ღმერთო, მიხსენი მეგობრებისგან...

ღმერთო, მიხსენი მეგობრებისგან...

ბოლო სამი კვირაა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მთავარი ნიუსმეიქერია. მის ირგვლივ ატეხილი ჟრიამული ვერც სარკოზის “ისტორიულმა ვიზიტმა” გადაფარა და ვერც კადაფის მოკვლამ. ეს ცალკე, დიდი თემაა, თუმცა ჩვენ ჩვენებურ ამბებს მივუბრუნდეთ.

 

ივანიშვილის შესახებ დაბეჭდილი მასალების უმრავლესობა პირდაპირ ან ირიბად იმის ნიშნებს შეიცავს, რომ ავტორი (მოსაუბრე) მისთვის საკუთარი თავის შეხსენებას (გაცნობას) და მის გარემოცვაში ადგილის დაკავებას ლამობს.  ამთავითვე, მინდა ყველა გავაფრთხილო: ჩემი მიზანი ეს არ გახლავთ. 7 ოქტომბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ სულ უფრო მიმძაფრდება შეგრძნება, რომ დეჟავიუს ტყვეობაში ვარ… ის, რაც ხდება, ჩემს მეხსიერებაში არაერთხელ მომხდარა სხვადასხვა ვარიაციებით.

 

სხვათა შორის, ამ შემთხვევაში სულაც არა აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურ ლიდერს ეხება საქმე, ქველმოქმედს, წარმატებულ ბიზნესმენს თუ, უბრალოდ, მდიდარ ადამიანს. იმთავითვე იწყება ბრძოლა მის მახლობლად უპირატესი მდგომარეობის მოსაპოვებლად. ეს კი, თავისთავად, ფულთან, გავლენასთან, მოვლენების საჭირო კალაპოტით წარმართვასთან სიახლოვეს გულისხმობს. ეს სიახლოვე კი განიჭებს ბერკეტებს, ზეგავლენა მოახდინო სუბიექტზე და არ მიუშვა ახლოს ის, ვინც შეიძლება შენი გავლენა შეზღუდოს. ასე იყო ზვიად გამსახურდიას, შევარდნაძის, პატარკაციშვილის, სააკაშვილის შემთხვევაში. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ მომცრო ზომის ვარსკვლავთა სიახლოვესაც ამგვარი ბრძოლაა გაჩაღებული.

 

ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ივანიშვილის შემოსვლამ პოლიტიკურ ველზე ხალხში სულ სხვა იმედი გააჩინა: პოლიტიკოსების სრული დისკრედიტაციისა და ტოტალური უნდობლობის პირობებში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არც ურთიერთობებში იყო გაცვეთილი, არც დაპირებებში და არც მათ შეუსრულებლობაში. ადამიანები გაფაციცებით ადევნებენ თვალს მის ყოველ ნაბიჯს, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის მასთან უშუალო კონტაქტამდე, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება.

 

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი თავადაც კარგად ხვდება, - მის ირგვლივ თავმოყრილთა (და მომლოდინეთა) შორის ბევრია ისეთი, ვისაც არაერთხელ გაუცრუებია ადამიანებისთვის იმედი. ახლა მარტო “გრეჩიხაზე” ხელის შეწმენდა ვერაფერი კაცობაა. არც ის დარჩენია ვინმეს უყურადღებოდ, რომ დღემდე მრჩეველების გარეშე ფონსგასულ ივანიშვილს მაინცდამაინც ახლა დასჭირდა მრჩეველთა ჯარი.

