საწყისი მდგომარეობის განსაზღვრას ამ საშვილიშვილო პრობლემის გადაჭრის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგადი კერძოს გარეშე არ არსებობს და პირიქით. ამიტომ, საკითხის დასმისა და დისკუსიის ფორმით მაინც, ურიგო არ იქნება, თუ გარკვეულ კონკრეტიკას შევიტანთ წარმოდგენილ მსჯელობაში. ყოველ შემთხვევაში, ვეცდები ჩემეული ანალიზი შემოგთავაზოთ. მხოლოდ მინდა, მკითხველმა ყურადღება მაქციოს ერთ გარემოებას. პრობლემის მასშტაბიდან და სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება ალაგ-ალაგ გავცდე საკუთარი მსოფლმხედველობით, მოქალაქეობრივი მრწამსითა და პოლიტიკური გემოვნებით შემოსაზღვრულ სივრცეს. თუმცა, ესეც მხოლოდ თეორიულ პლანში. შესაძლოა, ვინმეს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ავტორს შესაძლებლად მიაჩნია ყოველივე იმის პრაქტიკულად განხორციელება, რაც სიტყვას, ან გამოთქმული მოსაზრების ლოგიკურ განვითარებას მოჰყვება. დღევანდელი გადასახედიდან, პრორუსულ-ანტირუსულ ორიენტაციაზე საუბარი მუშაითის მიერ უფსკრულის თავზე გაჭიმულ ბაგირზე დაუზღვევლად გავლის მცდელობას წააგავს, წონასწორობის შესანარჩუნებელი ჭოკის გარეშე, ისიც, სიბნელეში. ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამაც კი, არა თუ ფრაზამ, შეიძლება შექმნას იმის ილუზია, რომ ვემხრობი იმ გზას, რაც ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისთვის, პრინციპულად მიუღებელია. ამის მიუხედავად, მაინც გავრისკავ და, დაე, მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად გავართვი თავი დასახულ ამოცანას.
+ + +
დასაწყისისთვის, უპრიანია, განვსაზღვროთ- სად ვიმყოფებით ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორია სასტარტო პოზიცია, პოლიტიკური გეომორფოლოგია და დახრის კუთხე? ამის გარკვევას დიდი მნიშვნელიობა აქვს. ჩვენ დასაწყისშივე უნდა ვიცოდეთ, არის მოცემულ მომენტში აღმართზე სიარულის შანსი, თუ ტაქტიკური თვალსაზრისით ჯობია უკან ”დაგორება”, ხელახლა სისწრაფის მოკრებისა და ინერციის მოშველიებით ბარიერის გადასალახად.
სამწუხაროდ, თავის დასამშვიდებელს ვერაფერს ვიტყვი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან განვლილმა ოცმა წელმა აჩვენა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეული შინაარსის მქონე, მეტნაკლებად სტაბილური ბალანსი ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. დღეს ჩვენ აშკარად წამგებიან სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელიც ინერციით ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ოდინდელი იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე გეოპოლიტიკური პარადიგმების ტყვეობიდან, 1992-1993 და 2008 წლებში განხორციელებული შეუნიღბავი აგრესიით უმძიმესი დარტყმა მოგვაყენა და წაგვგლიჯა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორი ისტორიული რეგიონი. მარჯვედ ნატყორცნი რუსული ჰარპუნები საკმაოდ ღრმად ჩაერჭო ქართული სახელმწიფოს სხეულში და მისგან თავის დაღწევის ყოველი მცდელობა წარმოუდგენელ ტკივილს აყენებს ქვეყანას. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენ ვგავართ ფერდში ბარჯგაყრილ ზვიგენს, რომელიც წყლის სიღრმეში ჯერ კიდევ უწევს წინააღმდეგობას თოკმომარჯვებულ მებარჯეს, მაგრამ თავთხელის მოახლოებასთან ერთად გათავისუფლების შანსი სულ უფრო და უფრო მცირდება. ჩვენი მიზანია, მძლავრი ბიძგით ვაიძულოთ მოწინააღმდეგე, მშრალიდან თვითონაც წყალში შემოვიდეს, სადაც მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს თავს, თუმცა თითოეული ასეთი მცდელობა სხეულიდან ამოგჯეჯილ ხორცის ნაფლეთებად და ახალ სისხლად გვიჯდება.
რა ტაქტიკას უნდა მიმართოს ასეთ სიტუაციაში ქართულმა სახელმწიფომ?
სანამ თეორიულ ვარიანტებს განვიხილავთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ პრობლემის მასშტაბი და, შესაბამისად- პასუხისმგებლობის სიმძიმე.
