რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ღალატის ფასად, - "რის ნოვოსტის" ცნობით , ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება პრაგმატულად მოქმედებს, ეკონომიკური კავშირები კი, ორ ქვეყანას შორის არასოდეს გაწყვეტილა.
"ენერგეტიკისა და სხვა სფეროებშიც ჩვენი კომპანიები ძველებურად მუშაობდნენ. თუკი არსებობს ჰუმანიტარული კავშირების განვითარებისა და საჰაერო მიმოსვლის ინტერესი, მზად ვართ ამ სფეროებში ურთიერთობის განვითარებისთვის, თუმცა არა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩვენი ძმების ღალატის ფასად. ეს არასოდეს მოხდება", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთის დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი არასოდეს გაციებულა.
"ეს ჩვენი ახლო მეზობელია, ძმური ერი. ჩვენ გვაქვს უდიდესი ურთიერთმისწრაფებები კულტურის სფეროში, ჰუმანიტარული კავშირები და არ ვაპირებდით, ქართველი ხალხის იზოლირებას, თუმცა სააკაშვილის რეჟიმმა მიიღო დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილება", - აღნიშნა ლავროვმა.