პრეზიდენტის უფლებები შემცირდება, დედაქალაქის მერის კი - გაიზრდება - ასე აფასებენ ექსპერტები „დედაქალაქის შესახებ“ კანონმში შესატან ცვლილებებს. საქმე ეხება პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. ქალაქის მთავრობას უფლება ეძლევა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე გადაწყვეტილება მიიღოს და პირობები და ფასიც თავად განსაზღვროს.
ახალი ინიციატივით, თბილისის მთავრობას ქალაქის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილების მიღების უფლება ენიჭება. საკანონმდებლო ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში შედის და მისი ავტორები დეპუტატები ლაშა თორდია, ზვიად კუკავა, ჩიორა თაქთაქიშვილი და კახა ანჯაფარიძე არიან. კანონპროექტის თანახმად, ქალაქის მთავრობას უფლება ეძლევა, საპრივატიზავიო პირობები და ფასიც თავად განსაზღვროს.
ქართველი ექსპერტების აზრით, დედაქალაქის მთავრობისთვის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭება კორუფციულ რისკებს გაზრდის.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში შესატან შესაბამის ცვლილებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ეს გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია“.
„კანონში მსგავსი ტიპის ცვლილების შეტანა მინიმუმ, უკან გადადგმული ნაბიჯია. ზოგადად, პრივატიზების ორი უნივერსალური ვარიანტი არსებობს - კონკურსი და აუქციონი. პირდაპირი წესით მიყიდვის ფორმა კი მაღალ კორუფციულ რისკს აჩენს და ძალიან სახიფათოა, თუმცა დღევანდელი ხელისუფლებისგან აღნიშნული ინიციატივა ნამდვილად არ გამკვირვებია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის მოსაზრებას „ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის“ ექსპერტი შოთა მურღულიაც ეთანხმება, რომლის აზრით, პირდაპირი წესით მიყიდვის ფორმა პრივატიზების ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალე პროცესია. ამასთან, მურღულიასთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო „დედაქალაქის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანა.
„პრივატიზებას წინ არაფერი უდგას და ჩემთვის გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი?! დედაქალაქის ქონების პირდაპირი წესით მიყიდვის საშუალება ადრეც არსებობდა, მაგრამ აქამდე ეს უფლება მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონდა. ამდენად, როგორც ჩანს, კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებები შემცირდება, დედაქალაქის მერის კი - გაიზრდება“, - განუცხადა სააგენტო „პირველს“ მურღულიამ.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლაშა თორდიას მტკიცებით კი, „თბილისის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილბებით დედაქალაქის მთავრობისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება და ამმხრივ რამე სიახლის შეტანა არ ხორციელდება. დეპუტატი ცალსახად აცხადებს, რომ კანონპროექტი მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს და სხვა კანონიდან გამომდინარეობს.
როგორც თორდია განმარტავს, თბილისის მთავრობას ქალაქის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილების მიღების უფლება რამდენიმე თვის წინ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად მიენიჭა და ახლა ეს უფლებამოსილება „დედაქალაქის შესახებ“ კანონშიც აისახება.