სინგაპურის მოკრძალებული და „სურნელოვანი“ ხიბლი

სინგაპურის მოკრძალებული და „სურნელოვანი“ ხიბლი

საზღვარგარეთ ცხოვრება კარგ შესაძლებლობას იძლევა საინტერესო ადამიანების გაცნობისა, რომლებიც უაღრესად განსხვავებულ ქვეყნებს, ხალხებს და კულტურებს წარმოადგენენ. მეც გამიმართლა და ერთ ერთ ევროპულ ქვეყანაში ყოფნისას დავუმეგობრდი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსულ დარბაისელ და ჩემზე გაცილებით უფროს ადამიანს. შეხვედრა, რომელზედაც მინდა გესაუბროთ, თორმეტიოდე წლის წინ შედგა ჩემთან ბინაში, რომლის დროს ორიოდე ჭიქა „ხვანჭკარის“ შემდეგ სტუმარი მოულოდნელად შემეკითხა, თუ რა ვიცოდი სინგაპურის შესახებ. ვიცოდი ის, რომ სინგაპური აზიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დინამიურად მზარდი ეკონომიკათაგანი იყო, რომ ეს ქალაქი-სახელმწიფო დიდებული ცათამბჯენებით იყო გადაჭედილი. სინგაპურს, სამხრეთ-კორეას, ტაივანსა და ჰონგ კონგს კი მათ მიერ მიღწეული შთამბეჭდავი ეკონომიკური პროგრესის გამო „ოთხ აზიურ ვეფხვსაც“ უწოდებდნენ.

 

ჩემმა უფროსმა მეგობარმა ღიმილით მომისმინა და შემიქო ერუდიცია. თუმცა,  ეშმაკურად  მიციმციმე მისი თვალებიდან დაახლოებით ასეთი სიტყვები ამოვიკითხე: „ეეჰ, ჩემო კარგო, ოფიციალურ ინფორმაციას სინგაპურის შესახებ მშვენივრად ფლობ, მაგრამ სინამდვილეში ეს ქალაქი-სახელმწიფო სულ სხვა რომ არის“?!

 

ამის შემდეგ საუბარში პაუზამ დაისადგურა. უხერხული სიჩუმე ისევ ჩემმა სტუმარმა დაარღვია: „ნება მომეცი ჩემო მეგობარო ერთი რჩევა მოგცე. როცა რომელიმე ქვეყანა გაინტერესებს, არასოდეს ენდო ოფიციალურ წყაროებს. მეზობელი ქვეყნებიდან მიღებული არაოფიციალური ინფორმაცია გაცილებით უფრო სარწმუნოა. თუმცა, ყველაფერს მაინც საკუთარი თვალით ნანახი და ამის მერე შეფასებული ჯობია. ახლა კი ყურადღებით მომისმინე. ერთ რეალურ ისტორიას მოგიყვები სინგაპურის შესახებ და დასკვნა შენ თვითონ გამოიტანე“.

 

აი ამ სიტყვების მერე მამცნო თანამოსაუბრემ, თუ როგორ ეფექტურად ზრუნავდა თურმე სინგაპურის შეუცვლელი, ერთპარტიული ხელისუფლება იმაზე, რომ ქალაქში მხოლოდ სასიამოვნო სურნელს - ამ სიტყვის პირდაპირი ანუ სინგაპურის მარადიული ლიდერის, ლი კუან იუსებური გაგებით - დაესადგურებინა.

 

სინგაპურის ხელისუფალთ, არც მეტი და არც ნაკლები, მიუღიათ გადაწყვეტილება ქალაქის ცათამჯენების უკლებლივ ყველა ლიფტში ფენოლის დეტექტორების დამონტაჟების შესახებ, რომლებიც როგორც კი დააფიქსირებდნენ ზემოაღნიშნული ნივთიერების კონცენტრაციის ზრდას, ავტომატურად აჩერებდნენ ლიფტს, რომლის შემდეგაც მგზავრების გამოსაყვანად სპეციალური ტექნიკური პერსონალისა და პოლიციის  ჩარევა ხდებოდა აუცილებელი.

