დედაქალაქის მერის მეუღლე ლელა კილაძე გიგი უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს. "მე ვერაფერს გეტყვით. რამდენიმე წუთში აქ თვითონ გიგი მოვა, დაკითხვაზე შევა და თავად გააკეთებს განცხადებას", - განუცხადა კილაძემ ჟურნალისტებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან უგულავას მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
აღსანიშნავია, რომ მიტინგზე ამ დროისთვის უგულავას რამდენიმე ასეული მხარდამჭერია შეკრებილი, მათ შორის, პოლიტიკოსების გარდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანის, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ის მეგობრის მხარდასაჭერად მოვიდა.
"ვფიქრობ, რომ გიგი უგულავა არის ერთ-ერთი ადამიანი ჩემს ნაცნობებს შორის, რომელსაც ყველაზე სუფთად უცხოვრია", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
ამასთან, საგამოძიებო სამსახურთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, მათი რაოდენობა კიდევ იზრდება.