ქართული მხარე შვეიცარიელი შუამავლების მიერ წამოყენებულ წინადადებას დათანხმდა, რომლის მიღების შემთხვევაში რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდება. რუსული მხარის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი დღევანდლამდე ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხად რჩებოდა. იმის გამო, რომ რუსეთს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ფაქტობრივად, ისე სურდა, რომ არ შეესრულებინა ორგანიზაციის მოთხოვნების ნაწილი მაინც, ამის გამო ქართული მხარე რუსეთს თანხმობას არ აძლევდა.
შეგახსნებთ, რომ ქართული მხარის მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნას ითვალისწინებს, რუსეთი უარს ამბობდა. მას შემდეგ კი, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა, პირველ საკითხს ესეც დაემატა. ამ პრობლემის მოუგვარებლობა კი აგვისტოს ომმაც გააძლიერა.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს რუსეთისთვის აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.
ამ ორგანიზაციის წევრთათვის ურთიერთობის გამარტივებული და მომგებიანი ფორმების გამო, რუსეთის ეს სურვილი გასაკვირიც არ არის. თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობის სურვილს ხელს მხოლოდ საქართველო უშლიდა და ბოლო პერიოდში ამ საკითხის მოგვარებაში აშშ და ევროპაც ჩაერთო.
გუშინ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ქართული მხარე შვეიცარიელი შუამავლების მიერ მომზადებულ წინადადებას დათანხმდა."ეს წინადადებები შვეიცარიელმა შუამავლებმა გუშინ საღამოს წარმოადგინეს. წინადადება გულისხმობს სპეციალური მექანიზმის შექმნას, რომელიც, თავის მხრივ, გააკონტროლებს ტვირთების გადაადგილებასა და მიმოქცევას იმ დერეფნებში, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის გამაერთიანებელი ტერიტორიების საზღვრებზე მდებარეობს," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.
მისივე თქმით, თავის მხრივ, ეს მექანიზმი ორი კომპონენტისგან შედგება.
"ეს იქნება საერთაშორისო მონიტორინგი და საერთაშორისო მონიტორების მიერ ტვირთების მონიტორინგის გაკონტროლება ელექტრონულ რეჟიმში. აღნიშნული შეთანხმება ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. ამჯერად, უკვე ბურთი რუსეთის მოედანზეა და ჯერი მასზეა," - აცხადებს კაპანაძე.
რუსეთის პასუხი კი ჯერჯერობით უცნობია და რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსეთი ამ საკითხს შეისწავლის და პოზიციას მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებს.
"რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
"დღეისათვის რუსეთი ამ შემოთავაზებას შეისწავლის და უახლოეს მომავალში საკუთარ პოზიციას წარმოადგენს," - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მნიშვნელოვანი კი ის არის, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ვარიანტი.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ გუშინ საღამოს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ეს არის კომპრომისული შემოთავაზება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა."
თორნიკე გორდაძის განმარტებით, მონიტორინგი სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. აგრეთვე მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება.
"ამ შეთანხმებით ქარწყლდება ყველა ის მცდელობა, რომ მომხდარიყო საკითხის პოლიტიზება და ეს საკითხი გადატანილიყო სტატუსზე დისკუსიების ჭრილში. მიღწეულია შეთანხმება, რომ ეს არ იქნება ორმაგი თუ სამმაგი რეჟიმი ამ ტვირთების მონიტორინგისა და იქნება მხოლოდ ერთი რეჟიმი, ოკუპირებული და არაოკუპირებული საქართველოსთვის," - აცხადებს გორდაძე.
სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება მხოლოდ გარკვეული მონიტორინგის განხორციელება, რომელიც ქართულ მხარეს რეალურად არანაირ შედეგს არ მოუტანს.
"რუსეთი დიდი ხანია, სთავაზობდა ქართულ მხარეს ელექტრონული ინფორმაციის მიწოდებას და ჩვენები ამბობდნენ, რომ ამას აზრი არა აქვსო. ბარემ თქვან, რომ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებას ყოველგვარი პირობის გარეშე," - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ქართულ მხარეს ისეთი მოთხოვნები უნდა დაეყენებინა, რაც რეალურად შესრულებადი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც სარგებლის მომტანი აღმოჩნდებოდა.
ამ კონტექსტში კი განიხილავს ქართული პროდუქციისთვის ემბარგოს მოხსნის საკითხს.
თუმცა, როგორც ექსპერტი გია ნოდია აღნიშნავს, რუსულ მხარეს ოფიციალურად ემბარგო არ დაუწესებია და ამ საკითხს ქართული მხარე მოლაპარაკების პროცესში ვერ დააყენებდა.
ხუხაშვილის თქმით კი, ეს საკითხი იქამდე უნდა მოგვარებულიყო, ვიდრე მხარეები ოფიციალური მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებოდნენ.
გია ნოდიას თქმით კი, "საქართველოსთვის საჭირო იყო, რომ რუსეთი საზღვრების საერთაშორისო მონიტორინგს მაინც დათანხმებოდა, რადგან ამას ქართული მხარე ვერ გააკონტროლებდა. ჩვენ შეგვეძლო, რომ გავჯიუტებულიყავით ბოლომდე, რომ მონიტორინგი უშუალოდ ქართულ მხარეს განეხორციელებინა, მაგრამ ჩვენ რეალურად ევროპასთან და აშშ-თან დაპირისპირებულები აღმოვჩნდებოდით, ამიტომ ეს რომ არ მომხდარიყო, რაღაცნაირ კომპრომისზე უნდა წავსულიყავით. ამიტომ დღევანდელ ვითარებასთან შედარებით, როდესაც იქ არანაირი საერთაშორისო კონტროლი არ არის, ეს რაღაცნაირი მიღწევა ნამდვილად არის."
მისი თქმით, ცხადია, რუსეთს არანაირი მონიტორინიგი არ უნდოდა და საერთაშორისო მონიტორინგი უკვე გარკვეულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, ამ ყვლაფერს საქართველოსთვის რა სარგებელი ექნება. ექსპერტთა დიდი ნაწილი კი შიშობს, რომ "ქართულმა მხარემ კაპიტულაცია გამოაცხადა".
ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის შენარჩუნების მიზნით, უკეთესი იქნებოდა, რომ საქართველო ამ მოლარაკებიდან საერთოდ გასულიყო. შეეფასებინა რუსეთის პოზიცია და ეთქვა, რომ ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება და არ მიეღო მონაწილეობა იმ სხდომაში, სადაც ამ საკითხის განხილვა ხდებოდა. ეს ორგანიზაცია კი ადრე თუ გვიან შედეგს, არაკორექტული მოთამაშის ჩართვისთვის, მიიღებდნენ. ამით რუსეთმა თავისი სტილი დაანახა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და რეალურად ძალია