ეს სწორედ ისეთი შემთხვევაა, როდესაც თვით ყველაზე პროფესიონალი, მოტივირებული და პატრიოტულად განწყობილი ადამიანებისგან დაკომპლექტებულმა ხელისუფლებამ არ/ვერ უნდა გადადგას მხოლოდ საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე ნაბიჯი. რუსეთთან ურთიერთობა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. უპრიანია, პრობლემა უშუალოდ ხალხის წინაშე დაისვას, ოღონდ ამას აუცილებლად უნდა უძღოდეს პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, ექსპერტებისა და ინტელექტუალური ელიტის მიერ წინასწარ ჩატარებული ანალიტიკურ-განმარტებითი სამუშაო. გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეულ მოქალაქეს მეტნაკლებად უნდა ესმოდეს მის მიერ გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობა. მათ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს ევროატლანტიკური ორიენტაცია და რამდენად გვაახლოებს მისი არჩევა ქვეყნის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემების გადაჭრასთან. რა მოგვიტანა ამ კურსმა განვლილ პერიოდში და არსებობს თუ არა ამ მიმართულებით პოზიტიური რესურსი. პარალელურად, განსჯის საგანი უნდა გახდეს ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში ყოველთვის აქტუალური ჩრდილოური ვექტორი, რომელიც, ბევრი ნიუანსის გამო (გეოგრაფიული მეზობლობა, სარწმუნოებრივი ერთგვაროვნება, ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება, მსგავსი ტექნოლოგიური სივრცე, მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალი კონტაქტები და ა.შ.) გაცილებით კარგადაა ნაცნობი ფართო მასებისთვის.
ვწერ ამ სიტყვებს და თითქოს ვხედავ ბევრი თქვენგანის გაოცებულ, ლამის ნაწყენ მზერას. კი მაგრამ, ნუთუ ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის არჩევანია ის, რაც განსჯისთვის პირველად უნდა შევთავაზოთ ქართულ საზოგადოებას? იქნებ არც ტალახიანი ჩექმა მინდა და არც მინა-ფოლადის ანტარქტიდა? იქნებ ნაციონალური თვითგამორკვევის პროცესში მთავარი იმის ცოდნაა, რა ხდება უშუალოდ ჩვენში, ორი ფეხის ნაბიჯზე? რატომ გამოვრიცხავთ, რომ პროქართულობა საკმარისი არგუმენტია პრორუსულობასა და პროდასავლურობაზე უარის სათქმელად?
აქ, ალბათ, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან მიზანი და საშუალება. პატრიოტულ ტერმინოლოგიაში ხშირად გამოყენებული და ფრიად პატივდებული პროქართულობა ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომელშიც იგულისხმება საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული, ტრადიციებში განსხეულებული ცხოვრების წესი და ფასეულობათა სისტემა. ყველა დანარჩენი ”პრო” შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოკლე ან გრძელვადიანი ხერხი, გზა და მეთოდი. მისი შერჩევის დროს უნდა ამოვიდეთ არა ილუზორული სურვილებიდან, არამედ გარემომცველი სინამდვილიდან. რომაული ანდაზის ლოგიკით, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. ამდენად, გადაწყვეტილების მიღება უნდა დაეფუძნოს საკუთარი შესაძლებლობების (იგულისხმება ყოველნაირი რესურსი, ადამიანური, ინტელექტუალური, გეოგრაფიული, პოლიტიკური, თვისობრივი და რაოდენობრივი) ობიექტურ შეფასებას, როგორც მოცემულ მომენტში, ასევე- დინამიკაში.
შექმნილი სიტუაციის ანალიზი უფრო იმ აზრისკენ მიბიძგებს, რომ დღესდღეობით ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია აბსოლუტურად დამოუკიდებელი კურსის განხორციელების უნარი (პრინციპში, ”აბსოლუტურად დამოუკიდებელი” უფრო ფილოსოფიური დეფინიციაა, ვიდრე პოლიტიკური. ამ გაგებით, სუპერსახელმწიფოების ჩათვლით, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ანგარიშს არ უწევს გარემომცველ რეალობას). ამის უმთავრესი მიზეზი, ერთი მხრივ, ჩვენი სპეციფიკური მდებარეობაა. ესაა რეგიონი, სადაც ერთმანეთს ეჯახება გეოპოლიტიკურ დომინირებასა და ენერგორესურსების კონტროლზე პირველობისთვის მებრძოლი დიდი ქვეყნების ინტერესები. მეორე, მე ვიტყოდი, უმთავრეს პრობლემას შიდასახელმწიფოებრივი მოუწყობლობა, ხელისუფლებასა და ხალხის ხედვა-ნებას შორის არსებული დისბალანსი წარმოადგენს. სიტყვა დისბალანსი მოცემულ კონტექსტში მხოლოდ პირობითად გამოვიყენე. მე, პირადად, მიჭირს კატეგორიული ვიყო ამ შეფასებაში, რადგან ეროვნულ დონეზე (ხელისუფლებისგან განსხვავებით) ჯერჯერობით, ვერ ვხედავ მკაფიოდ განსაზღვრული ხედვის კონტურებს. შესაძლოა, ამას ის გარემოება განაპირობებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას საკითხის სწორად გააზრებაში ხელს უშლის წრეგადასული ზიზღი თავსმოხვეული, მოძალადე რეჟიმის მიმართ. დამეთანხმებით, ასეთ სულიერ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება დაზღვეული ემოციური ელემენტისგან და ხვალ-ზეგ, შეცვლილ სიტუაციაში, შეიძლება სანანებლადაც დაგვირჩეს გუშინდელი ნაბიჯი.
