოდა უბედურება მოჰყოლოდა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ევკუროვის ცხინვალში ვიზიტი, ეს არ არის მისი პირადი ინიციატივა. ამას, გენებოთ, თხოვნა დაარქვით, გენებოთ – მითითება, ან ბრძანება მოსკოვიდან. ჩრდილო ოსეთში ბოლო ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცავების დასკვნით, ინგუშური ნომრები ჰქონდა იმ მანქანას, ვინც ვლადიკავკაზის ბაზარში ტერაქტი მოაწყო. ამის გამო და ზემოთჩამოთვლილის გამო, ეტყობა, საჭირო გახდა, მაინცდამაინც ევკუროვის ცხინვალში ჩასვლა, “დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

 

ინგუშეთის დედაქალაში, მაგასში, ევკუროვის ცხინვალში ვიზიტს, საზოგადოების ნაწილი გაგებით შეხვდა; მიხვდა რომ ეს არის მოსკოვის დავალება და ევკუროვი უარს ვერ იტყოდა; საზოგადოების მეორე ნაწილი, რასაკვირველია, გაღიზიანდა.  არიან ადამიანები, რომელთაც ნეიტრალური პოზიცია უკავიათ, მაგრამ, ბევრი გაღიზიანდა - ფუხაევის ზემოხსენებული ნათქვამი პირად შეურაცხყოფად მიიღო, რის ფონზეც ევკუროვის ცხინვალში ჩასვლაც არ ესიამოვნათ; მეტიც, აღშფოთება გამოხატეს, მით უმეტეს, რომ “სამხრეთ ოსების“ მიმართ ინგუშეთში, განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულებაა, ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გამო“.

 

იმაზე, თუ რა შეიძლება დაავალონ კრემლის მორიგ დავალებას და როგორი იქნება ამაზე ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეაქცია, მამუკა არეშიძე ამბობს:

 

“ინგუშეთის პრეზიდენტი, ეს არის ჯარისკაცი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სამხედრო პირი, რომელიც ზუსტად იმიტომაა გამოგზავნილი ინგუშეთში, რომ მაქსიმალურად შეასრულოს კრემლის დაკვეთა, მაგრამ ევკუროვი ბუნებით მონა არ არის; ის არ ჰგავს მის წინამორბედს, ზიაზიკოვს, რომელიც გარდა იმისა, რომ სამხედრო პირი გახლდათ, ოღონდ “კა-გე-ბეს“ ხაზით, მონა და გაიძვერაც იყო.

 

ევკუროვი უფო პირდაპირი და სამართლიანი ადამიანია, მაგრამ მასაც აქვს სერიოზული პრობლემები მართვის მხრივ, რადგან ინგუშეთი ძალიან სპეციფიური რესპუბლიკაა. ევკუროვს ყველაფერი შეიძლება დაავალონ, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, მაინც ვვარაუდობ, რომ ეს პიროვნება ყველაფერზე წამსვლელი არ არის“.