 

მაინც რისთვის გაკეთდა ეს და, რაც მთავარია - პოლიცია რა შუაში იყო?

 

დავიწყებ იმით, რომ ფენოლი ის ქიმიური ნაერთია, რომლის ყველასთვის კარგად ცნობილი მძაფრი და არასასიამოვნო სუნი შეიგრძნობა მაშინ, როდესაც ადამიანი პერიოდულად  გამოყოფს ხოლმე გარემოში საკუთარი ორგანიზმის ცხოველმყოფელობის შედეგად დაგროვილ აირებს.

 

სინგაპურის დიქტატორმა, ლი კუან იუმ და მისმა ხელქვეითებმა, ჩემი თანამოსაუბრის სიტყვებით, მტკიცედ გადაწყვიტეს სასტიკად აღეკვეთათ სინგაპურის ლიფტებში ჰაერის ასეთი საშუალებით დაბინძურების ნებისმიერი მცდელობა. ამისათვის შემუშავებულ იქნა სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს: ფენოლის დეტექტორიანი ლიფტის ზემოაღნიშნული „ავარიული“ წესით (ანუ მგზავრის მიერ სუნიანი აირების გამოფრქვევის შემთხვევაში) გაჩერებისას, ლიფტის „გამჩერებელი აირის მფრქვეველი“ მოქალაქე პოლიციას უნდა დაეკავებინა, შემდგომ  კი ზემოთ აღნიშნული პიროვნება ჰაერის „გაფუჭებისათვის“ ადმინისტრაციული წესით უნდა დასჯილიყო ბამბუკის ჯოხის დარტყმით „დუნდულებზე“, ანუ ზუსტად იქ, საიდანაც  მოხდა ნებსით თუ უნებლეთ ეს აღმაშფოთებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

 

რა თქმა უნდა, ორივემ გულიანად ვიცინეთ. თანამოსაუბრე მარწმუნებდა მონაყოლის ჭეშმარიტებაში. არც მაშინ და არც მოგვიანებით არ მქონია საშუალება და სურვილი ზემოაღნიშნული ისტორიის სინამდვილე გადამემოწმებინა. გულის სიღრმეში, არ ვიყავი მონაყოლის სიზუსტეში ბოლომდე დარწმუნებული. მაინც ვეჭვობდი, რომ ჩემი პატივცემული სტუმარი ხუმრობდა. ერთს კი ვიტყვი მხოლოდ - ეს ამბავი  ჩემი ყურით მოვისმინე და არანაირი საბაბი არა მქონია ეჭვი შემეტანა მთხრობელის კეთილსინდისიერებასა თუ კომპეტენტურობაში.

თუმცა, იმის დაჯერებაც მიჭირდა, რომ ასეთი რამ ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე  სადმე იყო შესაძლებელი, თუნდაც ლი კუან იუს მიერ „რკინის ხელით“ მართულ ქალაქ-სახელმწიფოში. რას ვიფიქრებდი 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ქართული რეალობიდან გამომდინარე ხელისუფლებისაგან აღარაფერი რომ არ გამაკვირვებდა. დიახ ბატონო, დღეს კი არის ეს დღესავით ნათელი, მაგრამ თორმეტი წლის წინ ასე არ იყო და ხელად მიმავიწყდა ეს სასაცილო თუ სატირალი ისტორია.

 

„დეჟა ვიუს“ მძაფრი განცდა მხოლოდ სინგაპურის მოდელის მიხედვით დღევანდელი საქართველოს განვითარების აუცილებლობის თემის აქტუალიზაციამ გამიჩინა. ამიტომაც ვნანობ, რატომ მეტი არ დავტყუე ჩემს სტუმარს 1999 წლის იმ საღამოს. თუნდაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - როგორ ადგენდა სინგაპურის პოლიცია იმას, თუ ფენოლის დეტექტორის „ჩართვისა“ და ლიფტის ავტომატური გაჩერების შემდეგ, რომელ მგზავრს უნდა მოხვედროდა ბამბუკის ჯოხი დუნდულოებზე,  ისეთ შემთხვევებში როდესაც ლიფტით ერთზე მეტი ადამიანი მგზავრობდა?