ცოტას კიდევ განვავრცობ ამ აზრს.
დღეს საქართველოში ასეთი სურათია - ქვეყანას მართავს დიქტატორული მიდრეკილებების მქონე, მაგრამ უკვე აშკარად ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც, ვერბალურად, ჯიქურ აწვება ევროატლანტიკურ ორიენტაციას. მოსახლეობის დიდ ნაწილს, სავსებით გაცნობიერებულად, სძულს მთავრობა და, ასევე- მის მიერ არჩეული კურსი (ოღონდ, ეს უკვე - გაუცნობიერებლად, მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ანტიპათიიდან გამომდინარე). ეს საკმაოდ იოლი ასახსნელია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ნათქვამის საილუსტრაციოდ ისტორიულ პარალელს მოვიშველიებ. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს იმდენად სძაგდა დედამისი, ეკატერინე II, რომ ტახტზე ასვლის შემდეგ საპყრობილედან გაათავისუფლა ამ უკანასკნელის მიერ თავის დროზე დაპატიმრებული ცნობილი განმანათლებელი რადიშჩევი. ამ დროს თვითონ პავლეც უკიდურესად ნეგატიურად იყო განწყობილი ყოველივე განმანათლებლურის მიმართ. ძნელი მისახვედრი არაა, რომ მის გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო არა განსჯაზე დამყარებული მსოფლმხედველობრივი, არამედ ჯიბრის ფაქტორი. პრაქტიკაში ვინმეს მიმართ მკაფიოდ გამოხატული ნეგატიური გრძნობა (სიძულვილი, შური, ჯიბრი, ქიშპი) ხშირად ხდება ხოლმე ლოგიკას მოკლებული, სრულიად არაადექვატური ნაბიჯების მიზეზი და ეს თანაბრად ვრცელდება როგორც კონკრეტულ პერსონაზე, ასევე- მთელ ერზეც.
გზაჯვარედინზე მდგარი ქვეყნის მიერ მიმართულების არჩევას ცივი გონება სჭირდება. სიტყვაზე, დღეს რომ რეფერენდუმზე დავაყენოთ ევროატლანტიკური თუ ჩრდილოური ორიენტაციის საკითხი, ეჭვიც არ მეპარება, ელექტორატის სულ მცირე 60% ამ უკანასკნელს დაუჭერს მხარს. სამაგიეროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ შედეგი ასეთივე იქნება ხელისუფლებიდან სააკაშვილის გუნდის წასვლიდან, დავუშვათ, ათი წლის შემდეგ. მიზეზი მარტივია. დღეს ხალხი ხედავს რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი დასავლური კურსის მხოლოდ მახინჯ მხარეს (ორმაგი სტანდარტები პოლიტიკაში, ავტორიტარული ხელისუფლების მხარდაჭერა, დემოკრატიული მოთხოვნების იგნორირება, ქართული ტრადიციებისთვის უცხო ცხოვრების სტილის პროპაგანდა, ანტიეკლესიური კამპანია და ა.შ.), მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ მას შესაძლებლობა ექნება, დარწმუნდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობათა ღირსებებშიც (ინდივიდუალური თავისუფლების მაღალი ხარისხი, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, ინსტიტუციური ფაქტორის გაძლიერება, დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა...)
ამით სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ ეროვნული თვითგამორკვევის პროცესი განუსაზღვრელი დროით უნდა გადაიდოს. თუმცა, ზემოთ აღნიშნული გარემოების იგნორირებას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს. ის ნამდვილად წარმოადგენს სერიოზულ რისკ-ფაქტორს. სტრატეგიული ორიენტაცია სატუცავი (გლეხურად- კალოში) როდია, არ მოგერგოს და ამოსაცვლელად ბაზრობაზე გამყიდველს მიუბრუნო. რაღაც თვალსაზრისით, ამ კუთხით ფიქრი დაგვიანებულიცაა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება- ჯერ კიდევ ნაადრევი. არც ერთი დაკვირვებული მეურნე არ დააწყობს კვირის გეგმებს იმის მიხედვით, რომ ორშაბათს დილით ცაზე საავდრო ღრუბლებია მქუფრული. თვითიდენტიფიკაცია ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პროცესია და ამ დროს მრავალი, მოცემულ მომენტში ჯერ კიდევ უხილავი ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული.
