საქართველოს შრომის კოდექსს უკვე ყველა აკრიტიკებს - დასაქმებულები, პროფკავშირები, ევროკავშირი, საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მარტო ხელისუფლებას და მისი კარის ბიზნესმენებს აქვთ პირში წყალი ჩაგუბებული. თუმცა, ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია. ამერიკა და ევროკავშირი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას უკვე პირდაპირ მოითხოვენ.
ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა პროფკავშირების და დამსაქმებელთა ასოციაციის კონფერენციაზე განაცხადა. ელჩის თქმით, შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. მისი განმარტებით, ეს არის კოლექტიური შეთანხმების, გაერთიანების და შრომის უფლება.
ბასის თქმით, კოდექსთან დაკავშირებით ხშირად ესმის მოსაზრებები, რომ გარკვეული საკითხების შეცვლა შეუძლებელია, თუმცა ელჩის განცხადებით, თუ მიზანი წარმატების მიღწევაა, ქვეყანამ უნდა შეძლოს პრობლემების მოგვარება. ჯონ ბასის მოსაზრებითვე, აუცილებელია სამმხრივი დიალოგის არსებობა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის გაი რიდერის შეფასებით, ქართული შრომის კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა. რიდერის თქმით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება შრომით ურთიერთობებს საქართველოში და ბოლო დროს შემაშფოთებელ ინფორმაციებს იღებენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელის განცხადებით, ხელისუფლება სრულად იზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციის ღირებულებებს და ესმის, რომ ამ სტანდარტების დამკვიდრება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წერეთლის თქმით, ხელისუფლება ორიენტირებულია იმაზე, რომ შრომის ბაზარი იყოს მოქნილი და ლიბერალური. მისი მტკიცებით, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა.
განსაკუთრებით, დისკრიმინაციულად არის მიჩნეული საქართველოს „შრომის კოდექსის“ 37-ე და 38-ე მუხლები, რომელიც საშუალებას აძლევს დამქირავებელს სამსახურიდან გაფრთხილებისა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვას დაქირავებული. კოდექსის 49-ემუხლი აღიარებს დაქირავებულის გაფიცვის უფლებას, მაგრამ 51-ემუხლი, ამ უფლებას, ფაქტობრივად, ზღუდავს.
საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, დღეს მოქმედი შრომის კოდექსი შუასაუკუნეების აზრობრივი სიმახინჯეა. მისი თქმით, ქართული შრომის კოდექსით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები, ევროპის სოციალური ქარტია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულება საერთოდ იგნორირებულია.
„შუასაუკუნეობრივი შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს და საქართველოში დასაქმებული ადამიანი - ჩაითვალოს ადამიანად და არა ნივთად ან რობოტად. 37-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელს სრულიად უმიზეზოდ შეუძლია გაათავისუფლოს სამსახურიდან დასაქმებული. მაგალითად, თუნდაც იმიტომ, რომ მისი თმის ფერი ან საყურე არ მოეწონა ან მისი სექსუალური სურვილები არ დააკმაყოფილა. ის დაწერს, რომ 37-ე მუხლის საფუძველზე გაათავისუფლა.
სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანი კი ვერსად დაამტკიცებს, ყველა ზემოჩამოთვლილი უზნეო მიზეზიდან რეალურად რა გახდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი”, - ამბობს პეტრიაშვილი.