ქვემო ქართლი, რეგიონი რომელიც „სახელისუფლებო ხმების ბეღელად” ითვლება - ოპოზიციური პარტიების აქტიური მუშაობის არენა არასოდეს ყოფილა. სიტუაცია წლების მანძილზე არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად ესმის - ეს ხმები, ხშირად, არჩევნების შედეგისთვის გადამწყვეტია.
მმართველმა გუნდმა იცის, რომ თუ თბილისი, ან ქვეყნის, რომელიმე სხვა დიდი ქალაქი მხარს არ დაუჭერს, პრობლემა არაა - ათჯერ მეტი ამომრჩეველი და დახვავებული ხმები ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან შეუვა.
სიტუაციის შეცვლას, მწირი ფინანსების, თუ სხვა რიგი ხელისშემშლელი ფაქტორების გამო ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ. ისინი რეგიონში მუშაობას წინასაარჩევნოდ იწყებენ - ხსნიან ოფისებს და მოსახლეობას მათ რეგიონალურ წარმომადგენლებს აცნობენ. უჭირთ ადგილობრივი აქტიური წევრების მოძიება. ზოგჯერ იმდენად არ იცნობენ რეგიონს, რომ პარტიის რეალური თანამოაზრების გვერდით კარს მერაბიშვილს თანამოზრეებსაც უღებენ.
თუ რუსთავში ოპოზიციურ პარტიებს მეტ-ნაკლებად მცირე რიცხოვანი ამომრჩევლები მაინც ყავთ, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა რაიონების სოფლებში.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონის სოფლებში იცნობენ მხოლოდ ,,მიშას” და ხუთ ნომერს, ანუ - „ბეშს“. თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მარნეულის სოფლებში „ბეშ, ბეშ” აზერბაიჯანულად ხუთიანს რომ ნიშნავს, ყველა ქართველმა, თუ უცხოელმა დამკვირვებელმა აითვისა.
ახლა, როდესაც ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ აქვს და რეგიონის ყველაზე მივარდნილ სოფელშიც შეუძლია იაქტიუროს, საინტერესოა შეიცვლება, თუ არა სიტუაცია.
Presage.tv დაინტერესდა გარდაბანსა და მარნეულის რაიონში, ეთნიკური აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები ფლობენ თუ არა ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ჩვენი მოსაუბრეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის ივანიშვილი. ინფორმაციას კი რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ძირითადად, აზერბაიჯანის მედიასაშუალებებიდან იღებს.
„არ ვიცი ვინ არის ივანიშვილი. მე ვიცი სააკაშვილი და მხარს ვუჭერ. ადამიანი ბრმა უნდა იყოს, რომ ვერ დაინახოს რა გააკეთა ამ ადამიანმა არა მხოლოდ აზერბაიჯანლებისთვის, არამედ საქართველოს ყველა ეროვნების მოქალაქისთვის. ვინც არ უნდა გამოჩნდეს, ვერ წარმომიდგენია, რომ მე ან ვინმე სხვა მარნეულელმა აზერბაიჯანაელმა, მას მხარი დაუჭიროს. ეს გამორიცხულია “ - ამბობს, ფაზილ გუსაევი.
ოპოზიციურ პარტიებზე დასმულ შეკითხვებს გარდაბის მაცხოვრებლები პასუხს არ ცემენ.
„ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით” – გვეუბნება, თბილისი-გარდაბნის სამარშუტო ხაზის მძღოლი. მიუხედავდ იმისა, რომ კითხვებს ჩამწერით ხელში არ ვსვამდით, თემა ამ საზოგადოებისთვის საფრთხილოა. საუბარს აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეების მშობლებთან ვახერხებთ. „დაახლოებით სამი თვე დაუგვიანდათ სკოლაში ქართულის წიგნების ჩამოტანა. სახელმძღვანელოები, რომლითაც ჩვენი შვილები სწავლობებ - უხარისხოა. მათი გვერდები ქსეროასლებია და ფოტოს, ან რაიმე ნახაზის გარჩევა რთულია.
პრობლემაა ასევე თარგმანის საკითხიც. ხშირად ბავშვებისთვის და ჩვენთვისაც გაუგებარია ის ტექსტები, რომელიც აზერბაიჯანულად მათ სახელმძღვანელოებში წერია”.
ასე რომ, პრობლემები აქვს რეგიონის, როგორც ქართულ, ასევე - აზერბაიჯანულ მოსახლეობას. რეალურად, თუ ვინმე გადაწყვეტს წაართვას სამთავრობო გუნდს ქვემო ქართლის ხმები, ხელშესახებ შედეგებზე გავა.
თუმცა ამ ადამიანებს ოქროს შუალედის დაცვაც მოუწევთ. ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში, ყველამ კარგად იცის, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები დიდი სიფრთილით უნდა გატარდეს, რათა ასეთმა პროცესმა ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებითი პრობლემა არ გაუჩინოს.
იმუშავებს თუ არა ივანიშვილი ქვემო ქართლის ხმებზე - არავინ იცის. მისი გუნდის წევრები ამ საკითხზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ კონკრეტულ გეგმებზე და პროგრამებზე მას შემდეგ განაცხადებენ, როცა ივანიშვილს არჩევნებში ჩართვის საშუალება მიეცემა.