25-26 თებერვალს, ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის XIV სხდომა გაიმართება. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომას თანათავმჯდომარის სტატუსით გახსნის თინათინ ხიდაშელი და ევროპარლამენტის მხრიდან მილან საბრნოხი. საქართველოს მთავრობას სხდომაზე წარმოადგენს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. სხდომის დასასრულს კი, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრები რეკომენდაციებს მიიღებენ. მსგავს დოკუმენტს უკვე ტრადიციულად ყოველი შეხვედრის შემდეგ აქვეყნებს კომიტეტი.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი 1999 წელს შეიქმნა. კომიტეტი მიღებული შეთანხმებების შესრულების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს და მოქმედებს როგორც საერთო ინტერესებზე სადისკუსიო ღია ფორუმი. საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრები ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოსა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იხილავენ. მათ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა რეკომენდაციებში შეუძლიათ, რომელთა ადრესატები არიან : თანამშრომლობის საბჭო, პარტნიორი ქვეყნების მაღალჩინოსნები, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-14 სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები არიან - უმრავლესობიდან: დელეგაციის ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი, გიორგი ვოლსკი და ვიქტორ დოლიძე, საპარლამენტო უმცირესობას კი - გიორგი კანდელაკი და გიორგი ვაშაძე წარმოადგენენ.