 

ყველას კარგად ესმის, რომ მის გარშემო შემოკრებილთა მეტი წილი უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამხმოვანებელი და ამხსნელია. ეს “მოლაპარაკე თავები” (კნინობითად არ ვიყენებ ამ ტერმინს. ვიდრე ვინმე მომწერს, აქვე დავაზუსტებ, რომ მეც ვყოფილვარ ასეთი “მოლაპარაკე თავი”, მაგრამ იმ სხვაობით, რომ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებზე ვლაპარაკობდი) საჭიროა იმდენად, რამდენადაც მათ ცქერა-მოსმენას ხალხი შეეჩვია. უფრო სწორად, შეაჩვიეს ჩვენმა ტელევიზიებმა. უფრო მეტიც: ამა თუ იმ თოქშოუში სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების გამოცნობაც კი აღარ ჭირს.

 

მართალია, ივანიშვილი თავადვე ამბობს, რომ გაიდეალება არ უნდა, მაგრამ ერთია რა გვინდა და მეორეა - რა გამოდის. დღეს საზოგადოება (როგორც მანამდეც არაერთხელ) ორადაა გაყოფილი - ვისაც ივანიშვილის სჯერა და ვისაც ეჭვი ეპარება. ხელისუფლება ამით თავს ნუ დაიმშვიდებს, ვინაიდან ეს ორი კატეგორია ცალ-ცალკეც კი ორჯერ სჭარბობს მათ, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია სააკაშვილის რწმენა. თავად სააკაშვილი ყველაზე კარგად გრძნობს ამას და ამ ბოლო ხნის მოვლენებმა ეს თვალსაჩინო გახადა.

 

პანიკა ოხერია. სააკაშვილი უკვე იქამდე მივიდა, რომ ძლივს ჩარეცხილ 40-60-წლიანების თაობისთვის დასაქმებასა და საგადასახადო შეღავათებზე ალაპარაკდა. “დამოუკიდებელმა” ეროვნულმა ბანკმა კი “ექსპროპრიირებული” მილიონების გამოყოფა მოინდომა “ქართუბანკისთვის”. სიტყვიერად უკვე ჰიბრიდული სიმინდის თესლის ვალებიც კი ჩამოაწერეს დაზარალებულ გლეხებს და თუ ივანიშვილი ამავე ტაქტიკით გააგრძელებს, შესაძლოა, დენის და ნაგვის ფული ისევ ცალ-ცალკე ვიხადოთ, ოპერაციებიც უფასო გახდეს და წამლებიც. ერთი სიტყვით, ამ ორთაბრძოლაში ან ერთი დაგეხმარება, ან – მეორე.

 

პრაგმატულად რომ მიუდგე, ამგვარი დაპირისპირებით ხალხი მხოლოდ იხეირებს - ერთის ქველმოქმედების გადასაფარად მეორე გაიხსენებს ჩვენს ყველა გაჭირვებას, ხოლო მეორის დიქტატორობის ნაცვლად პირველი ყველაზე დემოკრატ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება. ასე იქნებოდა, ალბათ, რომელიღაც სხვა ქვეყანაში, თუმცა იმ “სხვა ქვეყნებში” ის არ ხდება, რასაც საქართველოში უკვე შეეგუენ. და მაინც, თუ საკითხი ასე დგას, - “დღევანდელი ფქვილი თუ ხვალინდელი სამშობლო”, მაშინ ეს ფორმულა არ ივარგებს.

 

ხალხს მარტო სააკაშვილი კი არ მობეზრდა, არამედ ისინიც, ვინც ერთნაირი პათოსით აკრიტიკებდა დღემდე არსებულ ყველა ხელისუფლებას, ხოლო მისი შეცვლის შემდეგ გაოცებით იუწყებოდა ტელეეკრანიდან, რომ ახალი ძველზე უარესი ყოფილა! ხალხს ისინიც მობეზრდა, რომლებიც ყველა ხელისუფლების ქებას წარმატებით ახერხებდა. ისინიც, ვინც ყოველთვის შუაში იდგა და იმას ელოდა, საით გადაიწონებოდა სასწორის პინა. ისინიც, ვინც ყოვლისმცოდნეს იერით ხსნიდა, რომ ხელისუფლების კურსი სწორია, მაგრამ შესრულებაა უგერგილო.

