რატომ განიცადა თინა ხიდაშელმა ბაკურ კვეზერელის მოხსნა

რატომ განიცადა თინა ხიდაშელმა ბაკურ კვეზერელის მოხსნა

„სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სურვილია, ბიძინა ივანიშვილი დანაშაულებრივი გზით ჩამოაშორონ პოლიტიკურ პროცესს და ამით ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მოკლან“ - აცხადებს „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, რომელიც სააკაშვილს ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებს უწუნებს და „ნაციონალთა“ მმართველობას დამთავრებულად მიიჩნევს.

- საქართველოში პოლიტიკური პარტიები შეიძლება, რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: ერთი, ვინც მუდამ ხელისუფლებაშია და, უბრალოდ, სახელს იცვლის, თორემ, სინამდვილეში, «მოქკავშირია». მეორე ჯგუფში ის პარტიები შედიან, რომელთაც უნდათ, რომ «მოქკავშირი» იყვნენ... არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალაც, რომელიც ღირებულებებზეა ორიენტირებული და ხელისუფლებას რეალურ ოპონირებას... არიან ადამიანები, ვინც სულ ქართულ პოლიტიკაში ტივტივებენ და მხოლოდ იმ დროს ჩნდებიან, როცა ვინმეა გასალანძღი. ასეთი ხალხი არასოდეს გვაკლებდა ლანძღვა-გინებას, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ... მთავარი ისაა, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყო. რესპუბლიკელებმა „ექვსიანის“ დაშლისთანავე ვთქვით, რომ პოლიტიკური პროცესი ასე არ გაჩერდებოდა და საქართველოში პოლიტიკური ცუნამი გარდაუვალი იქნებოდა... დღეს კი, საქართველო ძირეული ცვლილებების მოლოდინშია!

ბიძინა ივანიშვილმა პარტიები დაახარისხა... რესპუბლიკელებს გაგმართლათ და მეცენატის რჩეულთა სიაში აღმოჩნდით...
- ...რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენდა, რომელიც ყველაფერს ისე უყურებდა, როგორც 2008 წლის 5 იანვარს არჩეული პრეზიდენტი. ლევანი დიდი ხანი არ მინახავს და წარმოდგენა არ მაქვს, ახლა რა აზრზეა და როგორი განწყობა აქვს ბოლოდროინდელ მოვლენებზე..

ისე, პარტიების ნაწილმა, როცა რვიანიდან წავიდა, არჩევანი თვითონ გააკეთა და, ასე რომ არ მოქცეულიყო, დღეს სხვანაირი საარჩევნო კოდექსი გვექნებოდა. მაშინ ხელისუფლება იმ ზეწოლას, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჰქონდა, ვეღარ უძლებდა და სწორედ იმ დროს, როცა ხელისუფლება კუთხეში აღმოჩნდა, მაშინ გადახტნენ მის მხარეს გამყრელიძისა და თარგამაძის პარტიები და „ნაციონალებს“ სრულიად გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი შეუქმნეს... ყველას საკუთარი არჩევანი აქვს და პასუხსაც ამის მიხედვით აგებს. ჩვენ კი, კარგა ხანია, კონიუქტურული კი არა, ღირებულებითი არჩევანი გავაკეთეთ.

ისე, ქალბატონო თინა, ბოლო რამდენიმე არჩევნების დროს, რესპუბლიკელებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან გქონდათ ალიანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში საარჩევნო გაერთიანებებს ტოვებდით. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ იმედს ბიძინა ივანიშვილსაც გაუცრუებთ?
- ამ შეკითხვაზე არ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს დაგვიშლია ალიანსი, ეს ყველამ კარგად იცის და ეს შეკითხვა მას უნდა დაუსვათ, ვინც შემჩნეული იყო მსგავს ქმედებაში. რესპუბლიკელებისთვის არავის დაუბრალებია ალიანსის დაშლა,ყველაფერს საზღვარი აქვს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ, სამივე შემთხვევაში, ბოლო წუთამდე ვიბრძოდით ალიანსის შესანარჩუნებლად.

