მოშიმშილე სტუდენტები გაიტაცეს

მოშიმშილე სტუდენტები გაიტაცეს

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მისაღებში საშიმშილოდ დამსხდარი სტუდენტები ჟურნალისტების წასვლისთანავე იარაღიანმა პირებმა გაიტაცეს და სოფელ ძეგვში დატოვეს. ახალგაზრდები გატაცების ორგანიზებაში რექტორატს ადანაშულებენ, რის შესახებაც სახალხო დამცველსაც აცნობეს.

„მე და ჩემი სამი მეგობარი რექტორის მისაღებში საშიმშილოდ დაახლოებით პირველი საათისათვის დავსხედით. ერთი საათის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოვიდნენ. ვფიქრობთ, ისინი ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ, რადგან ტაბელური იარაღი დავუნახეთ,“ - აცხადებს სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე.

ცნობილია, რომ სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის მხრიდან უყურადღებობას, პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ სტუდენტებად დაყოფას, განსხვავებული აზრის დევნას, ბიუჯეტის გაუმჭვირვალობას, სტიპენდიების გაცემის არასამართლიან წესს უჩიოდნენ. ამ მიზნით გუშინ აქცია გამართეს, სახელწოდებით „მოუსმინეთ სტუდენტებს“. ამის მიუხედავად, რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მათთან შეხვედრა იმ არგუმენტით არ ისურვა, რომ ამ ადამიანებს სამგზის შეხვდა და მათგან მნიშვნელოვანი არაფერი მოუსმენია. რაც შეეხება სტუდენტების გატაცების ფაქტს, არჩილ ფრანგიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, მის მისაღებში რა ხდებოდა, რადგან რექტორატში დაბრუნების შემდეგ სტუდენტები არ დახვედრიან. რექტორის არაინფორმირებულობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ არჩილ ფრანგიშვილმა აღიარა, რომ თავისუფლად შეეძლო რექტორატის მისაღების „ოკუპირებული ტერიტორიიდან“ სტუდენტები გაეძევებინა.

Presage.tv ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს ივანე მეფარიშვილს დაუკავშირდა, რომელიც უცნობმა პირებმა იძულების წესით გაიტაცეს.

- გუშინ, როდესაც საშიმშილოდ დავსხედით და მედია და ტელევიზია წავიდა, დაახლოებთ ნახევარ საათში რექტორის მისაღებში დაუდგენელი პირები შემოვიდნენ. როცა მათი ვინაობით დავინტერესდით, მათ მოგვიგეს, თითქოს უნივერსტეტის დაცვის წევრები იყვნენ. მოგვთხოვეს, დაგვეტოვებინა ტერიტორია, რაზეც უარი ვუთხარით და განვუმარტეთ, რომ პროტესტის ნიშნად ვშიმშილობდით. უცებ, იძულების წესით გვტაცეს ხელი. დაახლოებით 15-მდე პიროვნება იყო.

ნამდვილად უნივერსიტეტის დაცვის წევრები იყვნენ?

- უნივერსიტეტის დაცვა აშკარად არ იყო. იძულებით ჩაგვიყვანეს ქვევით, უკანა კარიდან გაგვიყვანეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და ჩაგვსვეს წითელი ფერის „ფორდის“ ფურგონ-მანქანაში, ძალის გამოყენებით დაუდგენელი მიმართულებით წაგვიყვანეს. ამასთან, სამარშრუტო ტაქსშივე ჩამოგვართვეს ტელეფონები. ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ მიგვიყვანეს მცხეთიდან მოშორებით მდებარე ერთ-ერთ სოფელში. ჩვენთვის უცნობ ტერიტორიაზე ჩამოგვსვეს, თანაც გვითხრეს, ხმა არ ამოიღოთ, თქვენთვის იყავით, თორემ სხვა დროს შეიძლება უფრო ცუდად დაგიმთავრდეთო. დაგვტოვეს და დაგვიბარეს, ფეხით ადით თბილისამდეო. ამის შემდეგ ორი სოფელი ფეხით ვიარეთ, მთავარ ტრასაზე გავედით, სამარშრუტო ტაქსი გავაჩერეთ და დიდუბეში ჩამოვედით.

სამარშრუტო ტაქსში თქვენზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა?

- დიახ, ვეკითხებოდით, განემარტათ, კონკრეტულად სად მივდიოდით. ასევე, გვაინტერესებდა, ვინ იყვნენ, რა უფლებით დაგვაკავეს და ჩამოგვართვეს ტელეფონი, მაგრამ მათი მხრიდან პასუხი არ მიგვიღია. რასაც იძახდნენ, მხოლოდ ის იყო, მიგიყვანთ და გაიგებთ, ვინც ვართ, გონებას გაგინათებთო. მოკლედ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. კონკრეტულად ვინ იყვნენ, არც სახელს ამბობდნენ, არც შესაბამის უწყებას ასახელებდნენ. მათ სამოქალაქო ფორმა ეცვათ. ჩვენს შორის ფიზიკური შეხება და ჯიკაობა მაშინ მოხდა, როცა „მარშრუტკაში“ ძალის გამოყენებით ჩაგვსვეს. თუმცა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისას არანაირი ფიზიკური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ერთადერთი, გაგვაფრთხილეს, ჭკუით იყავით, ეს იყოს თქვენთვის მაგალითი; რომ იცოდეთ, რომელი ორგანიზაციიდან ვართ, ჩათვალეთ, კარგ ამბავში მოხვდით და ასე ადვილად გიშვებთო.

მომხდარის შემდეგ შიმშილობის გაგრძელებას კვლავაც აპირებთ თუ პროტესტის სხვა გზას აირჩევთ?

- პროტესტს აუცილებლად გავაგრძელებთ, ამაში მალე ჩამოვყალიბდებით. აქვე გეტყვით, საღამოს რომ დავბრუნდით ჩვენს უნივერსიტეტში, დაცვამ შენობის შიგნით აღარ შეგვიშვა. ამიტომ ვეცდებით, დაველაპარაკოთ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, მათთან შეხვედრის კიდევ ერთი მცდელობა გვექნება. თუ არადა, აუცილებლად დავგეგმავთ საპროტესტო აქციას და მას უფრო მასშტაბურ ხასიათს მივცემთ.

სახალხო დაცველთან შეხვედრისას რა პასუხი მიიღეთ?

- სახალხო დამცველს გუშინ და დღეს შევხვდით და რეაგირებას დაგვპირდა. მომხდარის შესახებ, ასევე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ვაცნობეთ. მიგვაჩნია, რომ მარტო ჩვენ, სტუდენტები, ამ პრობლემას ვეღარ მოვაგვარებთ, თუ გარედან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობა არ გვექნება. ამ მიზნით მათთან შეხვედრასაც ვაპირებთ. ჩვენი აზრით, მომხდარი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

გამტაცებლების ამოცნობა შეგიძლიათ?

- სახალხო დამცველთანაც აღვნიშნეთ, რომ რამდენიმე პიროვნების შესახებ  ინფორმაცია გვაქვს.