თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უკვე შევიდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
პროკურატურის შუამდგომლობის შინაარსი სასამართლოს პრესსამსახურისთვის უცნობია. აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას ითხოვს პროკურატურა გიგი უგულავასთვის, ამ დროისთვის არ კონკრეტდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსპიკერმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, პროკურატურის შუამდგომლობის შინაარსი დღეს ღამით გახდება ცნობილი.
თბილისის მერს, გიგი უგულავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი გუშინ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წაუყენა. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა.
გაბაიძის განცხადებით, გიგი უგულავას ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე წარედგინა ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
"ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა გათვალისწინებული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გიგი უგულავამ დაკითხვაზე გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება", - აღნიშნა გაბაიძემ.