+ + +
ჩემთვის, როგორც მოქალაქისათვის, საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემას ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ მისი უმოკლეს ვადაში მოგვარება ამოსავალი წინაპირობაა სხვა საკითხების გადასაჭრელად. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ქვეყნის გამთლიანება ასე სწრაფად ვერ მოხერხდება. ამავდროულად, პატივს ვცემ იმ ადამიანების მოსაზრებას, ვინც თვლის, რომ დაკარგულის შემოერთებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა სახელმწიფოებრივ მოწყობაზე, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ორივე შეხედულებას გააჩნია თავისი არგუმენტები, პლუსები და რისკ-ფაქტორები, შესაბამისად - არსებობის თანაბარი უფლება.
მაინც, ვიტყვი- საგარეო ორიენტაციის განსაზღვრის დროს უპირატესობა იმ ვექტორს უნდა მივანიჭოთ, რომელიც შედარებით მცირე პერიოდში მოამზადებს პირობებს დარღვეული სახელმწიფოებრივი სხეულის გასამთლიანებლად.
თავისთავად ჩნდება კითხვა - კი, მაგრამ, რის ფასად?
ჩემი მსჯელობის ამოსავალ დებულებას იმ გადაწყვეტილებისადმი პატივისცემა და ურყევი ნდობა განაპირობებს, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურმა (და არა მხოლოდ ეთნიკურმა) უმრავლესობამ გამოხატა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მისი შენარჩუნება და განვითარება, მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში (არ გაგეცინოთ ამ გამოთქმაზე) ღირსეული ადგილის მოძებნა, მოქალაქეთა დაცვა და მათი ინდივიდუალური თავისუფლების უზრუნველყოფა- აი ყველა ფიქრისა და საქმის უმთავრესი საგანი. სხვა დანარჩენი ამ მიზანს უნდა დაექვემდებაროს , როგორც უზენაეს ეროვნულ იდეას.
+ + +
ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ოცი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობები ჯერ კიდევ დაულაგებელია, ღრმა და საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს..
არ მინდა, სიღრმეში ჩავეძიო, მაგრამ ზოგადად უნდა ითქვას, რომ სამი, აბსოლუტურად განსხვავებული პრეზიდენტის ხელში საქართველომ რამდენჯერმე გადადგა შემხვედრი ნაბიჯი, თუმცა ამას არასოდეს მოჰყოლია რუსეთის მხრიდან ადექვატური რეაქცია.
გამსახურდიას დროს წინა პლანზე წამოწეული იყო ემოციურ-პატრიოტული ფაქტორი, რომელიც ადგილს არ ტოვებდა რაციონალური განსჯისათვის. საბჭოთა სისტემის მშვიდობიანი დემონტაჟისა და პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ”მრგვალი მაგიდის” ბლოკის გამარჯვების მიუხედავად, ეროვნული მოძრაობა ინერციით ისევ გრძელდებოდა, რომელიც, ფორმალური დამოუკიდებლობის გარდა წითელი იმპერიიდან მთლიანად თავდახსნას ისახავდა მიზნად. მომდევნო პერიოდში განსხვავებული ინტენსივობით პულსირებადი კონფრონტაცია სწორედ მაშინ ჩაისახა. ამის მიუხედავად, გამსახურდიამ შეძლო დაეყოლიებინა ელცინი, ხელი მოეწერა პირველხარისხოვანი მნიშვნელობის დოკუმენტზე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის ხელშეკრულება იყო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის რიგით მესამე აღიარება მეოცე საუკუნეში და, დარწმუნებული ვარ, იგი ისევ შეიძენს სათანადო დატვირთვას სამომავლო პოლიტიკურ თამაშებში.
შევარდნაძის მართველობის პერიოდში ხელისუფლებამ თანმიმდევრულად დაიწყო კაპიტულანტური კურსის განხორციელება რუსეთთან მიმართებით. აღნიშნულის თვალსაჩინო გამოვლენა იყო საოკუპაციო ჯარისთვის სამშვიდობო მანდატის მინიჭება, დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობაში (დსთ) შესვლა და, ლამის, კრემლის დერეფნებში ნაკურთხი მინისტრების დანიშვნა საკვანძო თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, სწორედ რუსულმა ნაწილებმა მოახდინეს სეპარატისტული რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაცია. ყველაზე დიდ პოზიტივს 1992-2003 წლების ქართულ-რუსულ ურთიერთობებში წარმოადგენდა სტამბულის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნიდან სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. მართალია, პროცესი რეალურად დაიწყო, მაგრამ ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მთავარ საკითხზე - განსახილველ პერიოდში კვლავ დარღვეული რჩებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთი ისევ რჩებოდა მთავარ მადესტაბილიზატორებელ ძალად საქართველოში.
