კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მიმართ ბრალდების წარდგენას პოლიტიკურ ტერორად აფასებს და აცხადებს , რომ ეს ახალი მთავრობის მიზანმიმართული კამპანიაა. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან განუცხადა, სადაც ის უგულავას მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მიზნით მივიდა.
"დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არიან გადაქცეულები, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური ტერორია, როცა კოდექსის კონკრეტული მუხლების მითითების გარეშე, სრულიად აბსურდულ საქმეზე ლაპარაკობ და ბრალდებას უყენებ მილიონიანი ქალაქის არჩეულ მერს, ესაა მიზანმიმართული კამპანია", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობამ ოპონენტების დევნა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისთვის მიცემულ საკუთარ დაპირებებს ვერ ასრულებს.
"ბუნებრივია, იმ პირობებში, როცა ივანიშვილი ვერ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, როცა დენის და გაზის ტარიფი არ არის განახევრებული, ბენზინის ფასმა მოიმატა, სოციალურად დაუცველი 16 000 ადამიანი კი, სიიდან საერთოდ ამოყარეს, ამ ფონზე მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა ოპონენტების მიმართ ასეთი ტერორის განხორციელებისა", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
გიგი უგულავა დღეს საგამოძიებო სამსახურში, 14:00 საათზეა დაბარებული, სადაც ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" საქმეზე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.