საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება, რომელიც ოქტომბერში განხორციელდა, არ იქონიებს გავლენას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, რომელიც ისედაც კარგია ამ ეტაპზე , - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საშინაო საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალსტრომმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"კოჰაბიტაცია არც ისე იოლია. ეს შეიძლება თავად ევროპის სახელმწიფოებისთვისაც რთული იყოს, მაგრამ ეს არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უნდა ვმართოთ კონსტრუქციული მიდგომით ყველა მხარისგან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ საერთაშორისო დონეზე შეინარჩუნოს ყველა ეს მიმართულება და მოლაპარაკება განხორციელდეს საერთო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა სესილია მალსტრომმა.