თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს სოციალურად დაუცველ ქავთარაძეების ოჯახს ესტუმრა.
როგორც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მათ წლების განმავლობაში 54 000 სარეიტინგო ქულა ჰქონდათ მინიჭებული, რაც ამჟამად შეეცვალათ და შესაბამისად მიმდინარე თვიდან ისინი შემწეობას ვეღარ მიიღებენ.
თბილისის მერი ოჯახის წევრების სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან სამი მათგანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. გიგი უგულავამ ქავთარაძეებს დახმარება აღუთქვა.
მერიის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე თვეში 16 000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სარეიტინგო ქულა შეუცვალა, რის გამოც მათ შემწეობების მიღება შეუწყდათ. "
ამ ოჯახების ნაწილი რეალურად სარეიტინგო ქულების გადახედვას ექვემდებარებოდა, მაგრამ განხორციელებული ცვლილებით, დღეს თბილისში ათასობით ოჯახი, რომელთათვისაც ამ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. შემწეობების შეწყვეტის შემდეგ, თბილისის მერიას დახმარების მისაღებად ასობით სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მომართა", _ აღნიშნულია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.