პარალელურად, განსაკუთრებით 1999-2000 წლებიდან, საქართველოს ხელისუფლებაში გაძლიერდა ევროატლანტიკური ორიენტაცია
რაც შეეხება 2004-2011 წლებს, ამის თაობაზე ზემოთ დაწვრილებით ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ.
მოკლედ შევაჯამოთ ზემოთქმული. 1990-2011 წლებში:
1) რუსეთმა ფორმალურად, სახელშეკრულებო დონეზე აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და საზღვრების ხელშეუხებლობა;
2) რუსულმა სამხედრო მანქანამ მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მხარი დაუჭირა სეპარატულ რეგიონებში დაწყებულ მოძრაობას და შეძლო მათი ფაქტობრივი გამოყვანა საქართველოს იურისდიქციიდან;
3) რუსეთის ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში გაიმარჯვა კაპიტულანტურმა პოლიტიკამ და ქვეყანა შევიდა დსთ-ის შემადგენლობაში;
4) რუსეთმა სამხედრო ბაზების ნაწილი გაიყვანა საქართველოს ტერიტორიიდან;
5) რუსულმა კაპიტალმა, ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკის წყალობით, სტრატეგიული პოზიცია დაიკავა ქართულ ეკონომიკაში და ხელთ იგდო უმნიშვნელოვანესი ბერკეტი პოლიტიკური ზემოქმედების მოსახდენად.
აღნიშნულის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ნორმალიზაცია მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრა. რუსეთი ისევ დარჩა მთავარ ბარიერად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. მეტიც, 2008 წლის აგვისტოში მან ახალი შეიარაღებული აგრესია განახორციელა საქართველოში და დე-იურე აღიარა ფაქტობრივად უკვე მიტაცებული (მათ შორის, ახალი) რეგიონები. ეს იყო მძლავრი პოლიტიკური დარტყმა, რასაც ზედ დაერთო ქართული პროდუქციისა და გასთარბაითერების გამოდევნა რუსული ბაზრიდან.
დიაქრონულ ჭრილში განხილული მოვლენების დინამიკა მარტივ ჭეშმარიტებაზე მეტყველებს. 1991 წლიდან დღემდე საქართველომ არ/ვერ შესთავაზა რუსეთს ისეთი რამ, რაც დააკმაყოფილებდა ამ უკანასკნელის ამბიციას და ხელს ააღებინებდა აშკარად გამოხატულ ანტიქართულ პოლიტიკაზე.
ისმის კითხვა- არსებობს კი ჯერ კიდევ აუმოქმედებელი რეზერვები, ასე ვთქვათ, დამალული კოზირები, ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რომელთა მაგიდაზე ჩამოყრა კარდინალურად შეცვლის სიტუაციას?
+ + +
მანამდე რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ფრიად პრობლემატურ საკითხს - როგორია რუსეთის ჭეშმარიტი განზრახვა საქართველოს მიმართ?
რა სურს მსოფლიოს უკანასკნელ იმპერიას- რაიმე ფორმით ისევ დააბრუნოს იგი საკუთარი გავლენის სფეროში, თუ უშვებს დამოუკიდებელ ქვეყანასთან ცივილიზებული ურთიერთობის შესაძლებლობას ტერიტორიული პრეტენზიების გარეშე?
ამ საკითხზეც საუბარი და აბსოლუტურ თუ არა, მიახლებით ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის მქონე იმპერატიული ვერდიქტის გამოტანა, ლამის, მისნობას უტოლდება. თუმცა, სიტუაციის ანალიზი საქართველოში, რუსეთსა და საერთაშორისო ასპარეზზე მაინც იძლევა გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.
ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ რუსეთმა უკვე გაინაღდა შესაძლებლის მაქსიმუმი და ახლა მის ინტერესებში შედის მიღწეული სტატუს-ქვოს შენარჩუნება. იგი მყარად აკონტროლებს სეპარატისტულ რეგიონებს, ფლობს სერიოზულ ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკაზე ზემოქმედების მოსახდენად და, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევით ინარჩუნებს დესტაბილიზაციას ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში.
აქვე ჩნდება მეორე, არანაკლებ ლოგიკური კითხვა - თუ ასეა, რატომღა განიხილავს იგი საქართველოს, როგორც როგორც ჯერ კიდევ რეალურად არსებული მტრის ხატს, რატომ იბრძვის ყველა დაუშვებელი ხერხით საერთაშორისო ასპარეზზე მისი გაშავებისთვის და ცდილობს, არ დაუსვას ჩვენი ქვეყნის ჩართვა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრუქტურებში.
