სასჯელაღსრულების #1 დაწესებულება, ე.წ. ორთაჭალის კრიტი ხვალ ოფიციალურად დაიხურება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დაწესებულების პატიმრები სხვადასხვა ნახევრად ღია ტიპის ციხეებში გადანაწილდებიან. უწყების ცნობით, გადანაწილების პროცესი უკვე დაწყებულია და ხვალ დასრულდება.
დაწესებულების დახურვა, როგორც სამინისტროში განმარტეს, იქ არსებული გაუსაძლისი პირობებიდან გამომდინარე ხდება. დახურვის ღონისძიებას დაესწრება სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე, სტუმრები პარლამენტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.