ევროსაბჭო და ეუთო საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების შესწორების რეკომენდაციას იძლევა და იმედოვნებენ, რომ კანონპროექტის მიღებამდე ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. პირველადი შენიშვნები კი ეხება ყველა იმ საკვანძო საკითხს, რასაც ხელისუფლება აქამდე ოპოზიციის ნაწილთან მიღწეული შეთანხმებით, ლამის, რევოლუციურ გარღვევად აფასებდა.
ამის შესახებ განცხადებები გუშინ ვენეციის კომისიის და ODIHR-ის დელეგაციის წევრების მხრიდან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
ვენეციის კომისიის და ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დელეგაცია ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ტომას მარკერტის ხელმძღვანელობით საქართველოში ორი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
ამ შეხვედრების მიზანი, როგორც ტომას მარკერტი აცხადებს, იყო ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება ყველა მხარესთან და მათი მოსაზრებების გაცნობა.
ამასთან, როგორც ტომას მარკერტმა აღნიშნა, ვენეციის კომისია და ეუთო ერთობლივ დასკვნას დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გამოაქვეყნებს. დასკვნა დამტკიცდება ვენეციის კომისიის სხდომაზე, რომელიც 16-17 დეკემბერს გაიმართება.
თუმცა, როგორც ტომას მარკერტმა აღნიშნა, მათ გარკვეული მოსაზრებები უკვე გააჩნიათ და იმედოვნებენ, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნილი პროექტი გადამუშავდება.
ვენეციის კომისიის ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმ გარემობასაც, რომ ახალ პროექტში, რომელიც გადაგეზავნათ, სადამკვირვებლო მისიების მიერ აქამდე გამოთქმული შენიშვნები ასახული არ არის.
„გარკვეული ასპექტები ჩვენი კრიტიკული შეფასებებისა, რომელიც გვქონდა გამოთქმული კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ახალ კანონპროექტშიც არ არის ასახული“, - განაცხადა თომას მარკერტმა და ამ საკითხებს შორის, პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლება, დამოუკიდებელ კანდიდატებთან დაკავშირებული შენიშვნა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის უზრუნველყოფა დაასახელა. მისივე განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა ყველაზე დაბალია.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს საკითხები ქართული რეალობის გათვალისწინებით, მეორეხარისხოვანია. მაგრამ ხელისუფლება ასეთ საკითხებს მუდმივად იმისთვის იყენებს, რომ თქვას, თითქოს ოპოზიციის მოთხოვნებს ითვალისწინებს და ამის გამო ამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებაზე უარის თქმა უწევს.
რეალურად კი არსებობს სხვა პრობლემები, რაც გაცილებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. იგივე ის საკითხები, რაც ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებისას რეფორმატორულად დასახელდა. ეს ეხება როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პარტიების დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიას და ODIHR-ს შენიშვნები, როგორც თომას მარკერტმა განაცხადა, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც გააჩნია.
ტომას მარკერტმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემაში მთავარი პრობლემა არის ხმათა წონადობის პრობლემა და პროექტში გათვალისწინებული საკითხი, რომელიც მსხვილი ოლქების დაყოფას გულისხმობს, გარკვეულწილად აგვარებს, მაგრამ მთლიანად ვერ ჭრის პრობლემას.
ამ მიმართულებით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის გათვალისწინებით რამდენიმე ოლქის გაყოფა და 10 ახალი ერთმანდატიანი ოლქის შექმნა იგეგმება, თომას მარკერტი არასაკმარისად აფასებს.
„პრობლემა რჩება საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის კუთხით პროპორციულობის დაცვის მიმართულებით. მართალია, წარმოდგენილი კანონპროექტი ამ პრობლემას გარკვეულწილად აგვარებს, გათვალისწინებულია რა ყველაზე მსხვილი ოლქების დაყოფა, მაგრამ ეს პრობლემას მთლიანად ვერ წყვეტს“, - განაცხადა თომას მარკერტიმ.
მან ასევე გააკრიტიკა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებისთვის საარჩევნო ფონდებში ფინანსური შემოწირულობების გაკეთების უფლების მიცემის საკითხი.
მაგრამ, მოგვიანებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიებს ეს უფლება აღარ ექნებათ.
„იურიდიული პირების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ნაწილში გარკვეული შეთანხმება არსებობს. კანონში აღარ იქნება დაშვება იმისა, რომ საწარმოებმა, სადაც სახელმწიფო 50%-იანიწილით მონაწილეობს, შემოწირულობა გააკეთონ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
ვენეციის კომისია ასევე მიუღებლად მიიჩნევს იმას, რომ გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ.
ვენეციის კომისიის ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობას არ მისცემს და სახელმწიფო კომპანიებთან მიმართებაშიც შეიცვლის პოზიციას.
ტომას მარკერტის თქმით, გუბერნატორების მონაწილეობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი უკანასკნელ დღეებში გამართული შეხვდერების დღის წესრიგში იყო.
სტუმარმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების მოსაზრებაა, რომ გუბერნატორებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდეთ. ასევე, ტომას მარკერტი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიებთან მიმართებაშიც, პოზიციები შეიცვლება და კანონმდებლობაში „იმაზე განსახვავებული პოზიცია დაფიქისრდება, ვიდრე დღევანდელ პროექტშია“.
თუმცა, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ გუბერნატორს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს.
პავლე კუბლაშვილმა განცხადა, რომ გუბერნატორები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვენეციის კომისიისთვის საერთოდ უცნობია ხელისუფლების წრეებიდან გამოსული ის იდეა, რომელიც იურიდიული პირებისთვის პარტიის დაფინანსების აკრძალვას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ეს იდეა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანზიციებს გააცნო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე აჟიოტაჟი ატყდა, ხელისუფლება აცხადება, რომ ეს იდეა, ჯერჯერობით, პროექტის სახით არ არის ჩამოყალიბებული. თუმცა, დიდი ალბათობით, ჩამოყალიბდება.
მით უმეტეს, რომ ტომას მარკერტის თქმით, ამ მხრივ ერთიანი პრაქტიკა ევროპის სახელმწიფოებში არ არსებობს და ამგვარი აკრძალვების დაწესება ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია.
ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ტომას მარკერტს გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით ჩატარება ყველაზე კარგ და ოპტიმალურ გამოსავლად მიაჩნია.
მისი თქმით, ვიდეოკამერებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ყოველთვის აწუხებდა პრობლემა, რომ შესაძლოა, საარჩევნო უბნებზე კამერების არსებობას გამოეწვია ამომრჩეველთა სიფრთხილე და შეშინება. ამასთან, მისივე თქმით, წარსულში მუდმივად იყო პრობლემები მარკირებასთან დაკავშირებითაც და ამიტომაც მიაჩნია, რომ სხვა მიდგომები და გზები უნდა გამოინახოს იმ საკითხების მოსაგვარებლად, ვისთვისაც ეს კამერები და თუნდაც მარკირება არსებობდა.
„გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ, ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება იქნებოდა ყველაზე კარგი და ოპტიმალური გამოსავალი, მაგრამ ამას ალბათ, დრო სჭირდება და ვერ მოესწრება უახლოესი არჩევნებისთვის“, - დასძინა ტომას მარკერტმა.
ცხადია, რომ ვენეციის კომისიის და ODIHR-ის მოსაზრებები საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია. ეს მოსაზრებები კი უკვე ოფიციალურად დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ცნობილი და დიდი ალბათობით, ეს შეფასებები ამ დასკვნაშიც აისახება.
ხელისუფლება კი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კოდექსთანდაკავშირებით ვენეციის კომისიის საერთო შეფასება დადებითი იქნება.