პასუხი მარტივია: საქართველო ჩრდილოელი მეზობლისთვის ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას. მოსკოვისთვის ნამდვილად არაა სულერთი, რა მიმართულებას აირჩევს მის სამხრეთ პერიფერიაზე მდებარე პატარა სახელმწიფო, დარჩება იგი მეტნაკლებად კონტროლირებად გავლენის სფეროში თუ მაინც შეძლებს სრულად ამოხტომას ძველი გეოპოლიტიკური ორბიტიდან.
ეს ნიშნავს, რომ არსებობს ინტერესი. ხოლო იქ, სადაც ინტერესია, ყოველთვის ჩნდება შემხვედრი ინტერესი და მათი რაციონალური შეხამების ალბათობა.
შეუძლებელია, რუსეთის ხელისუფლებას არ აფიქრებდეს მოვლენათა შემდეგი მიმართულებით განვითარების პერსპექტივა. თეორიულად, გამორიცხული არაა, რომ სტრატეგიული თვითგამორკვევის პროცესში ქართველმა ხალხმა (ხალხმა და არა ხელისუფლებამ) მიიღოს უმძიმესი გადაწყვეტილება და არჩევანი გააკეთოს დასავლურ ორიენტაციაზე ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე (რამდენადაც ძნელად წარმოსადგენი უნდა იყოს ამგვარი პერსპექტივა, იგი მაინც არსებობს, როგორც ალტერნატივა. ბუნების მარტივი კანონია - ის, რაც არსებობს იდეაში, განსაზღვრულ პირობებში შეიძლება იქცეს რეალობად).
ანალოგიური შედეგი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს ხელისუფლება ხალხისგან დამოუკიდებლად და მისი ნების საწინააღმდეგოდ, დასავლეთის ”დაჟინებული რეკომენდაციით” გარისკავს ასეთი ნაბიჯის გადადგმას (სააკაშვილის შემხედვარე, არც ეს ვარიანტია გამორიცხული).
პრაქტიკაში ეს ნიშნავს საქართველოს მიერ ორივე სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარებას, რაც მას გზას გაუხსნის ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. იოლი მისახვედრია, რამდენად მიუღებელი იქნება მოვლენათა ამგვარი განვითარება ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკის გაფართოებით შეშფოთებული კრემლის მესვეურებისთვის. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მათთვის ყველაზე არასასურველი პერსპექტივა და ეცდებიან, არ დაუშვან იგი. აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიები, რუსეთის ფედერაციის ფარგლებში ოფიციალურად შესვლის შემთხვევაშიც კი, მცირე კომპენსაციაა ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად.
კულუარული ინფორმაციის უქონლობის გამო ჩვენთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა საქართველოს მხრიდან რაიმე ტიპის შეთავაზებას ადგილი რუსეთისადმი. ასევე, არ ვიცით, წამოაყენა თუ არა მოსკოვმა შემხვედრი მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნების სანაცვლოდ. ალბათ, დადგება დრო, როცა დღემდე დახურული ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება მისაწვდომი. ერთადერთი, რაც დღემდე ვიცით, ისაა, რომ 1999-2000 წლებში, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს და არჩევის შემდეგაც, პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას თვითონვე შესთავაზა პრობლემის მოგვარება ”ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით”. ამის თაობაზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაზეთ ”კვირის ქრონიკაში” განაცხადა ყოფილმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ვაჟა ლორთქიფანიძემ. ეს უკანასკნელი შუამავლის როლს ასრულებდა პუტინსა და შევარდნაძეს შორის, თუმცა აღნიშნულ წამოწყებას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. ვ. ლორთქიფანიძის თქმით, ჟვანიამ და სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ კრემლიდან მიღებული შემოთავაზება უპასუხოდ დარჩენილიყო.
არ ვიცი, რამდენად შეესატყვისება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ყოფილი ელჩის საგაზეთო ინტერვიუ ოფიციალურ წყაროს არ წარმოადგენს და არც რაიმე სახის მექანიზმი არსებობს მის გადასამოწმებლად. ვარაუდის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ იმ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტის მხრივ ასეთი ინიციატივა სრულიად რეალურად გამოიყურება (ახალი ცოცხის პოლიტიკა).
განვლილი 11 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა (სამწუხაროდ, ჩვენთვის უარესი მიმართულებით), მაგრამ, გამორიცხული არაა, კრემლში ისევ არსებობდეს მზაობა განსაზღვრულ პირობებში (იგულისხმება პოსტსააკაშვილური ეპოქა) საქართველოსთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე სასაუბროდ. არა თუ გამორიცხულია, პირიქით, ვფიქრობ, პუტინი-მედვედევის ტანდემს ყელში აქვს გაჩხერილი საქართველოს საკითხი (აგრესორის იმიჯი, სოხუმისა და ცხინვალის აღიარების წარუმატებელი კამპანია...) და თვითონაც ეძებენ გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან. ამ თვალსაზრისით, ჯერჯერობით დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს მათი ფსიქოლოგიური განწყობა. ნებისმიერი, მით უმეტეს, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს ავტორიტარული ხელისუფლება ვერ მისცემს თავს უფლებას, რაიმე ტიპის დათმობაზე წავიდეს (ასეთების თვალში დათმობა უკან დახევად აღიქმება) და თუ წავა, ეცდება ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს ინიციატივა მას არ ეკუთვნის და სინამდვილეში კი არ დათმო, არამედ კეთილი ნება გამოიჩინა. ამ მხრივ რუსეთისა და საქართველოს დღევანდელი მესვეურები ოლღა ბებიას ღადარში გამომცხვარი მჭადებივით ჰგვანან ერთმანეთს და სწორედ ეს ერთგვაროვანი სიხისტე წარმოადგენს დიალოგის ხელშემშლელ უმთავრეს ფაქტორს.