 

ვიღა დარჩაო - იკითხავს მკითხველი. დარჩა საქართველოს უდიდესი ნაწილი, რომელსაც არავინ არასოდეს არაფერს ეკითხება, ტელედებატებში არ პატიჟებს, მაგრამ გულდაგულ “პარსავს” საკუთარი პოლიტიკური თუ ფიზიოლოგიური ჟინის დასაკმაყოფილებლად. ამ ხალხს ხშირად ლანძღავენ (ოღონდ საკუთარ თავს ამ “ხალხში” არ მოიაზრებენ), ამუნათებენ – რატომ იყიდებიო, მაგრამ ვერავინ ხსნის, რატომ შეიძლება იყიდებოდეს ცნობადი სახე თუ პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ მრჩეველი, მსახიობი თუ ექიმი.

 

რა, ამ ქვეყანაში საკუთარი თავის გაყიდვაზეც მონოპოლიაა?

 

ის, რაც ხდება ქართულ საზოგადოებაში, ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ გარეგნული ნიშნებით არის ცნობილი. მან იცის, რომ ადამიანებს უჭირთ და ეხმარება. ვიღაცას ენა მოუბრუნდება თქვას, რომ ყველას არ ეხმარება (თითქოს ივანიშვილი სახელმწიფოს სახელია და არა ერთი ცალკეული ადამიანის გვარი!), რომ ფული რუსეთში იშოვნა (თითქოს თავად აქვე, ყურისძირში არა აქვთ სხვისთვის წართმეული!), რომ იგი ბიძინა კი არა, - ბორისია (თითქოს თავად გოკა, აკო, ჩიორა და მეგისი სულ წმინდანთა სახელების მიხედვით ჰქვიათ!).

 

და მაინც, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი უბრალო ადამიანების გასაჭირის გარდა, მათ გულისთქმასაც არ გაიგებს, იმ წინააღმდეგობებს არ იგრძნობს, რომელმაც ლამისაა, საბოლოოდ გახლიჩოს ერი, მანამ მისი მრჩევლების მიერ მიტანილი კონცეფციები და მათი თვალით დანახული საქართველო ხალხის იმედს ვერ უპასუხებს. იმედი კი მეტად სათუთი რამ არის. თუ იგი ამ ერთხელაც გაცრუვდა, - აქ გავჩერდი და აღარც კი ვიცი, რა დავწერო: იქით აღარაფერი ჩანს!

 

არის ასეთი ძველი გამოთქმა: “ღმერთო, მიხსენი მეგობრებისგან, მტრებს კი თვითონ გავუმკლავდებიო”! განა იმიტომ, რომ ადამიანს (მით უფრო პოლიტიკოსს) მეგობრები არ სჭირდება, არამედ იმის გამო, რომ საუკეთესო სურვილებით, საკუთარ აზრს გახვევენ და შეიძლება ხიფათშიც ჩაგაგდონ. მეგობარი მშობელი არ არის, - ყველა თავად ირჩევს. მათ მაინც უფრთხილდით, ვინც თავისი მეგობრების გვერდით დაყენებას გირჩევთ იმის მიუხედავად, რომ არაერთი მეგობარი გამოუცვლიათ, ან მტრად მოჰკიდებიან!

 

მავანი გაიცინებს - 5 მილიარდის პატრონს ჭკუა რომ დაარიგო, 10 მაინც უნდა გქონდეს ნაშოვნიო, მაგრამ ჯერ ერთი, ჭკუას არავის ვარიგებ - ჩემთვის მჭირდება. თანაც, არც ბიზნესზე მაქვს ლაპარაკი და არც ქველმოქმედებაზე, ხოლო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა ჯერ ახლა გახსნა ანგარიში და როგორც ამ ქვეყნის შვილს, არც მისი ბანკროტობა მინდა და არც ჩემი სამშობლოსი.