პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს

პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს

მილიონი ლარის გირაოს გარდა, პროკურატურამ სასამართლოს თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნითაც მიმართა. როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თანამდებობაზე ყოფნისას ამ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რაც ამ შემთხვევაში თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში გამოიხატა, ძალიან ლოგიკურია, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს პირს შეუჩერდეს იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მან სავარაუდო ქმედება ჩაიდიანა.

კბილაშვილის თქმით, პროკურატურის ეს მოთხოვნა ამ საფუძველს ემყარება და უფლებამოსილების შეჩერების კუთხით მერის არჩევითობასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არ არის.

მისივე თქმით, პროკურატურამ მოითხოვა ასევე, რომ მან არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, რადგან არსებობს რისკი და ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია მან თავისუფლებით ისარგებლოს და გამოძიებას დაემალოს. "მით უფრო, რომ მოსალოდნელი სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი და მაღალი, ამიტომაც ამ საკითხის უზრუნველსაყოფად სიფრთხილის მიზნით ჩვენ ეს ნაბიჯიც მივიჩნიეთ მიზანშეწონილად", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.