გლდანის რაიონში, თიანეთის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 4 000-მდე ოჯახს, პერიოდულად ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აქვთ , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თიანეთის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები "ენერგოპროჯორჯიას" მომხმარებლები არიან, ნებისმიერი სახის უამინდობის დროს კი, მოძველებული სადენების გამო ხშირად ელექტროენერგია ეთიშებათ. ხაჩირაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივმა გამგეობამ ჩაატარა გარკვეული ღონისძიებები, თუმცა ეს პრობლემა გამგეობის კომპეტენციის სფეროს სცილდება.
შესაბამისად, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა მიმართა "თელასსა" და "ენერგოპროჯორჯიას", რომ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართონ, სადაც პრობლემების გადაწყვეტის გეგმა დაისახება.
ხაჩირაშვილმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში მოძველებული ქსელების რეაბილიტაციაა საჭირო. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ თიანეთის ტრასის მიმდებარე, მარჯანიშვილისა და ვართაგავას ქუჩენიოს მოსახლეობა "ენერგოპროჯორჯიას" ნაცვლად, "თელასის" აბონენტები გახდეს.