გიგი უგულავა - ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა

გიგი უგულავა - ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა

ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა. დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ ხალხს დანაპირები შეუსრულოს , - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე განაცხადა.

უგულავამ აქციის მონაწილეებს მიმართა, გაამხნევა და განმარტა, რომ "ყველაფერი კარგად იქნება"

"დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ბედნიერი ვარ. მინდა გაგამხნევოთ ყველანი და გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. წინ კიდევ ბევრი განსაცდელი გველის. ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობა. დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გამარჯვებულმა პარტიამ ხალხს დანაპირები შეუსრულოს. რომ მივაღწიოთ სამოქალაქო თანხმობას, რომ ის ბურუსი, რომელიც ქვეყანას თავს ახვევია, გაიფანტოს, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუსწოროთ თვალი, რომ ჩავკიდოთ ხელი და სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, ქვეყანა განსაცდელშია არა იმიტომ, რომ ბრალი წარედგინა, არამედ იმიტომ, რომ ოპონენტების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"მე მზად ვარ, წარვდგე მართლმსაჯულების წინაშე. ეს არ არის ჩემი პირადი ამბიციის საკითხი. მე თქვენ დამიჭირეთ მხარი არჩევნებზე. დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ანთებული თვალებით გხედავთ. არ მაქვს უფლება უკან დახევის. ამ ბრძოლაში ბევრმა ადამიანმა ზურგი გვაქცია. შეიძლება ბევრი მართალიც იყო. არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ყველა კუთხეში მართლები ვიყავით, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის არასდროს გვიღალატია. ჩვენ არ უნდა დავუთმოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ ერთად, ხაზს ვუსვამთ, მათთან ერთად, რადგან ისინი გამარჯვებულები არიან, უნდა ვაიძულოთ მთავრობა, რომ შეასრულოს, რასაც ხალხს შეპირდა", - აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ახალმა მთავარობამ უნდა გააცნობიეროს, რომ უნდა იყვნენ უკეთესები.


"ეს არის ჩვენი ამოცანა და დღეს ეს ამოცანა გაცილებით დიდია, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლებაში ვიყავით. ჩვენ დღეს უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მთავრობის კარგს დააფასებს, ცუდს კი არ აპატიებს", - დასძინა უგულავამ.