 

სამწუხაროდ, ეს დღემდე საიდუმლოების ბურუსითაა დაფარული.

 

რატომღაც მგონია, რომ ამ სტატიას წაკითხვის შემდეგ სინგაპურის ზემოაღნიშნული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების  შესაბამისი ნორმატიული  აქტის გამოცემაც არ დააყოვნებს. ან რად უნდათ ნორმატიული აქტი? ერთი კაცის სიტყვიერი განკარგულება არ იკმარებს თუ რა? რა დაუდგება წინ თბილისის ყველა დიდ თუ პატარა ლიფტებში ფენოლის დეტექტორების დამონტაჟებას? არც არაფერი - დაამონტაჟებენ!

 

კეთილი და პატიოსანი. სინგაპურიზაციის გზაზე მწვანე შუქი გვინთია, მაგრამ „ეშმაკი“ დეტალებში რომ არის დამალული?

 

არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ეშველება საპატრულო პოლიციას? რანაირად დაადგენენ საწყალი ქართველი პოლიციელები იმას თუ ვინ „გააფუჭა“ ჰაერი ლიფტში? კისერში ჩასუნავენ თითოეულ მგზავრს თუ რა? კისერში ჩასუნვამაც თუ არ უშველა? ხომ შეიძლება პოლიციის მისვლამდე სუნი გაქარდეს?

 

რა გამოდის ამ შემთხვევაში? ნუთუ საქართველოს საპატრული პოლიცია იძულებული იქნება აღიაროს, რომ  ფენოლის დეტექტორი ტყუის?

 

არა, გენაცვალე! ფენოლის დეტექტორიც ჩვენი სახელმწიფოს მიერ დამონტაჟებული უკლებლივ ყველა დანადგარი, ადმინისტრაციული ქვედანაყოფი და მათი თანამშრომლებიც არასოდეს  ტყუიან, ისინი ყველაფერში და ყოველთვის მართლები არიან, ანუ - უნაკლონი!

 

ამიტომაც, შემოვდივარ წინადადებით - ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის ქართულ ვარიანტში ჩაიწეროს, რომ მიუხედავად იმისა თუ ვინ  „გააფუჭა“ ჰაერი, დაისაჯოს ყველა ანუ დუნდულოებზე ბამბუკის ჯოხი მოხვდეს ფენოლის დეტექტორით გაჩერებული ლიფტის უკლებლივ ყველა მგზავრს.

 

აბა რა - ვიღაცა თავის დუნდულოებს უფრთხილდებოდეს და ჩვენ ჩამოვშალოთ საქართველოში რუდუნებითა და სიმწრით ნაშენები „სახელისუფლებო ვერტიკალი“?

 

რა თქმა უნდა ჩემი წინადადებას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.

 

ზოგიერთი ჩემი ოპონენტის შენიშვნაზე - უდანაშაულობის პრეზუმპციასთან დაკავშირებით, გულიანად ვიცინებ.

 

ბევრად უფრო სერიოზულია მეორე კითხვა - რა მოხდება იმ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ლიფტში უბრალო მოკვდავებთან ერთად დღევანდელი მაღალჩინოსნები რომ მოხვდნენ?

 

პასუხი ცალსახა უნდა იყოს: „კანონი ყველასთვის ერთია“!

 

და თუ ლობიონაჭამ რომელიმე ჩვენს თანამოქალაქეს  ლიფტში მარცხი მოუვა და ამისათვის შემთხვევით მასთან ერთად ლიფტის კაბინაში მყოფ რომელიმე ჩვენ თვალსაჩინო ხელისუფალს კარგა მაგრად მოხვდება დუნდულებზე ბამბუკის ჯოხი, გაბედავსვინმე  და იტყვის, საქართველო დემოკრატიის შუქურა არ არისო?!

 

ნურას უკაცრავად!  არის! ა-რიიიიიის!!!