დღეს აღარავინ დაობს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს, კვლავ დააბრუნოს საქართველო ძველ ორბიტაზე. გასარკვევი მხოლოდ ისაა, როდის და რა ფორმით.ის, რომ ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა წარმოუდგენელია, ყველას კარგად ესმის, მათ შორის კრემლშიც. ეს საკითხი და თანამედროვე ჰეკერის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის ალბათობა არც შეიძლება გახდეს სერიოზული მსჯელობის საგანი. სხვა საქმეა დსთ, ან რაიმე მისი მსგავსი გაერთიანება. ჩანს, მოსკოვში ინტენსიურად ფიქრობენ ახალ ფორმებზე, რადგან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაეფექტიანობა უკვე აღარ წარმოადგენს საიდუმლოს( გავიხსენოთ ამ ბოლო ხანებში პუტინის მიერ გახმიანებული ევრაზიული კავშირის იდეა). თუმცა, ორგანიზაციული ფორმა სულაც არაა მთავარი პრობლემა. კრემლისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია გ რ ძ ე ლ ვ ა დ ი ა ნ ი ს ტ ა ბ ი ლ უ რ ო ბ ი ს განცდა, რასაც იგი დღემდე ვერ ხედავს საქართველოსთან ურთიერთობაში. მარტივად რომ ვთქვათ, კრემლს არ დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მიერ ჩრდილოური ორიენტაციის სიტყვიერი კონსტატაცია, თუ იგი გამყარებული არ იქნება ხანგრძლივი დროის განმვლობაში (თუ სამუდამოდ არა) გადაუსინჯაობის გარანტიით. საქართველოს მხრივ ამ ორი პირობის დაკმაყოფილება წარმოადგენს პრობლემის გასაღებს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან განვლილი ოცი წლის განმავლობაში ჩვენი მხრივ ამ ორი ელემენტის თანხვედრას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, რუსეთი ზეწოლას განაგრძობს და ცდილობს, მიგვიყვანოს სასურველ კონდიციამდე - ჩაგვაყენოს მთხოვნელის პოზაში, უარი გვათქმევინოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე და ჩაგვაცემენტოს მისი პოლიტიკური გავლენის ზონაში.
სავარაუდოდ, რუსეთის მხრივ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის აუცილებელი პირობა იქნება საქართველოს მიერ ენერგომატარებლების ტრანზიტის ფუნქციაზე უარის თქმა. უკეთეს შემთხვევაში, იგი შეიძლება დათანხმდეს პრობლემის მოგვარებაზე ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მის დომინანტურ როლს ევროპის ქვეყნებისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საქმეში.
არსებობს თუ არა ამ შემთხვევაში რაიმე ტიპის გარანტია საქართველოსთვის და რამდენად შეიძლება შენარჩუნებული იქნას მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი?
დიდი ალბათობით, რუსეთი წამოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ცხადია, მისთვის მეტნაკლებად მისაღები გარანტიებით. საამისოდ ოპტიმალური ფორმის შერჩევა მას არ გაუჭირდება (შესაძლოა, ამისთვის არქივიდან ამოიღონ ”ასიმეტრიული ფედერაციის” მოდელი, რომელზეც ერთი პერიოდი აქტიურად საუბრობდა შევარდნაძე. შეიძლება გამოიძებნოს სხვა, ორმხრივ მისაღები ვარიანტიც, მხოლოდ არა კონფედერაცია). პირველ რიგში, მოსკოვი უეჭველად იზრუნებს, კვლავ შეინარჩუნოს პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველო პირობას დაარღვევს და კვლავ მიუბრუნდება დასავლურ ორიენტაციას (ამის ალბათობა გამორიცხული არაა). სოხუმისა და ცხინვალის ფაქტორი (მათ შეიძლება დაემატოს ახალქალაქიც) რუსეთისთვის ყოველთვის შეასრულებს ნაცარქექიას მიერ დევის კისერში ჩარჭობილი სადგისის ფუნქციას, რომლის მანიპულირებითაც მეყსეულად შეიძლება მოარჯულო ურჩობის გუნებაზე დამდგარი პარტნიორი/ოპონენტი.
ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მხრივ ასეთი იძულებითი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში მისი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდება (ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს ბევრს არაფერს შეცვლის. პატრონაჟის სისტემა იგივე დარჩება, ოღონდ პოლიტიკურ-ეკონომიკური და სხვა სახის ინსტრუქციები ინსტრუქტორებითურთ ამჯერად არა ვაშინგტონიდა, არამედ მოსკოვიდან ჩამოვა.
ქართული დიპლომატიის არსენალში კიდევ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი წინადადება, რომლითაც უეჭველად დაინტერესდება რუსეთი. მხედველობაში მაქვს მისთვის რომელიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის (ვაზიანი, სენაკი, გორი, მუხროვანი...) ხანგრძლივი ვადით დათმობის საკითხი. უკეთეს შემთხვევაში, ეს შეიძლება მოხდეს საერთაშორისო ურთიერთობებში აპრობირებული წესით, ანუ სათანადო ანაზღაურების საფუძველზე. თავისთავად, ამგვარი პერსპექტივა განხილული უნდა იქნას, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტის შეზღუდვა.
+ + +
მოვლენათა განვითარების ზემოთ განხილული, შესაძლო ვარიანტები უპირობოდ გულისხმობს 180-გრადუსიან ბრუნს საგარეო ორიენტაციაში. ბუნებრივია, აქ თავისთავად დგება დასავლეთის, პირველ რიგში შეერთებული შტატების საკითხი, რომელიც ასევე ცდილობს განამტკიცოს გავლენა რეგიონში.
გადატვირთვის პოლიტიკის ფონზე, მისი წარმატებით განვითარების შემთხვევაში (ამისი ნიშნები უკვე გამოჩნდა. მხედველობაში მაქვს რუსეთის გაწევრება მსო-ში, რაზეც ბოლო წლებში მეთოდურად მუშაობდა დასავლეთი) არანაკლებ რეალურად გამოიყურება რუსეთისა და ამერიკის მორიგება-გარიგების პერსპექტივა და გავლენის სფეროების გადანაწილება. თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა...
+ + +
თავს ვანებებ ბეგლარა მეწისქვილესავით ნაცარში ქექვას და ვსვამ მარტივ კითხვებს:
გამოვრიცხავთ ვინმე, რომ ლოგიკასთან ძნელად დასაკავშირებელი ახირების გამო რუსეთმა კვლავ განაგრძოს აგრესიული კონფრონტაცია, კატეგორიული უარი განგვიცხადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არ გახსნას დახურული ბაზარი და ჩვეული მეთოდებით განაგრძოს საქართველოს საკითხის დაბლოკვა საერთაშორისო ორგანიზაციებში?
რა გზა ავირჩიოთ ასეთ შემთხვევაში?
ჩვენ ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება ორ უკიდურესობას შორის.
ან - ბოლომდე უშეღავათო პოლიტიკის გატარება, კონფრონტაციაზე კონფრონტაციით პასუხი, იმედების დასავლურ ქიმერებზე დამყარება და კაცმა არ იცის, რამდენი ხნის ლოდინი მეზობელი იმპერიის ჩამოშვავებამდე.
ან - თავზე ნაცრის წაყრა, ქედის მოხრა, ოცწლიანი ბრძოლის შედეგებზე მთლიანად უარის თქმა და დაბრუნება იქ, საიდანაც ორი ათეული წლის წინ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობის სისხლიანი მწვერვალისკენ.
რამდენად ვართ მზად პირველი არჩევანისთვის, რომელმაც შეიძლება მთლიანად შეიწიროს ისტორიული ბედუკუღმართობით ქანცგაწყვეტილი ერის ჯერ კიდევ შემორჩენილი სასიცოცხლო ენერგია?
გაფიქრებაც კი მზარავს (უფალო, დაგვიფარე ავი თვალისგან), მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ეს ქანცგაწყვეტილი ერი მეორე გზას აირჩევს?
გიფიქრიათ ამაზე ვინმეს?!
+ + +
დიდ არჩევანს დიდი დაფიქრება და შავ-თეთრის აფთიაქის სასწორზე აწონვა სჭირდება.
+ + +
არსებობს ნახევრად ანეკდოტური მოთხრობა ნუდისტურ პლაჟზე შეპარული და ტიტლიკანა დამსვენებლების მოცქირალი ბავშვების შესახებ.
- ვინ არიან ესენი, ქალები თუ კაცები? - იკითხა ერთმა.
- არ ვიცი, ტანსაცმელი არ აცვიათ- უპასუხა მეორემ.
-------------------------------------------------------------------
presage.tv-ს მკითხველებს საკმარის პატივს ვცემ საიმისოდ, რომ აღარ განვმარტო, რამ გამახსენა ეს ნახევრად-ანეკდოტი.