დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავას ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ექსპერტიზისთვის რამდენიმე ქვეყანაში გაგზავნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
"მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადება პირდაპირ სასწაულია. ჩემს თვალწინ დაილუქა ერთი "ფლეშკა", რომელზეც მე და ჩემმა ადვოკატმა ხელი მოვაწერეთ. ძალიან მაინტერესებს, კოპირება როგორ მოახდინეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არაფერს გააფუჭებდნენ და საზღვარგარეთ ისე გაგზავნიდნენ, მაგრამ ის, რომ ამ განცხადებას აკეთებს იურისტი, არ ვიცი, ამას რა დავარქვა. რამე რომ მოხდეს, სად მიდიან? ერთმა ქვეყანამ რომ დადებითი პასუხი მისცეს და მეორემ უარყოფითი? კოპირება თვალით მოახდინეს, დააჯდნენ ზემოდან თუ როგორ მოხდა? თუ მანამდე აიღეს ასლი, ჩემთვის უნდა ეთქვათ, რომ დალუქულიყო. ეგრე სადაა? ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები", - განუცხადა ფირცხალავამ "ინტერპრესნიუსს".
ამასთან, ფირცხალავა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ ბაქრაძის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასთან მიმართებაში ბაქრაძე მართალია, როცა ამბობს, რომ საქმის გაყალბებისას ის შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.
"ჩემს მიერ გავრცელებული ვიდეომასალით მე ჩემს უდანაშაულობას ვამტკიცებ. მე და ჩემს მეგობრებს ბრალი გვედება შემთხვევის ადგილზე იარაღის მიტანაში, არადა რაც არ უნდა დამონტაჟებული იყოს კადრები, აშკარად ჩანს, რომ პატრულის თანამშრომლები უკვე დარბიან იარაღით. ახლა ინტერვიუში ამბობენ, რომ ბიჭებს იარაღი არ ჰქონიათ და ის შემდეგ მოიტანეს. თუ იარაღი არ უნახავთ, მაშინ რატომ დაიჭირეს ის 5 ადამიანი? რატომ არ უჩნდება გამოძიებას მათ მიმართ ეს შეკითხვა?", - აღნიშნა ფირცხალავამ.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადამ რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ექსპერტიზა, საქართველოს გარდა, კიდევ სამ ქვეყანაში ჩაუტარდება.
თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე კი, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გასულ კვირას გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.ბაქრაძის თქმით, ვიდეომასალა მომხდარიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგაა გადაღებული.
ამასთან, მისივე განმარტებით, არც ალექსანდრე გვაზავა, არც ირაკლი ფირცხალავა და არც ირაკლი იაშვილი საქმის გაყალბების დროს ადგილზე არ ყოფილან.