ხელისუფლებას წინასაარჩევნო ზღაპრების შეთხზვა და მოყოლა ძალიან ადრე მოუხდა. ივანიშვილის გააქტიურებას, უშუალოდ პრემიერი და პრეზიდენტი დაუპირისპირდნენ თავიანთი პროექტებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჯამში 75 ათასი ადამიანი დასაქმდება.
„მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურაში დამატებით 5 000 ადამიანი დასაქმდება. წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში 20 ათასი, ენერგეტიკაში 13-15 ათასი, რკინიგზის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტებისთვის კი 8-10 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება”, - განაცხადა გილაურმა.
პრემიერმა ქვეყანაში ინდუსტრიული ზონების განვითარებას მნიშვნელოვანი უწოდა და 2012 წელს ამ სექტორში 1500 ადამიანის დასაქმება ივარაუდა. “მნიშვნეელოვანია ასევე ინდუსტრიული ზონების ჩამოყალიბება. ისინი ჯერ კიდევ ისე არ არიან განვითარებულნი როგორც ეს ჩვენ გვინდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2012 წელს ინდუსტრიულ ზონებში მინიმუმ 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება”, - განაცხადა გილაურმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.
პრემიერი, რომ თითქმის 80 ათას კაცს სამსახურს გამოუძებნის, პრეზიდენტი მათ ერთ ნაწილს გადასახადისგან გაათავისუფლებს. მართალია, სააკაშვილს ჰგონია, რომ ამით შეღავათს მეწარმეებს ანიჭებს, მაგრამ ამას არსებითი მნიშნველობა არ აქვს, ვიღაცას რაღაცა უნდა უშეღავათოს.
პრეზიდენტი ბიზნესმენებს, 45-დან 60 წლამდე ადამიანების დასაქმების შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებას სთავაზობს. სამწუხაროა, როცა პრეზიდენტმა არ იცის, რომ საშემოსავლო გადასახადს არა კომპანია, არამედ მის მიერ დაქირავებული იხდის და ამითი მეწარმე შეღავათს ვერ მიიღებს. თუმცა, მთავარია ინიციატივის არსი კი არ არის, არამედ ტერმინი “შეღავათი”.
“საქართველოს დიდი ჩავარდნა ჰქონდა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იან წლებში, ამ დროს მოხდა კატასტროფა. როცა ვამბობ, რომ ეს არის დაკარგული თაობა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს თაობა არ არსებობს, ეს თაობა დაკარგული იყო იმ გაგებით, რომ დაიკარგა შანსი ცხოვრებაში წარმატების მიღწევისა. ეს მათი მიზეზით არ მომხდარა, ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩამოიშალა სახელმწიფო სოციალური სტრუქტურა, განათლების სისტემა და სხვა.
ამ თაობის წარმომადგენლები ძალიან ღირსეული და დასაფასებელი ხალხია. ისინი ჩვენი ახლობლები, მეგობრები და თანამოქალაქეები არიან, მაგრამ ამ ხალხს აქვს დიდი პრობლემა. ეს იყვნენ ადამიანები, რომელთაც რაღაც ასაკს მიაღწიეს, მე არ ვლაპარაკობ ვიღაც ღიპიან გაიშნიკებზე მოსახვევებში რომ იყვნენ ჩასაფრებულები ჯოხებით, მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივ, ნორმალურ, პატიოსან ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ სამსახურებში 10-15-25 წელი მუშაობდნენ და, ალბათ, არც არაფერს იპარავდნენ. ყველაზე დიდი ტრაგედიაა ის, რომ ეს ხალხი გაშვებული იქნა სამსახურიდან. ამიტომ დღეს ეს არის ჩვენი მთავარი სოციალური გამოწვევა”, - ჩვეულ სტილში დაიწყო ინიციატივის არსის გაცნობა სააკაშვილმა.
“მე მაქვს ინიციატივა, ვცადოთ და ვნახოთ. თუ რომელიმე ბიზნესი სამსახურში აიყვანს 45-60 წლამდე ასაკის ადამიანს, გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, რა თქმა უნდა, რაღაც პირობებით. თუ ბიზნესმენები ამ ხალხს აიყვანენ, პირველ სტიმულს ვიძლევით, რომ ამ საშემოსავლო გადასახადისგან ვათავისუფლებთ და შემდეგ სტიმულების პაკეტს კიდევ მოვიფიქრებთ ამ ადამიანების სამოქალაქო სექტორში დასაქმებისათვის. სტიმულებში ასევე, იგულისხმება, რომ ჩვენ მოგეხმარებით მათ გადამზადებაში. არსებობს ამის მეთოდოლოგია, მუდმივი განათლების სისტემა, რაც არის სამხრეთ კორეაში - იქ ყველა ასაკის ადამიანი მუდმივად იღებს განათლებას და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნას ერგება”, - დასძინა სააკაშვილმა.
გარდა ზეპირი განცხადებისა, ხელისუფლება თავის ამომრჩეველზე საქმითაც ზრუნავს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სექტორებში არიან დასაქმებულები და ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. წინასაარჩევნო წელს მათი ხელფასები იზრდება. ამას 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა თითქმის 48 მლნ ლარით იზრდება, დასაქმებულთა რაოდენობა კი - მცირდება. თუ 2011 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 1 080 143.0 ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს ხელფასებზე 1 128 073.0 ლარი დაიხარჯება, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი კი 100 130 კაციდან 99 538 კაცამდე შემცირდება.
საგაისოდ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებს ხელფასი, საშუალოდ, 950 ლარამდე გაეზრდება, წლეულს კი საშუალო ხელფასი დაახლოებით 890 ლარს შეადგენდა, რაც 2009-10 წლებთან შედარებით თითქმის 35-40%-ით მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 531,1 ლარი იყო, 2009 წელს კი - 512,6 ლარი.