მოკლედ, ქალბატონო თინა, ასეა თუ ისე, ხელისუფლება შეშინებულია და ბიძინა ივანიშვილს აკრძალული მეთოდებით ებრძვის...
- ხელისუფლებამ არ იცის, თუ რა ფორმით უნდა იმუშაოს კონკურენტთან  და როგორ დაიცვას თავი. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს ისე ექცევა, როგორც ადრე ჩვენ გვექცეოდა, მაგალითად, ერთხელ, ათი რესპუბლიკელი დაიჭირეს და აღმოჩნდა, რომ ყველას იარაღი და ნარკოტიკი ჰქონდა. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, პანიკაშია!.. აქამდე ერთი დაჭერილიც კი არ გაუთავისუფლებიათ ისე სწრაფად, როგორც ბერას მეგობარი გაათავისუფლეს და ამით ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული სიგნალები მიიღო. მოკლდ, მიშას მეთოდები დაუძველდა და იმის ენერგიაც აღარ აქვს, რომ რამე ახალი მოიფიქროს.

სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილზე ხმაურიანი განცხადებები არ გაუკეთებია...
- როცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, სააკაშვილი კომენტარს არასოდეს აკეთებს. ვიდრე 7 ნოემბრი არ მოხდა, კომენტარი არ გააკეთა, არადა, სამი თვის განმავლობაში მთელი მოსახლეობა ქუჩაში იყო გამოსული და ამ დროს სააკაშვილი თხების ფერმაში დადიოდა. როცა შეშინებულია, ყოველთვის ასე იქცევა. დღეს მიშას ყველაზე მეტად ხალხის ქუჩაში გამოსვლა აწყობს, რომ  არეულობა მოხდეს.

ხელისუფლებაში საკადრო ცვლილება მოხდა - ბაკურ კვეზერელი ზაზა გოროზიათი ჩაანაცვლეს. რატომ იყარეს ჯავრი მაინც და მაინც სოფლის მეურნეობის მინისტრზე?
- გოროზიას სახით, ხელისუფლებაში კიდევ ერთი ქორი მოვიდა. კარგად ვიცით, ვინაა და რა ტიპის პოლიტიკოსია გოროზია, „ნაციონალთა“ რომელ ფრთას ეკუთვნის. ამიტომ, სრულიად გასაგებია, თუ რატომ დაწინაურდა. კვეზერელის გათავისუფლება ძალიან განვიცადე, რადგან მისი ლაპარაკი მახალისებდა. ისე, იმედია, გოროზია დედალ და მამალ ძროხებზე აღარ ილაპარაკებს, მაგრამ ამით ქვეყანაში გლობალურად არაფერი შეიცვლება. ამ საკადრო ცვლილებაზე პეტრე ცისკარიშვილმა ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა - ეს ცვლილება იმიტომ მოხდა, რომ მთავრობაში ახალი სისხლი იყო საჭიროო. ზაზა გოროზიაა ახალი სისხლი?.. ამბობენ, მალე ხათუნა კალმაძელიძეც ბაკურ კვეზერელის ბედს გაიზიარებსო, მაგრამ ეს არაა საინტერესო, რადგან ასეთი ადამიანები მთავრობაში ამინდს ვერ ქმნიან. თუ სააკაშვილს უნდა, რომ რეალურად ფუნდამენტური ცვლილება აჩვენოს, მაშინ ძალოვანი მინისტრები გადააყენოს, მით უმეტეს, რომ საზოგადოება კარგა ხანია, ახალაიას, მერაბიშვილის, ბოკერიას და ადეიშვილის გადადგომას ითხოვს.

საერთოდ, საკადრო კარუსელს ნაციონალები მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის გადასაფარად ატრიალებენ ხოლმე...
- 2007 წელს მიშა სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ამან საზოგადოება ვერ დაამშვიდა. ამიტომ, საკადრო ცვლილებები მაშინ უნდა განახორციელო, ვიდრე აღმოაჩენ, რომ შენი საქმე დამთავრებულია. როცა უკვე  დამთავრებული ხარ, მერე გინდ კვეზერელი გაათავისუფლე და გინდ - მერაბიშვილი. ქვეყანაში იმდენი რამეა გაფუჭებული, რომ კოსმეტიკითა და გვარების ჩანაცვლებით აღარაფერი ეშველება!