ვლადიმერ ვარძელაშვილს, ვახტანგ ბიჭაშვილსა და ზვიად ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ

ვლადიმერ ვარძელაშვილს, ვახტანგ ბიჭაშვილსა და ზვიად ქავთარაძეს გირაო შეეფარდათ

დევი სირაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გირაოს სახით 3 ათასი ლარი შეეფარდა, იარაღის უკანონოდ გასაღება/ჩუქებაში ბრალდებულ ვახტანგ ბიჭაშვილს – 6 ათასი ლარი, ხოლო გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ქავთარაძეს – 15 ათასი ლარი.

ბრალდებულებს თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრათ და ისინი საპატიმროებს მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხა მთლიანად იქნება დაფარული.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ბიჭაშვილთან და ვარძელაშვილთან მიმართებაში გირაოს შეფარდება შესაბამისად 7 და 4 ათასი ლარი მოითხოვა, ზვიად ქავთარაძესთან მიმართებაში კი წინასწარი პატიმრობა.

ბიჭაშვილის და ვარძელაშვილის დაცვის მხარეები გირაოს შეფარდებას დათანხმდნენ, თუმცა, მისი შემცირება მოითხოვეს. ქავთარაძის ადვოკატი კი პატიმრობის შეფარდებას არ დაეთანხმა და მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ქავთარაძე გირაოს სახით 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. მანვე წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული გარდაცვლილი დევი სირაძის მეუღლის განცხადება, რომლის მიხედვითაც მას არავითარი პრეტენზია არ აქვს ქავთარაძის მიმართ.

ამასთან, ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომაც და ის 17 აპრილს, 12.00 საათზე გაიმართება.

ლადო ვარძელაშვილს, ზვიად ქავთარაძეს და ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალი გუშინ წაუყენეს. ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით ედება, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირი - ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი 22 თებერვალს, ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. "ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად "ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ელი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.